როგორ გადავარჩინოთ ქართული მწერლობა?!

როგორ გადავარჩინოთ ქართული მწერლობა?!

 

ფიქრები მწერალთა კავშირის კარს მომდგარი ყრილობის წინ

 

 

„საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის“ რეგლამენტით, ორიოდე თვეში კავშირის მორიგი ყრილობა გაიმართება. ძალიან არ მინდა ესეც მის წინამორბედს დამესგავსოს, რომელიც ერთმანეთისადმი უხამსი ანგარიშსწორების ჟინით იყო დამუხტული და არაფრით ჰგავდა შემოქმედებითი ინტელიგენციის ტრადიციულ თავყრილობას!

 

მიზეზებზე ამჯერად არ ვისაუბრებ, რადგან, ეს ეტაპი უკვე ჩავლილია, მაგრამ, ორიოდე სიტყვით ყურადღებას გავამახვილებ იმ აუცილებელ ნიუანსებზე, რომელსაც მორიგი ყრილობა უნდა დაეფუძნოს.

 

თავის დროზე რამდენიმე პუბლიცისტური სტატია მივუძღვენი თანამედროვე ქართულ მწერლობაში არსებულ პრობლემებს („სად იმალება ქართული მწერლობა?“, „რატომ ვკლავთ ქართულ პოეზიას?!“, „რატომ დუმს ქართული მწერლობა?“, „ბოლო ჟამი ქართულ მწერლობაში!“), სადაც პირუთვნელად გავუსვი ხაზი იმ არასერიოზულ (უპასუხისმგებლო) დამოკიდებულებას, რომელმაც ოდესღაც გამორჩეულ ქართულ სიტყვას თავისი არსებითი მისია დააკარგვინა!

 

დღევანდელი სტატია ამ ხაზის გაგრძელება არ არის - როგორც მწერალთა გაერთიანების  რიგით წევრს, სურვილი მაქვს საკუთარი პოზიცია ღიად დავაფიქსირო ყრილობის წინ და ვისაუბრო „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის“ წესდებაში არსებულ იმ ხარვეზებზე, რომლის გამოსწორება დიდად წაადგება ქართულ მწერლობას და შესაბამისად, მწერალთა გაერთიანების ავტორიტეტსაც აამაღლებს.

 

ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ არსებითი ხასიათის რეგულაციებზე.

 

როგორც წესდების პრეამბულაში ვკითხულობთ, არსებული კავშირი „1917 წელს მწერალთა მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ტრადიციის გამგრძელებელია“. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ამ ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე, დღევანდელი მწერალთა შემოქმედებითი კავშირი ვალდებულია სათუთად გაუფრთხილდეს იმ ტრადიციებს, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ათწლეულიდან დღემდე ქართულმა მწერლობამ მოიტანა.

 

თუ რა ტრადიციებზეა საუბარი, ეს კარგად ჩანს მე-20 საუკუნის ლიტერატურული მემკვიდრეობის ემპირიული შეფასებითაც.

 

არ შევუდგები იმის დეტალურ განხილვას, წესდებით რა ზოგადი მიზნები და ამოცანები აქვს დასახული მწერალთა შემოქმედებით კავშირს და როგორ ახერხებს იგი მინიმალურად მაინც ამის შესრულებას.

 

დავიწყებ იქიდან, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მწერალთა გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურა და ვინ შეიძლება გახდეს შემოქმედებითი კავშირის წევრი.

 

თუ წესდებაში ჩავიხედავთ, კავშირის უმაღლესი ორგანოა ყრილობა (საერთო კრება) სამეურვეო (ფედერაციული) საბჭო, ხოლო, კავშირის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი თანამდებობაა, 5 კაციანი სამდივნო, იგივე თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტი.

 

გვჭირდება თუ არა სამეურვეო საბჭო?

 

წესდების თანახმად, „ყრილობა პირდაპირ, ფარული ან ღია კენჭისყრით 5 (ხუთი) წლის ვადით ირჩევს სამეურვეო საბჭოს 35 (მიაქციეთ ყურადღება - 35) მწერლის შემადგენლობით. სამდივნოს 5 კაციანი შემადგენლობა არის სამეურვეო საბჭოს წევრი“.

 

ტერმინი სამეურვეო საბჭო, არც თუ ისე დიდი ხანია დამკვიდრდა ქართულ პრაქტიკაში. პირველად, როგორც ორგანიზაციული სტრუქტურა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩამოყალიბდა სკოლის თვითმმართველობის სახით, რომელშიც მშობლები და სკოლის პედაგოგები არიან გაერთიანებული (ამ „ინოვაციის“ ავტორად სააკაშვილის ანგაჟირებული განათლების მინისტრი ალექსანდრე (კახა) ლომაია გვევლინება). დაზუსტებით არ ვიცი, რამდენად გაამართლა სკოლებში იმ ინიციატივამ და რამდენად უწყობს იგი, როგორც საზედამხედველო ორგანო, სკოლის ნორმალურად ფუნქციონირებას, მაგრამ, რა შუაშია ეს მწერალთა შემოქმედებით კავშირთან, ნამდვილად არ მესმის.

 

სამეურვეო საბჭოს „ეფექტურობაზე“ მსჯელობა საზოგადოებრივი არხის მაგალითზეც შეიძლება, რომელიც (საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად) უფრო მუხრუჭის (ხელის შეშლის) ფუნქციას ასრულებს და წურბელასავით აზის არხის ბიუჯეტს!

 

ახლა ისევ მწერალთა კავშირის სამეურვეო საბჭოს დავუბრუნდეთ. წესდებით, სამეურვეო საბჭოს წევრებს ირჩევენ ყრილობაზე ღია კენჭისყრით 5 წლის ვადით.

 

თუ მის (საბჭოს) კომპეტენციას გადავხედავთ, ჯერ ერთი, მინიმუმამდე დადის კავშირის ე.წ. 5 კაციანი სამდივნოს უფლებამოსილება, მეორეც, 35 კაციანი სამეურვეო საბჭოს ეფექტურობა ძალიან საეჭვოა. არაეფექტურობა გამოიხატება იმაშიც, რომ საბჭოს სხდომა იმართება „სამ თვეში ერთხელ მაინც“.

 

წესდება ვერ აკონკრეტებს, რისთვის არის საჭირო 35 კაციანი სამეურვეო საბჭო და რატომ არ შეუძლია მასზე ფორმალურად დელეგირებული ფუნქციების შესრულება „ხელმძღვანელი პასუხისმგებელი თანამდებობის პირებს“?!

 

ჯერ ერთი, რა ისეთი უძრავ-მოძრავი ქონება და ფინანსური ინექციები აქვს მწერალთა შემოქმედებით კავშირს, რომ მის გასაკონტროლებლად 35 კაციანი მწერალთა „არმია“ დაგვჭირდეს?! მეორეც, თუ „ხელმძღვანელი პასუხისმგებელი თანამდებობის პირების“ საქმიანობის გაკონტროლებაზეა საუბარი, ავირჩიოთ 5 ან 7 კაციანი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც გაცილებით ეფექტური იქნება ოპერატიული მართვისა და კონტროლის თვალსაზრისით.

 

ასე რომ, როგორც ფორმალური, არაეფექტური ორგანო, სამეურვეო საბჭო უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად (თუ ამის აუცილებლობას ვხედავთ) მოქნილი, უნარიანი და ინიციატივიანი კავშირის წევრებისგან შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო უნდა ჩამოყალიბდეს!

 

კოლექტიური პასუხისმგებლობა უპასუხისმგებლობის ტოლფასია!

 

ეტყობა, თავის დროზე, მწერლებს შორის ხელოვნურად გამწვავებული ურთიერთობების მიზეზით და ვიღაც-ვიღაცების ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამიზნული ჩანაფიქრის ანარეკლია მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტის შეტანა წესდებაში, თორემ, თვით ამ თითიდან გამოწოვილი სიახლის ავტორებმაც კარგად იციან, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა უპასუხისმგებლობის ტოლფასია!

 

თავად განსაჯეთ: რა შეუძლია ერთი წლის ვადით არჩეულ თავმჯდომარეს (თანათავმჯდომარეები ყოველწლიურად როტაციის პრინციპით იცვლებიან) გააკეთოს კავშირის გაძლიერებისთვის, გარდა იმისა, მიიღოს ახალი წევრები, გასცეს პრემიები და სიგელები და როგორც მწერალთა გაერთიანების ხელმძღვანელმა საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს ლიტერატურულ ღონისძიებებზე ან სხვა ოფიციალურ შეხვედრებზე წარმომადგენლობით.

