„ბოლო ჟამი“ ქართულ მწერლობაში და პანტა-პუნტით ჩამორიგებული რეგალიები!

„ბოლო ჟამი“ ქართულ მწერლობაში და პანტა-პუნტით ჩამორიგებული რეგალიები!

 

 

- რატომ კარგავ და იმტერებ ადამიანებს?! მკითხა ერთმა კეთილმსურველმა და თვალი თვალში გამიყარა.

 

კითხვა დამაფიქრებელიც იყო და არასასიამოვნოც.

 

- ნუთუ მართლა ვკარგავ და ვიმტერებ? - ცოტა ჩავფიქრდი.

 

- ცდები, მივუგე თავდაჯერებით. მე კი არ ვკარგავ და ვიმტერებ ადამიანებს, ისინი თვითონ მკარგავენ და მემტერებიან - ვუთხარი და დინჯად ავუხსენი, რას ვგულისხმობდი ამ სიტყვებში!

 

არავისი მშურს, არავის კვანტს არ ვუდებ, რომ წავაქციო და ამით სიამოვნება მივიღო, არავის იდეებს არ ვიპარავ, არც ვინმეს დაბეზღებაში ვყოფილვარ შემჩნეული, არც ვინმეს სიძულვილი და ღალატი შემიძლია!

 

მაშ, რატომ უნდა შემიძულონ და დამკარგონ?

 

ეტყობა, ფეხი ვერ ავუწყვე ეპოქას და მლიქვნელობა ვერ ვისწავლე, რომ პირმოთნეთა და ფარისეველთა რიგებში ჩავეწერო და ყალბი დიდებით გავლიო ეს წუთისოფელი.

 

მაინც რატომ შეიძლება ვძულდე ადამიანებს და რატომ მემტერებიან ისინი? მიზეზი მარტივია - არ მოსწონთ, როცა სიმართლეს ვეუბნები და ხშირად ვამხელ კიდეც!

 

რას ვიზამთ, მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ, რისი შეცვლაც შეუძლებელია, ვერ ვცვლი...

 

 

* * *

დაახლოებით ორი წლის წინ, ჩემთან ერთი ახალგაზრდა ქალბატონი მოვიდა და ლიტკონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობა მთხოვა. გულწრფელად გითხრათ, არ მიყვარს ფორმალური კონკურსები, მაგრამ, როცა თავისი პირობები გამაცნო, მომეწონა და ერთი პირობით დავთანხმდი - ჟიურის შემადგნელობას მე დავაკომპლექტებდი!

 

მითუმეტეს, მომხიბლა კონკურსის იდეამ - ავტორებს პატრიოტულ თემებზე შექნილი ლირიკა უნდა წარმოედგინათ. დიახ, კონკურსი საინტერესო და სხვა კონკურსებისგან განსხვავებული იყო იმდენად, რამდენადაც დღეს პატრიოტული მუხტი ლამისაა „უცხო ხილად“ იქცეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

 

საკმაოდ კომპეტენტური ჟიური დაკომპლექტდა (გიორგი კეკელიძე, მირიან ხოსიტაშვილი, როი აბუსერიძე, მაიკო მიქაია, მზია ხაჩიძე, რუსუდან გოგბერაშვილი, ზაურ ნაჭყებია). 400-ზე მეტმა ავტორმა მიიღო მონაწილეობა. ლექსები დაშიფრული იყო, ამდენად, ჩვენ ბოლომდე არ ვიცოდით ავტორთა ვინაობა, თუ არ ჩავთვლით ანგაჟირებულ თითო-ოროლა ავტორს, რომელთა „ნახელავი“ ჟიურის წევრებმა მათი გამოკვეთილი სტილით იცნეს!

 

საკმაოდ ინტენსიურად და ობიექტურად ვიმუშავეთ და სრული კონსენსუსის გზით გამოვავლინეთ საპატიო სამეული (პირველ-მეორე, მესამე ადგილზე გასულები სოლიდური პრიზით უნდა დაჯილდოებულიყო) და როგორც კონკურსის პირობები ითვალისწინებდა, გამარჯვებული ათეულიც.

