ავთანდილ კახნიაშვილი: 5 კითხვა პრეზიდენტობის კანდიდატებს
არჩევნების პირველი ტურის წინ საქართველოს მე-5 პრეზიდენტობის 5 ყველაზე რეიტინგულ („გაპიარებულ“) კანდიდატს გაზეთ „რეზონანსის“ მეშვეობით (22.10.2018) სულ 5 კითხვა დავუსვი.
მაინტერესებდა, ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების შემთხვევაში, რამდენად კანონიერად და გონივრულად აპირებდნენ თუნდაც რამდენიმე საშინაო პრობლემის მოგვარებას. ვინაიდან პასუხი არც ერთმა არ გამცა, საარჩევნო ბიულეტენში ბოლო ნომრად მითითებული, მაგრამ ნამდვილად ყველაზე ღირსეული კანდიდატი (ბატონი თემურ შაშიაშვილი), შემოვხაზე.
ამჯერად, თითქმის ერთნაირი შედეგით მეორე ტურში გასულ კანდიდატებს, რომლებიც თითოეული დამატებითი ხმისთვის ძალისხმევას არ იშურებენ, საარჩევნო შტაბებში მივაკითხედა იმავე 5 კითხვაზე პასუხის გაცემის გამარტივებისთვის (პრობლემების ჯეროვნად გააზრებისთვის) თითოეულს მცირე კომენტარიც დავურთე. იმედი მაქვს, ეხლა მაინც მოიცლიან რიგითი ამომრჩევლის წერილობით მიმართვაზე საპასუხოდ, ვინაიდან ქვემოთ მოყვანილ საკითხებზე პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიცია მათი მხარდამჭერებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო და დანარჩენ მოქალაქეებსაც დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში:
1. რატომ არის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრძანებულ ყველა (20-ზე მეტ) ხატზე, ასევე, თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზე, მხედარი მარჯვნივ მიმართული, ხოლო დღევანდელ ე. წ. სახელმწიფო გერბზე მარცხნივ?!
ფაქტია, რომ პარლამენტის 1999 წლის დადგენილების თანახმად, სახელმწიფო გერბი „კვართიან-დავითიანი” უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალი გერბი „ნაციონალურმა” პარლამენტმა 2004 წელს სპეციალური კომისიის დასკვნის გარეშე მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი მასში კორექტივები შეიტანა... ამასთან, ჰერალდიკური ნიშნის მიმართულების ცვლილება მის შინაარს დიამეტრალურად ცვლის. შესაბამისად, მაგ., სიკეთის აღმნიშვნელი სიმბოლო შემოტრიალების შემდეგ უკვე ბოროტებად აღიქმება, მტერს გამოდევნებული (გამარჯვებული) მხედარი მიმართულების შეცვლით დევნილი (დამარცხებული) ხდება, ხოლო მობრუნებული კანონიერების სიმბოლო უკვე უკანონობას აღნიშნავს...
2. რა შინაარსით გესმით „ქართული” ხუთჯვრიანი დროშა (პარტიულია, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური) და თვლით თუ არა, რომ ძირითადი სახელმწიფო სიმბოლოს დასადგენად კონკურსი უნდა გამოცხადდეს, პროექტების თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ხოლო საბოლოო სახე ორგანული კანონით დადგინდეს.
ფაქტია, რომ ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომლის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას „უპირველესი სიმბოლოს” ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ შეუძლია. არსებული სახის ხუთჯვრიანი დროშა კი პირველად „მოქკავშირის” ღონისძიებებზე გამოჩნდა („იერუსალიმის ჯვარი” სრულიად სხვა ფორმისაა...). მიშა შადრევანიანმა ის „ნაცმოძრაობის” სიმბოლოდ აქცია და დავით აღმაშენებლის დროშად „მონათლა”, ხოლო გიორგი ვეტომდებელი მას „სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულად” თვლის. ამასთან, ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ გამოფენილი „სახელმწიფო დროშა” და პრემიერ-მინისტრის მკერდზე მიმაგრებული „საიდენტიფიკაციო ნიშანი” აშკარად არსებითად განსხვავდებიან კანონმდებლობით დადგენილი „სტანდარტული ზომისა და ზუსტი გამოსახულებისგან”...
3. მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაციონალიზაცია და სპეციალური (ფაქტობრივად, ანტიკორუფციული...) კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში განხორციელებულ პრივატიზაციასაც?
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით „საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია”, ფაქტია, რომ ქართველი ერის სამარადჟამო სამკვიდრებელისა და სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელთა საკუთრებაში აღმოჩნდა. დღემდე, აზერბაიჯანს და სომხეთს მთელ პერიმეტრზე მავთულის ღობითაც კი ვერ გავემიჯნეთ და უშუალოდ ე. წ. სასაზღვრო ზონაშიც აქტიურად მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების „მეზობლებზე” გადაფორმება...…
4. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ამოსაღებია მე-4 მუხლი (ახალ რედაქციაში 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ), რომლის თანახმად, „შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი”, თუ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩათვლით, რომ დადგა „შესაბამისი პირობები” ორპალატიანი პარლამენტის ასარჩევად, ანუ, ფაქტობრივად, საქართველოს ყოფილი იუგოსლავიის მსგავს ფედერაციულ სახელმწიფოდ მოსაწყობად?
5. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება”,ხომ არ მიგაჩნიათ, რომ „სამართლიანობის აღდგენა” მოითხოვს გასამართლდნენ საქართველოში „აჯანყება-რევოლუციების” და შიდაშეიარაღებული კონფლიქტების ორგანიზატორები, ამასთან, ჩამოერთვათ მათ და მათთან დაკავშირებულ პირებს ის დაუსაბუთებელი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც კორუფციის (თანამდებობის პირად ინტერესებში გამოყენების) გზით დააგროვეს?
არ მგონია, კითხვები რთული იყოს. პირველი ორი, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოს ისტორიასა და მარჯვენა–მარცხენას თაობაზე ითხოვს ელემენტარულ გათვიცნობიერებას, ხოლო დანარჩენი სამი კი ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებს ეხება.
იმედი მქონდა, ზემოაღნიშნული კითხვებით ჟურნალისტები მაინც დაინტერესდებოდნენ და პრეზიდენტობის კანდიდატებს დაუსვამდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფო სიმბოლოების ან ქართული მიწის განიავების საკითხი უმნიშვნელოდ მიაჩნიათ და მხოლოდ იმ თემების გასაშუქებლად იწვევენ „ილიაუნისა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „ექსპერტებს“, რომლებსაც უცხოეთიდან დაფინანსებულიე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ აქტუალურად...
სხვათა შორის, საქართველოს კონსტიტუციაში „ნაციონალურ ინტერესებში“ ცვლილება რომ არ შეეტანათ, პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნულიყო, ვინაიდან პირველ ტურში ამომრჩეველთა უმრავლესობა (53%-ზე მეტი) საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდა („ხელისუფლების წყარომ“ – ხალხმა საპრეზიდენტო არჩევნებს, ფაქტობრივად, ბოიკოტი გამოუცხადა...). აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მეორე ტურის ბიულეტენი „ყველას წინააღმდეგ” ხმის მიცემის შესაძლებლობასაც რომ ითვალისწინებდეს, საპრეზიდენტო არჩევნებში გაცილებით მეტი მოქალაქე მიიღებდა მონაწილეობას და ორივე კანდიდატის წინააღმდეგ მისცემდა ხმას... მითუმეტეს, წინასაარჩევნო კამპანია „ანტირეკლამაზეა“ აგებული, რის შედეგადაც მედია და ბილბორდები ორივე კანდიდატის, ფაქტობრივად, მხოლოდ ნეგატიურ მხარეებს წარმოაჩენენ.
არადა, განვითარებულ ქვეყნებში (მაგ., შვედეთი, ბელგია, ფინეთი, პოლონეთი, ესაპანეთი და სხვა) არსებობს ასეთი გრაფა და ყველას წინააღმდეგ ხმის მიმცემები არჩევნებში მონაწილეებად ითვლებიან (ჩვენი კანონმდებლობით, თუ ორივე კანდიდატი გადახაზული აღმოჩნდა ბიულეტენი ბათილად ითვლება...). რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც კი აღიარა „ყველას წინააღმდეგ” ხმის მიცემის უფლება, თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა (ცხრავე მოსამართლემ) გასულ წელს შეტანილი ანალოგიური სარჩელი (N871) განსახილველად არ მიიღო (საგულისხმოა, რომ მოსარჩელეები, სამართლისა და ეკონომიკის დარგში აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერები, სხდომაზე არ მიიწვიეს...), რითაც, ფაქტობრივად, წაახალისა არჩევნების შედეგებით მანიპულირება...