 

დიახ, ერთ წელიწადში წარმოუდგენელია დაგეგმო სერიოზული პროექტები, გახვიდე ახალ კავშირებზე საქმიან ადამიანებთან ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, შეიქმნა ავტორიტეტი, როგორც მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ.

 

პირდაპირ ვიტყვი: ყოვლად მიუღებელია (უაზრობაა) თანათავმჯდომარის ინსტიტუტის დატოვება „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის“ წესდებაში. უპრიანი იქნება, ყრილობის გადაწყვეტილებით, შეიქმნას 5-9 კაციანი გამგეობა, რომელსაც ეყოლება გამგეობის თავმჯდომარე და ერთი ან ორი მოადგილე (თავისი კომპეტენციის ფარგლებში). გამგეობის თავმჯდომარის ავტორიტეტისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ იგი ფარული კენჭისყრით აირჩიოს ყრილობამ გამგეობის შემადგენლობიდან.

 

თუ მომავალმა ყრილობამ ეს ხარვეზი არ გაასწორა და წესდებაში სათანადო ცვლილება არ შეიტანა, როგორც ბოლო ხუთმა წელმა აჩვენა, მწერალთა შემოქმედებითი კავშირი არაეფექტურ (ფორმალურ) ორგანიზაციად დარჩება!

 

ვინ შეიძლება იყოს კავშირის თავმჯდომარე?

 

დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე აუცილებლად ან შეუვალი ავტორიტეტი უნდა იყოს, რომელსაც ანგარიშს გაუწევს ხელისუფლება და ქართული ბიზნესი, ან კარგი ორგანიზატორი მაინც...

 

ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდი, ვინ შეიძლება იყოს ასეთი შეუვალი ავტორიტეტი და საერთოდ გვყავს თუ არა დღეს ასეთი ავტორიტეტები თანამედროვე ქართულ მწერლობაში, რომელთაც მწერალთა გაერთიანების ხელმძღვანელობის სურვილიც ექნება და სათანადო ფიზიკური რესურსებიც. რაც შეეხება კარგ ორგანიზატორს (დღევანდელი ტერმინოლოგიით, კარგი მენეჯერი), მწერალთა შემადგენლობიდან ასეთის მოძებნა ძალიან ძნელი რომ არ იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება - მთავარია, მწერალთა ყრილობა შეთანხმდეს თანათავმჯდომარის ინსტიტუტის არაეფექტურობაზე და პრაქტიკაში აპრობირებული სტრუქტურა (კავშირის თავმჯდომარე, თავმჯდომარეების მოადგილეები) დაამკვიდროს!

 

როგორც ზემოთ ვთქვი, კოლექტიური პასუხისმგებლობა არასდროს არ ამართლებს - მითუმეტეს, თავმჯდომარის უფლებამოსილების შესასრულებლად ერთწლიანი მონაკვეთი თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი.

 

იმედია, არსებული სამეურვეო საბჭო დღის წესრიგში განსახილველად შეიტანს ჩემი, როგორც კავშირის ერთი რიგითი წევრის  საქმიან რეკომენდაციებს და იგი სათანადო ასახვასაც ჰპოვებს წესდების პროექტშიც, რომელიც მომავალ ყრილობას უნდა წარედგინოს.

 

რატომ გახდა მწერალთა კავშირის წიგნაკი ინდულგენცია

ახალგამომცხვარი მწერლებისთვის?!

 

მახსოვს, ადრე მწერალთა კავშირის წევრობა ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო მისიად ითვლებოდა. თავისი სტატუსით, კავშირის წევრის მანდატი დეპუტატის მანდატს დიდად არ ჩამოუვარდებოდა. მითუმეტეს, იქ შემთხვევით ადამიანებს არაფერი ესაქმებოდათ. მკაფიოდ იყო განსაზღვრული მწერალთა კავშირის წევრობის კრიტერიუმებიც.

 

დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან გამარტივდა კავშირის წევრობა - ისეთ სახელებსა და გვარებს დაგისახელებენ მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრად, რომ მათ უმეტესობას არანაირი კავშირი არა აქვს ნამდვილ მწერლობასთან. თუმცა, ამაში რომელიმე კონკრეტულ თავმჯდომარეს ან თანათავმჯდომარეს ვერ დავადანაშაულებთ - დანაშაულის ნიშნები მკაფიოდ იკვეთება თვით წესდებაში, რომელიც ამბობს, რომ “კავშირის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც აღიარებს კავშირის წესდებას და რომლის „შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია  ლიტერატურული ნაწარმოები“ (ბოლო ფორმულირება, სამწუხაროდ, გაუგებარია).

 

კავშირში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, წევრობის მსურველს გამოცემული უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი წიგნი მაინც. მოდით, აქ შევჩერდეთ.

 

მწერალს (პოეტს) თუ მას მწერალთა გაერთიანების წევრობაზე აქვს პრეტენზია, მას წიგნი ნამდვილად უნდა ჰქონდეს გამოცემული, მაგრამ, წიგნსაც გააჩნია. დღეს ნებისმიერ შარლატანს შეუძლია ინტერნეტის წყალობით სხვისი აზრების კომპილაცია გააკეთოს და წიგნი გამოაცხოს. ვინ არის პასუხისმგებელი იმის დადგენაზე, რომ წიგნი მართლაც ღირებულია და როგორც ხშირად გვესმის ხოლმე, ჩვეულებრივ პლაგიატთან (ქურდთან) არ გვაქვს საქმე? ხომ შეიძლება მავანს და მავანს ხუთი წიგნი ჰქონდეს გამოცემული, მაგრამ არანაირი ლიტერატურულ-შემეცნებითი ღირებულება არ გააჩნდეს?! ვინ აკეთებს დღეს ამის ექსპერტიზას? არც არავინ. მაშინ რატომ გვყავს მწერალთა კავშირის რიგებში თვითმარქვია მწერლები და პოეტები?!

 

მტკიცედ მწამს: თუ გვინდა მწერალთა კავშირის ავტორიტეტის ამაღლებაზე ვიზრუნოთ, აუცილებლად უნდა შევიმუშაოთ კრიტერიუმები, რომლებსაც წევრობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს. უპირველესად, მწერალთა კავშირთან უნდა შეიქმნას ლიტერატურათმცოდნეთა და კრიტიკოსთა სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ლიტერატურულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ წარმოდგენილ ბეჭდურ ნაწარმოებებს (არა აქვს მნიშვნელობა,  პოეზია იქნება თუ პროზა) და მისცემენ რეკომენდაციას კავშირის გამგეობას. სწორედ აღნიშნული კომისია იქნება პასუხისმგებელი ავტორის მიერ წარმოდგენილი ბეჭდური პროდუქციის ლიტერატურულ-შემეცნებითი ღირებულების განსაზღვრაზე. რაც შეეხება წიგნის რაოდენობას, შეიძლება ერთი წიგნიც გახდეს საკმარისი, რომ მავანი და მავანი მწერალთა გაერთიანების ღირსეული წევრი გახდეს!

 

თუ ეს პრინციპი არ დავიცავით, ვერც ქართულ ლიტერატურას განვავითარებთ და ვერც მწერალთა კავშირის შერყეულ ავტორიტეტს ავამაღლებთ - უბრალოდ, კავშირის წევრობას აზრი არ ექნება და იგი უახლოეს პერიოდში ბუტაფორიად გადაიქცევა!!!

 

იმედია, ეს რეკომენდაციაც გახდება მსჯელობის საგანი და ასახვას ჰპოვებს წესდების შესაბამის მუხლშიც. ყოველ შემთხვევაში, მე მზად ვარ საქმიანი პოლემიკისთვის.

 

P.S. შეგნებულად არ ვაყენებ დღის წესრიგში უკვე მიღებული წევრების რევიზიის აუცილებლობას. ჯერ ერთი, ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება, მეორეც, მთავარია ასეთი ქაოსი მომავალში მაინც არ გაგრძელდეს.

 

P.S.S. მწერალთა კავშირის ავტორიტეტს უდაოდ აამაღლებს, თუ წყალ-წყალა პრეზენტაციების ნაცვლად აღდგება ახლად გამოცემული ლიტერატურის კრიტიკული განხილვა და ამის ინიციატორი სწორედ მწერალთა შემოქმედებით კავშირი იქნება. ნება იყოს და არც ლიტერატორები გვაკლია ჯერჯერობით და არც ლიტერატურული კრიტიკოსები, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, დუმილს ამჯობინებენ. დარწმუნებული ვარ, საგრძნობლად შემცირდება წიგნებად აკინძული მაკულატურაც!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: