სამართლიანობის აღდგენა პარლამენტიდან უნდა დაიწყოს!

სამართლიანობის აღდგენა პარლამენტიდან უნდა დაიწყოს!

25 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა დაიწყო. მორიგი სხდომა 2019 წლის პირველ თებერვალს ჩაინიშნა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზეა განთავსებული და შთამბეჭდავ შენობაში კანცელარიაც გამართულად მუშაობს (მაგ., უპრობლემოდ იღებს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შესულ განცხადებებს), პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილი ჩემი სარჩელები (#3/684-17, 31.01.2017; #3/2938-17, 24.04.2017; #3/5029-17, 19.07.2017) თბილისის საქალაქო სასამართლოდან, რატომღაც, ქუთაისში გადაიგზავნა და თაროზე დიდი ხნით შემოიდო... 

 

 

არადა, სწორედ აღნიშნული სარჩელების განხილვის შედეგადაა შესაძლებელი განხორციელდეს „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის გონივრული განმარტება და მისი არსის დაზუსტება. აგრეთვე, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შედარებით მკაფიო კრიტერიუმები „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტისა" და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად. ამასთან, გარდა იმისა, რომ აუცილებელია, ე. წ. მესამე ხელისუფლებამ პოლიტიკოსებს განუმარტოს, რომ არ შეიძლება კონკურსების (მითუმეტეს, თუ სასამართლოს ეხება) კანონმდებლობის დარღვევით ჩატარება, თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ სანამ არსებობს ეჭვი თანამდებობებზე მათი გამწესების კანონიერებაში, მათი მონაწილეობა არსებითი მნიშვნელობის მქონე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია!

 

მივიჩნევ, რომ როდესაც პოლიტიკოსები და მათ მიერ საჯარო სამსახურში დასაქმებული იურისტები არასწორად განმარტავენ კანონს და/ან არაგონივრულად ახდენენ სამართლის ნორმების შეფარდებას, სწორედ სასამართლოა ვალდებული ერთმნიშვნელოვნად განსაზღვროს სადაო იურიდიული ტერმინებისა და ინსტიტუტების მნიშვნელობა, აგრეთვე, უზრუნველყოს პრაქტიკაში სამართლის ნორმების მიზნობრივი დანიშნულებით და გონივრული გამოყენება, რაც სავსებით შეესაბამება „ევროსტანდარტებს” და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტებს. 

 

მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად კანონმდებლობის აშკარა დარღვევით გამწესებულ პირებს, რომლებიც კანონით განსაზღვრულ ვადაში შეტანილი სარჩელების განხილვის გაუმართლებელი გაჭიანურების გამო, დღემდე მონაწილეობენ მოსამართლეების უვადოდ გამწესების კენჭისყრებში... 

 

მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ კანონმდებლობის დარღვევით სწორედ ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სახელმწიფოს საკანონმდელო ორგანო ატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსებს, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება კონკურსის პირობებს, რაც, სავსებით შესაძლებელია, ობიექტური გარემოებითაც (კანონმდებლობაში „გაპარული ხარვეზებით”...) იყოს განპირობებული. 

 

მართლაც, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ორიენტაცია სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებასა და ევროპულ ფასეულობებზე (ანუ, ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობაზე!) ავიღეთ, კანონმდებლობის ხშირი ცვლილებებისა და გაუაზრებელი „იმპლემენტირების” გამო, არა მარტო ცალკეული ინსტიტუტის, არამედ, ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი იურიდიული ტერმინის არსის დადგენაც და გონივრული განმარტებაც, შეიძლება, თვით „სამართლებრივი რეფორმების მამებსაც” კი გაუჭირდეთ, მაგრამ სახელმწიფოში ის მაინც ხომ უნდა განისაზღვროს მკაფიოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს რა მოეთხოვება?!

 

აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებული აქტუალობა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროის განვითარებულმა მოვლენებმა შესძინა, როდესაც მეტად ბუნდოვანი კრიტერიუმებით პარლამენტის მიერ თანამდებობებზე გამწესებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, გაურკვეველი პროცედურებით (ფაქტობრივად, თვითნებურად...), უკვე თვითონ არჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს... 

