ევტიხი ჟვანია - თბილისის კოლორიტი და უნიკალური ფოტოხელოვანი

ევტიხი ჟვანია - თბილისის კოლორიტი და უნიკალური ფოტოხელოვანი

საქართველოში ფოტოხელოვნების განვითარება,  XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე უნიჭიერესი ქართველი და საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი ფოტოხელოვანების დამსახურებაა. 

 

ქართველ ფოტოგრაფთა კოჰორტას მიეკუთვნება გამორჩეული პიროვნება - ევტიხი ჟვანია (1890-1975). მან დიდი როლი ითამაშა ქართული ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის, განვითარებაში საქმეში. 

 

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ მე-19 საუკუნეში საქართველოში პირველი ფოტოგრაფები, ძირითადად, ეთნიკურად არაქართველები იყვნენ. იგი ერთ-ერთი მათგანის - ნიკოლოზ გაიდაბურას მოსწავლე ყოფილა. 

 

ევტიხი ჟვანიას ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 1906 წელს, 16 წლის ასაკში იგი თბილისში ფოტოგრაფ სამუელ მიჩკინის თანაშემწე გამხდარა. შემდეგ ფოტორეპორტიორად დაუწყია მუშაობა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“. 1912 წელს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, რუსთაველის N14-ში, პირველ სართულზე გაუხსნია საკუთარი ფოტოატელიე (მეორე სართულზე იყო მისი საცხოვრებელი სახლი). აღნიშნული ფოტოატელიე რამდენიმე ათეული წელი თბილისში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ ატელიეში შესვლისთანავე ყველას ყურადღებას იპყრობდა ევტიხის მიერ დამუშავებული შოთა რუსთაველის ორმეტრიანი ფოტო. მისი ფოტოატელიეს ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის იყო, რომ ფოტოს რეტუშს უკეთებდნენ, რაც მაშინ ნოვაციად ითვლებოდა. 

 

„ევტიხი ჟვანია დიდი პოპულარობით სარგებლობდა თბილისში, როგორც ქალაქის კოლორიტი, მაღალი კულტურისა და დახვეწილი მანერების მქონე პიროვნება. რაღა არ გადაუღია ევტიხი ჟვანიას მე-20 საუკუნის ბობოქარ დღეთა მოსაგონებლად: ნანატრი, დამოუკიდებელი საქართველოს ახალი მთავრობა, დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელობა, II ინტერნაციონალის წევრთა მგზავრობა თავისუფალი საქართველოსკენ სამხედრო გზაზე, თბილისის სანაპიროს მშენებლობა და სხვა“ (თ.კაპანაძე, ევტიხი ჟვანიას 100 წლისთავის გამო). 

 

გაზეთ “სახალხო განათლებაში” (19 ივლისი, 1972 წ. N 57) ვკითხულობთ: „ევტიხი ჟვანია რესპუბლიკის უხუცესი ფოტოხელოვანია, თავისი სიცოცხლის 85 წლიდან ფოტოხელოვნებას 70 წელიწადი შესწირა. მან გადაიღო და ისტორიას შემოუნახა აკაკის, მომაკვდავი ვაჟას, კოტე მარჯანიშვილის, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის და სხვა მრავალი სასიქადულო მამულიშვილის პორტრეტი“.  

 

ევტიხი ჟვანია ასე იხსენებდა ვაჟა-ფშაველას სიცოცხლის ბოლო საათებში ფოტოს გადაღებას: „1915 წლის 27 ივლისი იყო. ძალზე ცხელოდა. ცნობილი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი იოსებ იმედაშვილი სახელოსნოში მეწვია და მთხოვა, - მთის არწივი, ჩვენი ვაჟა გვიკვდება, იქნებ რიგორმე დრო გამოძებნო და სამახსოვრო სურათი გადაუღოო. უარს როგორ ვეტყოდი. წავედით წმინდა ნინოს ლაზარეთში და სარეცელზე გაკრული გენიოსი პოეტი ფირზე აღვბეჭდე. ვაჟა ფშაველა იმ საღამოს გარდაიცვალა“. 

 

ევტიხი ჟვანიას ეკუთვნის ცნობილი ფოტო, რომელზეც ქართველი მამულიშვილები - კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი და ვახტანგ კოტეტიშვილი შავ ჩოხებში არიან გამოწყობილნი. ცნობილია, რომ ისინი დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ გლოვისა და პროტესტის ნიშნად, გარკვეული ხნით ასე დადიოდნენ თბილისის ქუჩებში, რის გამოც ახალი ხელისუფლების წყრომაც კი დაიმსახურეს. ევტიხი ჟვანიაც მათი თანამოაზრე იყო. სწორედ ამიტომ ჩაიგდო თავი საფრთხეში და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გაუქმების გაპროტესტება აღბეჭდა ფირზე. ამის გამო შეიძლება გადაესახლებინა კიდეც ბოლშევიკურ მთავრობას. 

 

მასვე ეკუთვნის  სხვა დიდი მამულიშვილების ფოტოები. ვალერიან გუნიას თხოვნით, ევტიხი ჟვანიას გადაუღია ლადო მესხიშვილის საიუბილეო საღამო. მისი გადაღებულია კოტე მარჯანიშვილის უკვდავი სპექტაკლებიდან ვანო სარაჯიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას, სესილია თაყაიშვილის, ვახტანგ ნინუას, სერგო ზაქარიაძის, ვასო გოძიაშვილის და სხვათა ფოტოები (თ. კაპანაძე, ევტიხი ჟვანიას 100 წლისთავის გამო). ევტიხი ჟვანიას ფოტოკამერამ შემოუნახა ისტორიას ქაშუეთის ტაძრის აღმშენებლის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ფოტოც.

 

მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში სპორტული ფოტოგრაფიის დამკვიდრება. გაზეთი „ლელო“ წერდა: „..ევტიხი ჟვანიას გამოჩენა სპორტულ შეჯიბრებებზე ასისტენტებთან ერთად მუდამ გვახარებდა. პატივცემულ ევტიხის ძალიან უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით ჭიდაობა, ტანვარჯიში და მძლეოსნობა. აი, ამიტომაც აღუბეჭდავს მას ასე ოსტატურად (განსაკუთრებით იმ დროისთვის, როდესაც ფოტოოპტიკა და თვით აპარატურა არ იყო სრულყოფილი) საკმაოდ დინამიკური მომენტები რბენასა, ხტომასა და ტანვარჯიშში“. 

 

„..ევტიხი ჟვანიამ შემოგვინახა ქართული დივიზიის ფეხბურთელთა გუნდის ფოტოები. ასევე, მძლეოსნების - ნებურიძის სამხტომი, ვლადიმერ დიაჩქოვის გამოსვლა ჭოკით ხტომაში, დიმიტრი მიქაბერიძის ხტომა სიგრძეზე, 400 მეტრზე რბენის ფინიში, ტანმოვარჯიშე ვასო ვერულაშვილის ასპარეზობა ღერძზე და სხვა მრავალი კადრი ქართული სპორტის ისტორიიდან.“

 

 „..სწორედ ევტიხი ჟვანია უნდა მივიჩნიოთ საქართველოში სპორტული ფოტოს მამამთავრად!“ (გაზეთი „ლელო“, 22 მაისი, 1988 წ. N 99). 

 

ევტიხი ჟვანიას ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების დამსახურებული მუშაკის წოდებაც მიანიჭეს. შემონახულია  მისი ერთ-ერთი ბოლო საიუბილეო საღამოსა და გამოფენის დეტალები: 1972 წელს გამართულ გამოფენასა და საიუბილეო საღამოს იმ დროისთვის არაერთი გამოჩენილი ადამიანი დასწრებია (აკადემიკოსები: აკაკი შანიძე და გიორგი ჯიბლაძე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე დავით ჩხეიძე და სხვ.) და სიტყვით გამოსულა. ევტიხი ჟვანიასთან მეგობრობა ყველა წრის გამორჩეული წარმომადგენლისთვის საამაყო იყო.

 

ზემოაღნიშნული მხოლოდ მცირედია ევტიხი ჟვანიას, როგორც თბილისის კოლორიტის, საზოგადო მოღვაწის, ფოტოხელოვანის დამსახურებისა და ღვაწლის წარმოსაჩენად.

 

დღემდე არ არის სათანადოდ დაფასებული ევტიხი ჟვანიას ღვაწლი, მისი მოქალაქეობრივი როლი. ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით მის შესახებ. არადა, ყოველი თაობის ვალია, ღირსეული პატივი მიაგოს სახელოვან წინაპრებს და მომავალს შეუნახოს, გადასცეს მათი გმირული, გაბედული, ან უბრალოდ, კეთილი საქმეები. როგორც ოთარ ჭილაძე ამბობს: დავიწყება დანაშაულია და მომავლისკენ სიარულის გასაგრძელებლად ჯერ წასრულში ჩასვლაა საჭირო!

 

 

ლევან ჟვანია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: