დაუჯერებელი, მაგრამ, ნამდვილი!
ამ დღეებში გამომცემლობა „ივერიონმა“ გამოსცა ქ-ნ მარი მიროტაძის არაჩვეულებრივი რომანი - „მდუმარე ღირსება“ (წიგნი I).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს ლექსმწერების (ძალად პოეტების) ცვენაა საქართველოში, სასიხარულოა ახალი პროზაული ნაწარმოების დაბადება.
ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული რომანი ავტორმა 16-17 წლის ასაკში დაწერა და დაახლოებით 3 ათეული წელიწადი „უჯრის პატიმრად“ აქცია!
რომ არა თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელი ერთი პატარა „იაღლიში“, ალბათ დღის სინათლეს დღესაც ვერ იხილავდა.
ქ-ნი მარი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. სწავლობდა შ. მილორავას სახელობის საესტრადო-თეატრალურ სასწავლებელში ვოკალისა და მეტყველების სპეციალობით. შესანიშნავად ხატავს, წერს სიმღერებს, გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მოგვიანებით დაეუფლა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და როგორც პროფესიონალი ბუღალტერი, ამჯერად მუშაობს ერთ-ერთ ლოჯისტიკურ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე რომანი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწერა, დღესაც ძალიან საინტერესოდ იკითხება.
მისასალმებელია, რომ ავტორი მეორე რომანზე, ანუ, „მდუმარე ღირსების“ გაგრძელებაზე უკვე მუშაობს.
გთავაზობთ წიგნის გამომცემელ-რედაქტორის, ზაურ ნაჭყებიას წინასიტყვაობას რომანზე „მდუმარე ღირსება“.
თქვენც გაოცდებით, ანუ
მარი მიროტაძის ყმაწვილქალური
გაბრწყინება!
ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ წინამდებარე რომანი 16-17 წლის ყმაწვილქალის დაწერილია.
თუ ეს ნამდვილად ადრეულ ასაკში დაიწერა, თამამად შეიძლება გითხრათ, რომ მარი მიროტაძის სახით საქართველომ დიდი პროზაიკოსი, უფრო სწორად, დიდი რომანისტი დაკარგა.
თუმცა, როგორ არ დავიჯერო, როცა ბავშვის ხელით ჩაწიკწიკებულ 96-გვერდიან „ობშაია ტეტრადს“ ვუყურებ, რომელიც დროთა განმავლობაში გაცრეცილა, გაბაცებულა და საგრძნობლად შელახულა.
წერის მანია მეც ბავშვობიდან მჭირდა - ხან ლექსებს ვეპარებოდი, ხანაც მხატვრულად ვცდილობდი საკუთარი განცდები და ბავშვური ემოციები ქაღალდზე გადამეტანა. თუმცა, იმ ასაკში ნამდვილად ვერ გავბედავდი უფრო მასშტაბურ ნაწარმოებებზე, მითუმეტეს, რომანზე მეფიქრა.
მარი მიროტაძემ კი არა მარტო იფიქრა, არამედ, თავდაჯერებულადაც დაწერა კიდეც! ოღონდ, მთელი 30 წელიწადი „უჯრის პატიმრად“ აქცია.... როგორც თვითონ ამბობს, ჰქონდა ამისი მიზეზიც...
„ყოველთვის მალულად ვწერდი, რომ დედაჩემს არ ენახა, რადგან, იმ წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადებოდი და ვიცოდი, გამიბრაზდებოდა. ყოველთვის ღამ-ღამობით მალულად ვწერდი ფანჯრის რაფაზე. მაშინ მის წიგნად გამოცემაზე ოცნებაც კი მიჭირდა. ჩემთვის ვწერდი, უბრალოდ გული ვერ იტევდა თითქოს. მერე, როცა 19 წლის ასაკში მომიტაცეს, ვცდილობდი დამემალა, რომ ეს არ ყოფილიყო მეუღლესთან უსიამოვნების მიზეზი, რადგან, რომანში აღწერილ სცენებს არ მომიწონებდა! არც იმის დამტკიცება მინდოდა, რომ ნახევარზე მეტი ფანტაზიის ნაყოფი იყო და არა ჩემს თავს გადახდენილი რეალობა. არადა, რომანის მთავარი გმირი ძალიან მგავდა მე თავისი ხასიათითა და მანერებით... მერე, საერთოდ მიმავიწყდა ამ რომანის არსებობა, რომ არა ერთი მშვენიერი დღე, როცა, მოულოდნელად, ყმაწვილქალობაში დაწერილი საერთო რვეული აღმოვაჩინე... მართალი გითხრათ, ახლაც მერიდებოდა ამის გასაჯაროება, რადგან ძალიან ადრეულ ასაკში დავწერე და ვფიქრობდი, ბავშვურია-მეთქი. თქვენ რომ არა, არც გამოვაჩენდი...“.