 

ლოგიკურია, როდესაც სახელმწიფოს უზენაესი კანონის თანახმად, „ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს” (მუხლი 44.1), რიგით მოქალაქეებს თუ არა, საჯარო სამსახურში (მითუმეტეს, პარლამენტში...) დასაქმებულ იურისტებს ხომ მაინც უნდა ესმოდეთ სახელმწიფოში მოქმედი სამართლის ნორმების არსი, რათა არამართლზომიერი ქმედებებისა და შესაძლო პასუხისმგებლობის „განჭვრეტა” შეძლონ. ამასთან, სანამ თავად პარლამენტი პარლამენტის მიერვე მიღებულ სამართლის ნორმას გამოიყენებს, ხომ უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა ამ ნორმის არსის თაობაზე ან თუნდაც იმ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ, რომელთა დარეგულირებას აღნიშნული ნორმის გამოყენებით აპირებს?!

 

იმ შემთხვევაში კი, თუ კანონმდებელს არ გააჩნია რაიმე არსებითი პრობლემის ან თუნდაც შედარებით უმნიშვნელო საკითხის მოწესრიგების „პოლიტიკური ნება”, ხოლო აღმასრულებელს _ საამისო უნარი, სწორედ მოსამართლე უნდა იყოს ის დამოუკიდებელი „მესამე ხელისუფალი”, ვინც კონსტიტუციაში ასახული მიზნების და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებების არსის გათვალისწინებით, გონივრულად (ლოგიკურად) განმარტავს სადაო ტერმინებს და მათში მკაფიო სამართლებრივ შინაარსს ჩადებს. კერძოდ, თუ დამოუკიდებელ საქართველოში საკანონმდებლო ორგანო დღემდე მკაფიოდ ვერ ჩამოყალიბდა, არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობა სასამართლოებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს მოეთხოვება, თუ მის წარმდგენ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციას, სასამართლო ხელისუფლებამ ხომ მაინც უნდა განსაზღვროს ერთმნიშვნელოვნად ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, ჩატარდება კონკურსები და იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეალურად დაკომპლექტდება სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტებით და არა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, იუსტიციის მინისტრის, პრემიერ-მინისტრის ან, თუნდაც პრეზიდენტის „ფავორიტებით”. 

 

ამდენად, ვინაიდან კანონმდებელმა ეს დღემდე ვერ მოახერხა, ხარვეზი სასამართლომ უნდა გამოასწოროს და დროულად განმარტოს, რა იგულისხმება მაგ., „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტში ან პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-3 პუნქტში. რის საფუძველზე, დაზუსტდება, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს იუსტიციის საბჭოს წევრი _ „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი". შესაბამისად, ქუთაისში „დასაწყობებული” სამივე საქმე მილიონამდე საქართველოს მოქალაქის მიერ არჩეულ პარლამენტს, მის მიერ სამართლის ნორმების არაგონივრულ განმარტებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად `სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტების” გამწესების კანონიერებას, ანუ, ფაქტობრივად, საჯარო ინტერესებს ეხება. 

 

ყველა შემთხვევაში, მომავალს მაინც იმედის თვალით ვუყურებ და საქართველოს პარლამენტთან ჩემს დავასაც, ფაქტობრივად, მოგებულად მივიჩნევ, ვინაიდან, სარჩელები დაუსაბუთებელი რომ ყოფილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგია აქამდე მეტყოდა უარს პარლამენტის მიერ ჩატარებული კონკურსების ბათილად ცნობაზე... ვინაიდან, სარჩელები ქუთაისში გადაიგზავნა, მოსამართლეც რამდენიმეჯერ შეიცვალა და განხილვის დაწყებაც გაუმართლებლად გაჭიანურდა, როგორც ჩანს, პარლამენტშიც გაიაზრეს საქმიანობაში, რბილად რომ ვთქვათ, „გაპარული შეცდომები” და შეეცადნენ მაქსიმალურად შეეფერხებინათ სარჩელების განხილვა. 

 

აშკარა გახდა ისიც, რომ მსგავსი ტიპის სარჩელების განსახილველად (როდესაც მნიშვნელოვან თანამდებობაზე გამწესების კანონიერება ხდება სადავო) განსაკუთრებული პროცედურაა დასადგენი. ფაქტია, რომ არც თბილისის საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს ჩემი შუამდგომლობები სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმის განხილვის დასრულებამდე, კანონდარღვევით გამოცხადებული კონკურსების ან არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, რის გამოც ისინი უპრობლემოდ მონაწილეობენ კენჭისყრებში (მაგ., უვადოდ ამწესებენ მოსამართლეებს ან არჩევენ უზენაესი სასამართლო წევრობის კანდიდატებს…)... ამდენად, გონივრულად მიმაჩნია, სარჩელის შეტანისთანავე ავტომატურად შეჩერებულიყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტების მოქმედება და/ან, ისევე, როგორც საარჩევნო დავების შემთხვევაში, სარჩელები მაქსიმალურად მოკლე ვადაში განხილულიყო (თუნდაც, არასამუშაო საათებში). ამასთან, ულოგიკოდ მიმაჩნია, როდესაც პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს პირველი ინსტანციის მოსაამართლეები იხილავენ, ისევე, როგორც მოქალაქისა და სასამართლოს თავმჯდომარეს შორის დავას (თუნდაც საჯარო ინფორმაციის თაობაზე) იმავე სასამართლოს მოსამართლე არ უნდა წყვეტდეს.

 

არაერთგზის სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების შედეგად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამივე საქმეზე მოსამზადებელი სხდომები ერთ დღეს, 25 დეკემბერს, გაიმართა. პარლამენტის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში დამხვდნენ, ხოლო სასამართლოს მიერ მესამე პირად ჩართულმა იუსტიციის საბჭოს წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ უწყებები ჩაბარებული ჰქონდათ, როგორც ჩანს, ვერ „მოიცალეს“... ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ სამივე საქმე გააერთიანა და საქმის განხილვა 01 თებერვალს 14 საათზე დანიშნა. 

 

ამდენად, სასამართლოს მიეცა შანსი აღადგინოს სამართლიანობა, მე კი ჩემს ლამაზ ქუთაისში კიდევ ერთხელ მომიწევს სტუმრობა. იმ გარემოებასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის ადგილიც გაცილებით გონივრულად შეურჩევიათ და ნათელი სხდომათა დარბაზებიც სასამართლო ხელისუფლებისადმი პატივისცემის გრძნობით განგაწყობს. თბილისში კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2005 წლის 5 მაისს ნაუცბათევად გახსნილი 5 სართულიანი შენობის სხვენშია დღემდე განთავსებული და ბნელ ოთახებში შეყუჟულ მოსამართლებსაც აშკარად უჭირთ „სამართლებრივ წყვდიადის” დაძლევა („სამართლინობის აღდგენა”). 

 

 

ქუთაისში ჩასული იმანაც გამახარა, რომ სახელმწიფოს იურისდიქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ ვრცელდება... აშკარად ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ აღმართული დროშა განსხვავდებოდა კანონმდებლობით დადგენილი ე. წ. სახელმწიფო დროშის გამოსახულებისა და ზუსტი აღწერილობისგან…(სავარაუდოდ, პოლიტიკური გაერთიანების, „ნაციონალური მოძრაობის” დროშა იყო გამოფენილი, რომელშიც დიდი ჯვარი გაცილებით ვიწრო ზოლებით არის გამოსახული). აღნიშნული მორიგი „ტექნიკური ხარვეზის” აღმოსაფხრელად პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მივმართე. მადლობა, ოპერატიული რეაგირებისთვის! კარგი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევი კონკურსების მიმართაც გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე აღდგენილიყო სამართლიანობა. 

 

 

ამდენად, როგორც ხედავთ, ისევ ვცდილობ, მოკრძალებული წვლილი შევიტანო საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებასა და ტოტალიტარიზმის დროინდელიდან მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნა და/ან აბუჩად აგდება) დაძლევაში. 

 

ავთანდილ კახნიაშვილი,

სამართლის დოქტორი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: