ვინ როგორ ახარებს „საკუთარ ჭიას“, ანუ პრემია-სიგელ-გუჯრებით განებივრებული ქართული „ლიტბომონდი“!
უძაღლო ქვეყანაში, სადაც მხოლოდ კატები ყეფენ, ყველაფერი ყირაზეა დაყენებული - არეულია მტყუან-მართალი, სიყვარული სიძულვილმა დაჩრდილა, თანაგრძნობამ და თანალმობამ ასპარეზი აგრესიულობას დაუთმო, ხოლო უნიჭობის ზეობის ფონზე ნიჭიერება სადღაც დაიმალა და გატრუნულია. თითქმის ყველა ერიდება სიმართლის თქმას. სიმართლის მთქმელს, თუკი ისიც აქა-იქ გამოერია, ცრუ ბრალდებებისა და შეურაცხყოფის კასკადი არ აცდება და სასაფლაოსაც თვალისდაუხამხამებლად გაუთხრიან!
ადამიანები ნამდვილად მიეჩვივნენ ცრუ რეგალიებს, საიდანაც ცრუ „დიდებამდე“ ძალიან მოკლე მანძილია - დაიკარგა ზღვარი ჭეშმარიტ და ყალბ სიტყვას შორის: ყველას ყველაფერი ეადვილება, საბოლოოდ კი ვღებულობთ ნაგავს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რომლის გატანა, თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, გაგვიჭირდება, რადგან, ამ ნაგავს უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე ნიჭთან და ჭეშმარიტებასთან წილნაყარ სიტყვას (ისიც აქა-იქ გამოკრთება ხოლმე)...
რამდენიმე თვეა თავს ვიკავებ საკუთარი აზრის გამოთქმისგან, რაც ჩვენს ლიტერატურულ სივრცეში ხდება, მაგრამ თავხედობამ ისეთი შეუქცევადი ხასიათი მიიღო, გაჩუმება ნამდვილად არ ეგების!
ალბათ, კარგა ხანი გაგრძელდებოდა ჩემი დუმილი, რომ არა ნიჭიერი კალმოსნის, ქალბატონ ნონა ფიფიას გუშინდელი კრიტიკული (უფრო სწორად, მოკრძალებულად კრიტიკული) სტატუსი, სადაც ყურადღებას ამახვილებს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დამკვიდრებულ მარაზმზე _ შოუთი გაჯერებულ და უნიჭოდ ჩატარებულ პრეზენტაციებს რომ თავი დავანებოთ, ახლა „მოდაში“ შემოვიდა სასაცილომდე დასული ე.წ. ლიტერატურული კონკურსები და „გამარჯვებულთა“ სახელობითი პრემიებით დაჯილდოება.
ძალადპოეტებს და ძალადმწერლებს ვინ ჩივის, ამ სამარცხვინო მარათონში მეტ-ნაკლებად ცნობილი კალმოსნებიც ჩაერთვნენ და სოციალურ ქსელში თვითმარქვია კონკურსმეიკერების მიერ ნაბოძებ ჯოლდო-სიგელებს აფრიალებენ. მე ნამდვილად მრცხვენია მათი ასეთი ამჩატების გამო.
ზოგადად კონკურსების ჩატარების წინააღმდეგი არ ვარ. პირიქით, კონკურსი, თუ იგი მიზანმიმართულად ტარდება და ამ ღონისძიებისთვის საჭირო ყველა ნიშან-პირობას აკმაყოფილებს, გარკვეული სტიმულიც კია კალმოსნებისთვის, რადგან, საქმე გვაქვს ჯანსაღ კონკურენციასთან, ანუ შეჯიბრებითობასთან...
როგორც წესი, ლიტერატურაში შეჯიბრი მდარესა და კარგს, ან მდარე, საშუალოსა და კარგს შორის ტარდება ხოლმე და მას, როგორც წესი, პროფესიონალი და ობიექტური ადამიანები აფასებენ. მაგრამ, როცა შეჯიბრი ფორმალურია და მითუმეტეს, იგი მდარესა და საშუალოს შორის ტარდება, იქ ჭეშმარიტის, ან ჭეშმარიტთან მიახლოებულის შერჩევა შეუძლებელია! მაშინ, რა აზრი აქვს ასეთ გულისამრევ კონკურსებს, ან ვინ მისცა მავანს და მავანს უფლება ქართველი კლასიკოსების პრემია-ჯილდოები არიგოს „უპრაგონოდ“ და ამით ჩრდილი მიაყენოს ჭეშმარიტი სიტყვის ოსტატების შემოქმედებას?!