დიახ, მთავარი „დამნაშავე“ მე ვარ, რომ ამ რომანმა დღის სინათლე იხილა. თუმცა, ამას თავის წინაისტორიაც ჰქონდა:
ქ-ნ მარის რამდენიმე თვის წინ ძალიან ატკინეს გული თვითდაჯერებულმა ნარცისებმა – აქაოდა, შენს ლექსებში ჩემი სტროფები გაქვს გამოყენებულიო... მაშინ, როგორც მეგობარმა არბიტრის ფუნქცია ვიკისრე, თან ქ-ნ მარის ვკითხე, ლექსი ლექსად, მაგრამ პროზაც ხომ არ გიცდია-მეთქი! უცებ პატარა ჩანახატი გადმომიგზავნა, რომელმაც ძალიან მომხიბლა და წიგნის ბოლოში ვაქვეყნებ კიდეც!
ამ პატარა ჩანახატშიც აშკარად იგრძნობოდა მისი ფანტაზია და ქართულ სიტყვასთან დამოკიდებულების ოსტატობაც. მოგვიანებით გამომიტყდა, რომ რომანიც (რომანებიც, თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ) ჰქონდა ბავშობაში დაწერილი და შემპირდა, წამაკითხებდა.
გულწრფელად გითხრათ, ვიდრე ბოლომდე ჩავედი, გაოცებას ვერ ვმალავდი - აქ არა მარტო დამწყები პროზაიკოსის, არამედ, უკვე ჩამოყალიბებული მწერლის ხელწერა იგრძნობოდა. ვერ ვიტყვი, რომ „მდუმარე ღირსება“ ქართული პროზის უბადლო ნიმუშია, მაგრამ როგორც პროფესიონალი რედაქტორი, თავს უფლებას ვაძლევ, განვაცხადო: ეს არის გასული საუკუნის 80-იანი წლების რეალური აღქმა, მითუმეტეს, ოსტატურადაა გამოძერწილი მაშინდელი ახალგაზრდობის პორტრეტი - მათი მისწრაფებები, მათი სულიერი სამყარო. მთელი სიზუსტითაა აღწერილი ქალ-ვაჟის დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, ახალგაზრდა წყვილების ურთიერთობის პრაქტიკა, მათი შეხედულებები ტრადიციებისადმი.
ნაწარმოების მთავარი გმირი - ეკა მაშინდელი ახალგაზრდობის ტიპიური სახეა. იგი თანატოლებივით სუნთქავს, ურთიერთობაში თავდაჭერილიცაა და ემოციურიც. განსაკუთრებით თავისებურია (ჯიუტია), როცა საქმე მამაკაცებისადმი დამოკიდებულებას ეხება. ეკას ბევრი ეტრფის, მაგრამ, სიყვარულის მიმართ მას თავისი „საზომი“ აქვს. მითუმეტეს მისი გულის მონადირება იოლი არ არის – განსაკუთრებით, არ იზიდავს უხეში, თავმომწონე და თავდაჯერებული მამაკაცები, მაინცდამაინც, არც ქონებაზე გიჟდება და არც მამაკაცის ფიზიკურ აღნაგობაზე - მას უფრო სულიერი მოთხოვნები აქვს!
საკმაოდ ემოციურად ვითარდება რომანის სიუჟეტი – ნაწარმოების მთავარი გმირი მისთვის უჩვეულო ნაბიჯს დგამს, რომელიც იმ ეპოქისთვის ფაქტიურად ხარაკირის ტოლფასად შეიძლება მივიჩნიოთ. რაც ყველაზე ნიშანდობლივია ეკა, ყველანაირად ცდილობს მდუმარედ და ღირსეულად ატაროს მძიმე სულიერი ტკივილი.
მიუხედავად იმისა, რომ „ჯიუტი ფაქტი“ სახეზეა, მაინც დაუჯერებლად მეჩვენება, როგორ შეძლო 16-17 წლის გოგონამ ასეთი მძაფრი სიუჟეტის შექმნა, როგორ მოახერხა გამოეძერწა იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი რეალობა და მარტივი, გასაგები ენით მიეტანა მკითხველამდე.
დასანანია, რომ ასეთ უზადო ნიჭს ლოგიკური გაგრძელება არ მიეცა და მწერლის კალამი კიდევ უფრო არ დაიხვეწა. ეს ასე რომ არ მომხდარიყო, დღეს მარი მიროტაძის სახით საქართველოს უნიჭიერესი პროზაიკოსი (რომანისტი) ეყოლებოდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჯერაც არ არის დაგვიანებული...
და ბოლოს, იმედი მაქვს მარი მიროტაძე ბოთლიდან „ჯინს“ გამოუშვებს და ახალ-ახალი რომანებით გაგვანებივრებს. რაც შეეხება წინამდებარე რომანის გაგრძელებას, მკითხველი მას ახლო მომავალში იხილავს.
ზაურ ნაჭყებია,
რედაქტორი, პუბლიცისტი