 

დღემდე ბოლომდე ვერ გავარკვიეთ, ვისი მიზეზით, მაგრამ, დაჯილდოების ცერემონიალი ვერ შედგა და ფაქტიურად ბოლო წუთებში კონკურსი ჩაიშალა (რაც ყველაზე ნაკლებად იყო ჟიურის მიზეზი). ჩვენ ჩვენი საქმე პატიოსნად გავაკეთეთ. მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე  ობიექტურად ჩატარებული კონკურსი, სადაც მთავარი ყურადღება ლექსის ყველა პარამეტრის უტყუარად შეფასებაზე იყო გადატანილი. თუ რატომ ჩაიშალა კონკურსი, ეს კონკურსის ორგანიზატორების ნამუსზე იყოს!

 

 

* * *

ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება, უნდა დასწრებოდა ორიოდე დღის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარებულ მწერალთა (პროზაიკოს-პოეტთა) დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც ზუსტად იგივე სახელწოდების („ივერია“) „ქოლგის ქვეშ“ ჩატარდა. თუმცა, ამ შემთხვევაში ილია ჭავჭავაძის გაზეთი „ივერია“ იგულისხმება.

 

მე პირადად არ დავსწრებივარ დაჯილდოების ცერემონიალს (ან ვინ გამაკარებდა, რომ რამე არ წამომცდენოდა), მაგრამ, შარშან მქონდა ბედნიერება საკუთარი თვალით მეხილა, თუ როგორ არიგებენ ზებუნებრივ ტიტულებს: „საუკეთესო პროზა“, „წლის პროზაიკოსი“, „წლის საუკეთესო ნოველა“, „წლის პოეტი“, „პოეზიის დედოფალი“, „პოეზიის მეფე“... გაგრძელება ალბათ საჭირო არ არის!

 

არ ვიცი, ახალი გალაკტიონი და ანა შვა თუ არა 21-ე საუკუნემ, მაგრამ, ამდენი „საუკეთესო“ გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს „სულიერი გაბრწყინება“ სახეზეა. ეკლესიაც ხომ გვასწავლის, რომ ივერიის გაბრწყინებაში არა ეკონომიკური აღმავლობა, არამედ, სწორედ ქართველი ერის სულიერი გაბრწყინება იგულისხმება. ლიტერატურა კი ის ფენომენია, რომელიც ერის სულიერ სრულყოფას ემსახურება.

 

ნუგზარ ჭიაბერაშვილის პროექტი, რომ ნამდვილი ავანტიურაა და ქართული ლიტერატურის, ზოგადად, ქართული სულიერების დაკნინებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე დახვეწა-ამაღლებას, ამის განსჯას დიდი ანალიტიკური უნარი არ სჭირდება. იგი ისე გულუხვად არიგებს „დაფნის გვირგვინებს“ (ილიას ორდენებს), გეგონება, საქართველოში მუზამ იფეთქა და ლამისაა წაგვლეკოს!

 

მითუმეტეს, როცა „წლის პოეტს“, „წლის პროზაიკოსს“ ასახელებ, მინიმუმ, ბოლო წლის ქართული ლიტერატურა შესწავლილი თუ არა, გადათვალიერებული მაინც უნდა გქონდეს. თუმცა, რას ვერჩი ბატონ ნუგზარს, მას იდეები აწუხებს, რომელსაც კულტურის სამინისტრო სიამოვნებით უფინანსებს ქართული მწერლობის გადაგვარების მიზნით!