ისე არიგებენ ვაჟას, ილიას, ტატოს, აკაკის, გალაკტონის, ანას, რეზოს (ინანიშვილი) პრემიებს (კიდევ კარგი, რუსთაველს ხშირად არ აწუხებენ!), გეგონება, საქართველოში ჯერარგაგონილმა მუზამ იფეთქა და ლამისაა „წალეკოს“ ქართული ლიტერატურული სივრცე.
კიდევ კარგი, არასდროს მქონია პრეტენზია ანალოგიურ კონკურსებში მონაწილეობაზე, თორემ, აშკარად შურიანობას დამაბრალებდნენ.
არა ბატონებო, არც არავისი მშურს და არც მომავალში შემშურდება. მე უფრო ქართული ლიტერატურის მომავალი მაწუხებს. აქ უკვე არ გამოდგება ფორმულა: ყველაფერს დრო გადააფასებს. დრო მაშინ გადააფასებს, როცა გადამფასებელი არსებობს, თორემ, დღევანდელი რეალობის შემხედვარე, როცა ქართული ლიტერატურული კრიტიკა ფაქტიურად დადუმებულია (ვისაც ხელეწიფება ან საეჭვოდ დუმს, ან მხოლოდ დითირამბებითაა დაკავებული), მეეჭვება, ხვალ ქართულ სიტყვას ჭეშმარიტი გულშემატკივარი გამოუჩნდეს, რადგან, ძლიერად იკიდებს ფეხს უნიჭო „ქმნილებები“, რაც აზიანებს მკითხველის გემოვნებას. მეტიც, აჩვევს ამ უნიჭობას! შემფასებელი კი მომავალშიც არ იქნება, რადგან, მდარე ხარისხის ნაწარმოებები ობიექტურ რეალობად არის (იქნება) აღქმული.
ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ პროფესიულ ორგანიზაციებს მხოლოდ სახელწოდება შემორჩათ. მიუხედავად იმისა, რომ მეც გახლავართ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს კავშირის მმართველ ორგანოში, უნდა ვაღიარო: სამწუხაროდ, იგი ვერ ასრულებს თავის პირდაპირ ფუნქციას (ამ თემაზე კომპლექსურად მოგვიანებით ვისაუბრებ). ეს რომ ასე არ იყოს, თვითმარქვია პოეტები და კალმების „სვითოები“ ასე არ გაჯეჯილდებოდნენ - არც წყალწყალა კონკურსები ჩატარდებოდა და არც სახელობითი (თან არ იჯკითხავთ, ვისი სახელობის პრემიებს ეთამაშებიან?!) პრემია-სიგელ-გუჯრები დარიგდებოდა უთავბოლოდ!
ისე არავინ გამიგოს, რომ სიგელებისთვის და პრემიებისთვის საჭირო ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა ქაღალდები მენანება. უბრალოდ, გული იმაზე მტკივა, რომ ყველაფერი გავაუფასურეთ და ოდესღაც ღრმა და საკაცობრიო მნიშვნელობის ქართული ლიტერატურა ცრუ მოკალმეთა ამარა დავტოვეთ!
ასე გაგრძელება არ შეიძლება!!!
P.S. ერთმა ჩვენთვის ღრმადპატივსაცემმა ქალბატონმა, რომელიც თვითონაც წერს ლექსებს, მაგრამ ცრუ პომპეზურობით არ გამოირჩევა, მირჩია: თავი დაანებე, თავიანთი ჭია გაახარონო.
მე კი დავანებებ თავს, მაგრამ, ჭიის გასახარებლად მათი „ორგანიზმი“ არ მემეტება, რადგან, ჭია ფიტავს და საბოლოოდ ანადგურებს ადამიანის ორგანიზმს. ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით.
ისიც გავითვალისწინოთ, რომ ყველა პოეტი და მწერალი ვერ იქნება და არც უნდა წავეპოტინოთ ცრუ კალმოსნის შარავანდედს.
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი