მიხეილ ჯიბუტი: არჩევნებთან დაკავშირებული კრიზისიდან გამოსავალი არსებობს!
საქართველოში არსებული ერთპალატიანი პარლამენტის ყველა ნაკლოვანება გამოვლენილია - ის, რომ პარლამენტის წევრები ერთმანეთისგან უფლებამოსილებით არაფრით არ განსხვავდებიან, გარდა პარლამენტში მათი არჩევის მექანიზმისა, რეალურად ცვლის პოლიტიკურ ძალთა არჩევნების შედეგად მიღებულ პროპორციას - როგორც წესი, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე. შედეგად, მმართველი პარტია ღებულობს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ხოლო, ქვეყანა, ფაქტობრივად ერთპარტიულ მმართველობის სისტემას, რის გამოც ვერ ხერხდება მემკვიდრეობით მიღებული საბჭოთა სისტემის არტახებიდან დემოკრატიული განვითარების გათავისუფლება.
ამ სისტემის დაშლა ქვეყნის განვითარების ინტერესებშია.
ამ სისტემის დაშლის აუცილებლობა ქართულმა ოცნებამ დაასაბუთა და ამ მიზნით, მათ მიერ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნა პროპორციული არჩევნების სისტემის ნორმა, ოღონდ 2024 წლიდან.
ამ ნორმის 2020 წლისათვის გადმოტანის გამო შეიქმნა კრიზისი.
14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში პროპორციული არჩევნების 2020 წლისთვის გადმოტანის საკითხის უმრავლესობის მიერ ჩაგდებით ხელისუფლებამ გადმოტანის შესახებ ქვეყნის შიგნით და გარეთ მიცემული დაპირება არ/ვერ შეასრულა!
კრიზისის დაძლევა ხელისუფლებამ უცებ ვერ მოახერხა, რამაც ქრონიკული ხასიათი მიიღო და სოციალური დინამიკა შეიძინა.
კრიზისის პირველ ფაზაზე (14 - 24 ნოემბერი): საკითხის ჩაგდება მმართველი პარტიის - „ოცნების“ მხრიდან დაბრალდა მაჟორიტარი დეპუტატების „ბუნტს“, მათ გამოთქვეს წუხილი მომხდარის გამო და საშინაო და საგარეო პროტესტის მიუხედავად „თემა დახურეს“.
კრიზისის მეორე ფაზაზე (25-30 ნოემბერი): პროტესტისა და საერთაშორისო რეაქციის გამო, როდესაც ამ უკანასკნელთა სიტყვიერი პოზიცია ეტყობა გადავიდა მოქმედების ფაზაში, ხელისუფლებამ „დახურული თემა“ გახსნა - დიალოგზე დათანხმდა.
30 ნოემბერს დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო მედიატორობით შედგა, მაგრამ, უშედეგოდ.
კრიზისი 1 დეკემბრიდან შევიდა მესამე ფაზაში, როდესაც პროცესებმა დაიწყო განვითარება ორი მიმართულებით:
პირველი მიმართულება დაკავშირებულია კვლავ საარჩევნო სისტემასთან, თუმცა, ადგილი აქვს კამათის ერთგვარ ტრანსფორმაციას: მოხდა საარჩევნო სისტემის შესახებ კამათის საკანონმდებლო ნორმებზე კამათის დონემდე დაყვანა.
ოპოზიცია ცდილობს დაასაბუთოს, თითქოს შესაძლებელია სამართლებრივი სტატუს ქვოს შეუცვლელად პროპორციული არჩევნების საკონსტიტუციო ცვლილების ჩანაცვლება, ე.წ. ა „გერმანული ვარიანტის“ ადაპტირებით, რითაც, მათი აზრით, აღსრულდება აგრეთვე ხელისუფლების დანაპირებიც.
ხელისუფლება გადავიდა ოპონენტის პოზიციაში და ამტკიცებს, რომ შემოთავაზებული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას!
შეიქმნა აბსოლუტურად კაზუისტიკური სიტუაცია: თითქოს ხელისუფლებიდან ოპოზიციამ გადაიბარა ვალდებულება - მოძებნოს გამოსავალი და თითქოს ეს გამოსავალი საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე უნდა გამოინახოს!
პროცესების ვექტორი ვითარდება ე.წ. აქციებსა და კონტრაქციებს შორის ძალისმიერი დაპირისპირებების სახით, სადაც საარჩევნო სისტემის საკითხი საერთოდ ამოვარდნილია და არ განიხილება.
მოვლენების ამ განვითარების დინამიკა შეიცავს იმის დიდ რისკს, რომ პროცესები განვითარდეს აგრესიული დაპირისპირების მიმართულებით, სადაც საარჩევნო სისტემის საკითხი საერთოდ დაიკარგება ხოლო, პროცესები გახდება უმართავი.
შედეგად მივიღებთ, ან ვადამდელ არჩევნებს მოქმედი კანონმდებლობითა და მთელი იმ მახინჯი და არსრულფასოვანი ინფრასტრუქტურით, რაც აქამდე იყო (დაწყებული დაუზუსტებელი სიებითა და დამთავრებული „კარუსელებით“), ან უარესს- სამოქალაქო დაპირისპირებას!
ამ ფონზე, დებატები ე.წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით წარმოადგენს დროის ფლანგვას, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს იმ მდგომარეობამდე, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებები შეუძლებელი იქნება.
ღვივდება ეჭვი, რომ მოვლენის ასეთი განვითარება, ნებსით თუ უნებლიეთ, დაპირისპირებული მხარეების ერთობლივი ხელშეწყობის შედეგია!
არადა, სამართლებრივი სივრციდან პროცესების გასვლა არ უნდა იქნას დაშვებული.
ხელისუფლებამ უნდა დაიბრუნოს გამოსავლის გზის პოვნის ფუნქცია, შეაჩეროს დაპირისპირების ესკალაცია და არცერთი - პირდაპირი თუ ირიბი გზით არ წაახალისოს იგი.
გამოსავალი მაშინ მოიძებნება თუ ყველა მხარეს და უპირველესად, ხელისუფლებას, ნამდვილად სურს ეს!
ეს გამოსავლის მოძებნისთვის მთავარი დათქმა, აუცილებელი პირობაა.
მეთოდოლოგიური მიდგომა კი იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია მოცემული, ისევე როგორც ნებისმიერი კრიზისის გადაწყვეტა პრობლემის არსებულ სიბრტყეზე.
არსებული საკანონმდებლო კრიზისი მოცემული საკანონმდებლო განლაგების შეუცვლელად, თანაც საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე ვერ დაიძლევა, თუ სხვა თანხმობა არ იქნება მიღწეული. ამიტომ, დროის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია.
საკონსტიტუციო ცვლილებისთვის მარტო აუცილებელი პირობა არ კმარა.ქართულ ოცნებას, როგორც ჩანს, საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებისთვის პარლამენტის 113 მხარდამჭერის მობილიზაციის რესურსი აღარ გააჩნია.
საკონსტიტუციო ცვლილების უზრუნველსაყოფად საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ვარიანტი, რომელშიც დეპუტაციის ყველა ჯგუფის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
დღეისათვის ასეთ ინტერესებად ჩანს:
- ხელისუფლებისთვის - პარლამენტის არჩევნების არსებული სისტემის შენარჩუნება;
- მაჟორიტარი დეპუტატებისთვის - მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნება;
- ოპოზიციური პარტიებისა და აქტივისტებისთვის - პროპორციული არჩევნები;
- პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის - პროპორციული არჩევნების დაპირების შესრულება, როგორც საქართველოსადმი ნდობისა და პრესტიჟის აღდგენის საკითხი და მისი მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულებისადმი ერთდულების დასტური.
ვფიქრობთ, ასეთ შესაძლებლობას იძლევა თვით კონსტიტუცია.
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი (ხაზგასმა ჩემია - მ.ჯ.). რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.“
(https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=35).
საქართველო 2020 წლიდან უნდა გადავიდეს ორპალატიან სისტემაზე. ამისათვის, საკონსტიტუციური ცვლილება უნდა განხორციელდეს, სადაც დათქმა ის კი არ იქნება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთების შემდეგ მოწესრიგდება მდგომარეობა, არამედ ის რომ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოწესრიგდება საკითხები და იურისდიქციის აღდგენის შემდეგ ის გავრცელდება შემოერთებულ ტერიტორიებზეც.
თუ როგორ ჩამოყალიბდეს აღნიშნული ეს უკვე საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია.
ისე, ზემოთაღნიშნული დათქმა საქართველოს კონსტიტუციის მიღების ისტორიული კონტექსტიდან მომდინარეობს და დაკავშირებულია მაშინდელი პარლამენტარების მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის მოკლე დროში დასრულების მოლოდინთან.
ამ ნორმის ზემოთ მითითებული პრინციპით დროის თანმიმდევრობაში გადანაცვლება, ამ ეტაპზე, კრიზისის მონაწილე მხარეებიდან ყველას ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, ყველას მხრიდან ამის სურვილისა და მინიმალური კომპრომისის შემთხვევაში.