 

მე უფრო ჟიურის წევრების და ნომინანტების გამკვირვებია: როგორ აწერენ ხელს (ჟიურის წევრები) ასეთ აბსურდულ (სასაცილომდე დასულ) გადაწყვეტილებებს, ან როგორ არ ეუხერხულებათ ნომინანტებს იმ ჯილდოს აფიშირება, რომელიც მათ არ დაუმსახურებიათ?! ან ვინ არის ნუგზარ ჭიაბერაშვილი, ასე პანტა-პუნტით რომ არიგებს პოეზიის „მეფისა“ და „დედოფლის“ გვირგვინებს და წლის „საუკეთესო“ პოეტისა და მწერლის ნომინაციებს?! თავად ნიმინანტებმაც ხომ კარგად იციან, რომ ეს მათი გაბითურება უფროა, ვიდრე ნიჭისა და უნარის აღიარება?!

 

უდავოა, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი თავისი მოწოდების სიმაღლეზე რომ იდგეს, ასეთ უხერხულობებს ნამდვილად ავიცილებდით თავიდან!

 

ადრე, როცა მსგავსი რეპლიკა დავწერე, ერთმა ფრიად პატივსაცემმა ქალბატონმა, რომელიც ხანდახან ლექსებსაც „ეპარება“, არაორაზროვნად მითხრა: რას ერჩი ზაურ, შეარგე ეს ჯილდოები და გაიხარონო!

 

მე არაფერს ვერჩი - შეირგონ ბატონო, თუ ასეთი „ლუკმა“ მათთვის გემრიელი იქნება!

 

 

* * *

კვირას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაში ბოლო ჟამის მოახლოებაზე ისაუბრა. მისი ქადაგებიდან იკითხებოდა, რომ ჩვენ უკვე ბოლო ჟამის ეპოქაში ვცხოვრობთ და ისღა დაგვრჩენია, საკუთარი სულის გადარჩენაზე ვიზრუნოთ.

 

ალბათ, ბოლო ჟამის ნიშანია ქართულ მწერლობაში არსებული დომხალიც - უმრავლესობა, ვისაც „მუზის ჭია“ აწუხებს, იმაზე ფიქრობს, როგორ დაიმშვენოს მკერდი ჩინ-მედლებით (უკაცრავად, ორდენებით) და როგორ შეიფეროს უმაღლესი წოდებები „ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, რომელიც ბრჭყვიალა ფურცელზე ლამაზადაა ამოტვიფრული...

 

როგორც შესავალში ვთქვი, არავისი მშურს, არც განდიდების მანიით ვყოფილვარ შეპყრობილი, მაგრამ, გული მტკივა, როცა აბსურდამდე დასულ ტენდენციებს ვაწყდები. სულის გადარჩენა ჭეშმარიტი ფასეულობების ბუტაფორიებისგან გარჩევის გარეშე შეუძლებელია. არადა, ჩვენ სიყალბისა და ბუტაფორიების ტყვეობაში აღმოვჩნდით, მეტიც, ბოლომდე ჩავიძირეთ...

 

 

* * *

 

ახლახან თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პოეტის, ვასილ ბესელიას პოეზიის რჩეული გამოვეცი. ბატონი ვასილი, მიუხედავად მისი ჭეშმარიტი პოეზიის მიმართ მკითხველის სიყვარულისა, არასდროს ყოფილა პრიზებით და ჯილდოებით განებივრებული. როგორც გამომცემელმა, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელობას ვთხოვე, სათანადოდ დაეფასებინათ მისი ღვაწლი ქართული პოეზიის წინაშე. მადლობის მეტი რა მეთქმის ბატონების: ბაღათერ არაბულის, თემურ ჩალაბაშვილისა და ქალბატონ მაყვალა გონაშვილის მიმართ, რომლებმაც გამგეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით ვასილ ბესელიას გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მიანიჭეს. შეიძლება ბევრს შეშურდა, მაგრამ, არავის გაკვირვებია, რადგან, ვასილ ბესელიას ძარღვიანი პოეზია ნამდვილად იმსახურებს აღიარებას.

 

თუმცა, ზომა-წონა მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმაც უნდა დაიცვას, უფრო სწორად, დაუმსახურებელი რეგალიების ჩამორიგებისგან თავი უნდა შეიკავოს. ამჯერად უფრო შორს არ წავალ!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: