ნუგზარ (პეტრე) ჭიაბერაშვილის ცრუ „ორდენები“ და გაბითურებული პუბლიკა!
დაახლოებით ორიოდე კვირის წინ დავწერე: კორონა ვირუსს ალბათ უფრო ადვილად დავამარცხებთ, ვიდრე, „ქართულ ვირუსს“-მეთქი!
„ქართულ ვირუსში“ ქართული ხასიათის ეპოქალური მეტამორფოზა ვიგულისხმე, ოღონდ, ნეგატიური გაგებით!!!
მომაკვდინებელი ვირუსია, აბა რა ჯანდაბაა, როცა სიყალბის მორევში იხრჩობი და ხელის გამოწვდენის სურვილიც არ გიჩნდება, რომ მოყვასმა ამ წუმპიდან ამოგიყვანოს.
მომაკვდინებელი ვირუსია, აბა რა დოზანაა, როცა იცი, რომ შენი ზერელობითა და უპასუხისმგებლობით, ერის სულიერ აპოკალიფსს აჩქარებ და საკუთარი ნებით მიილტვი მორევისკენ, საიდანაც ამოსვლის შანსი ნულის ტოლია!
ეტყობა, ზოგს, ბოლო ჟამი კაცობრიობის მხოლოდ ფიზიკური არსებობის დასასრული ჰგონია - არადა, თვითგანადგურების მთავარი იმპულსი სულიერი დეგრადაციაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვაჩქარებთ, ოღონდ, სხვადასხვა ფორმით: ზოგი აქტიურად, ზოგიც პასიურად!
თუ ქვეყანას ხელოვნური თუ სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისგან გადარჩენა უწერია, წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება იგი სულიერი საუნჯის გარეშე?! მე უკვე წარმოვიდგინე და ემოციების გასაჯაროებაც არ მინდა!
ხშირად ვწუწუნებ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არსებულ (თითქმის ტრადიციად დამკვიდრებულ) მარაზმზე, რომელიც არა მარტო ძირს უთხრის ქართულ სულიერ მემკვიდრეობას, არამედ, საერთოდ სპობს ჯანსაღი (სიცოცხლისუნარიანი) ლიტერატურის ყოველგვარ პერსპექტივას!
ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველას აქვს უფლება - რაც უნდა და როგორც უნდა, წეროს, მაგრამ, ჩვენ, ვისაც გვევალება თეთრს თეთრი დავარქვათ და შავს შავი ვოწოდოთ, ვალდებული ვართ ყველას თავისი ადგილი მივუჩინოთ, რომ ჭეშმარიტ ღირებულებათა დევალვაცია არ მოხდეს და საბოლოო ჯამში ამ თავხედობას (გულგრილობას) მკითხველიც და ლიტერატურაც ერთად არ გადავაყოლოთ!!!
კი ბატონო, წერონ რაც უნდათ, დაბეჭდონ რაც უნდათ, მაგრამ, ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, რომ საჭიროა (სასიცოცხლოდ აუცილებელია) დაწესდეს თანამედროვე ლიტერატურის შეფასების კრიტერიუმები და ხმა ავიმაღლოთ იმ უმსგავსობის წინააღმდეგ, რომელიც ქართულ ლიტერატურას „გაუპატიურებით“ (ამ მძიმე მარხვის დღეებში მომიტევეთ ამ უხამსი სიტყვის გამოყენება) ემუქრება!
ხშირად გვისაუბრია სხვადასხვა ჯურის შემოქმედებითი კავშირების მიერ ჩატარებულ კონკურსებზე და მათ მიერ დაწესებულ ე.წ. ნომინაციებზე, რომელიც არა მარტო ფორმალურ ხასიათს ატარებს, არამედ, ყოველგვარ აზრს უკარგავს ნიჭიერი შემოქმედის სტიმულირებას. მეტიც, ხელს უწყობს უნიჭო, ღირსებადაკარგულ „მოკალმეთა“ (ეს პირობითად, თორემ, ახლა კლავიატურის „ლომები“-ს აღლუმია) აღზევებას.
არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ, როცა გუშინ (შემთხვევით) ე.წ. „ლაივში“ ნუგზარ (პეტრე) ჭიაბერაშვილის მიერ ჩატარებულ ცრულიტერატორთა აღლუმზე მსხდომი ბევრი ნაცნობი სახე დავინახე, გულწრფელად გული მეტკინა-ცრუ „ნომინანტებს“ რომ თავი დავანებოთ, მათ გასამხნევებლად მისული ტაშის დამკვრელები არანაკლებ უხერხულად გამოიყურებოდნენ (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასე იყო!).
ვინ არის ნუგზარ (პეტრე) ჭიაბერაშვილი, რომ საქართველოს უგვირგვინო მეფის, ერის სულიერ მამად წოდებულ ილიას სახელს ამოეფაროს და მისი სახელობის ორდენები და სასაცილომდე დასული „ნომინაციები“ დააწესოს?!
გასაგებია, ჭიაბერაშვილი ყიდის საკუთარ ავანტიურას - არც მაინტერესებს რა სარგებლად, ან ვისი დავალებითა და ხელშეწყობით, მაგრამ, ვინც „ყიდულობს“, თავი რომ დავანებოთ ელემენტარულ თავმოყვარეობას თუ ღირსებას, ისიც არანაკლებ სცოდავს ქართული ლიტერატურის წინაშე. მეტიც, ხელს უწყობს ქართული ლიტერატურის, როგორც ფენომენის, დისკრედიტაციას და მის საბოლოო დაკნინებას!
ამდენად, მე, როგორც რიგით ქართველს და ქართული ლიტერატურის მომავლით დაინტერესებულს (ჭირისუფლად საკუთარ თავს არ მოვიაზრებ, რადგან, ჩემზე მეტად კომპეტენტური ადამიანები არიან) იმდენად პრეტენზია ჭიაბერაშვილთან არა მაქვს, რამდენადაც იმ ადამიანებთან, რომლებიც მის ანკესზე ადვილად წამოეგნენ და ცრუ ორდენებითა და ბრჭყვიალა ქაღალდების ფრიალ-ფრიალით ტკბებიან!
ღირსება ყველაზე სათუთი ფენომენია ადამიანისთვის.
ამჯერად აქ შევჩერდები...
P.S. წუხელ ამ გაუგებრობას „პოეზიარი“ გამოეხმაურა. გადავხედე კომენტარებს, მაგრამ, განგაშის ზარის ხმა სამწუხაროდ, ვერ ვიგრძენი... ეტყობა, საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილსაც შემგუებლური ინსტიქტი ჩამოუყალიბდა, რომელიც „კორონაზე“ საშიში ვირუსია.
P.S.S. ვინც მიცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ არავის წარმატება არ მშურს და არც მაღიზიანებს. პირიქით, როცა, თანამოქალაქის წინსვლას ვხედავ, ვმაღლდები, რადგან, ამას საქართველოს წარმატებად აღვიქვამ...
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი