მიხეილ ჯიბუტი: მთავრობა დროს მისდევს, როდესაც დასწრებაზე მოქმედებაა საჭირო

მიხეილ ჯიბუტი: მთავრობა დროს მისდევს, როდესაც დასწრებაზე მოქმედებაა საჭირო

კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებებს, რომლებიც მტკიცებულებების, არგუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობის გარეშე აცხადებენ, რომ პოსტკორონავირისული პერიოდი იქნება კიდევ უარესი, ან საშინელება.

 

ეს ასე ერთმნიშვნელოვნად არ იქნება. ფიზიკური პირებისათვის - ვიღაცისათვის, ის უკვე კატასტროფაა - ვინც გარდაიცვალა. ვიღაცისთვის ის უკვე განვლილი ამბავია - ვინც მორჩა. იურიდიული პირებისთვის - ზოგისთვის უნახავი შემოსავლის წყაროა (ინტერნეტ კომერცია), ზოგიერთისათვის - გაკოტრება. 

 

ქვეყნებთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაციაა. აქაც არ იქნება ისე, რომ არავინ არ ისარგებლოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ქვეყანა როგორ სწორად მოიქცევა. ჯერ წარმატების შანსი ყველას აქვს. არავის არავისთვის არ სცალია.

 

დღეს, როდესაც ძირითადად ქვეყნის აქტივობა დაპაუზებულია და მთავრობას მიცემული აქვს წარმოუდგენლად დიდი ძალაუფლება, სწორედ მის სწორ მოქმედებაზეა დამოკიდებული საქართველოს და ზოგადად (და არა კონკრეტულად!) თითოეული მისი მოქალაქის მდგომარეობა.

 

ჩემი აზრით, ხელისუფლების/მთავრობის (იმ პირობით, რომ ვუერთდები ყველა დამსახურებულ ქებას რაც თქმულა და რაც ითქმება) შეცდომა/არსწორი მოქმედება იმაშია, რომ ის არ მოქმედებს პრინციპით დროში დასწრებაზე და ჩამორჩება მოვლენებს.

 

2019 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ წარმოიდგინა საქართველოს განვითარება 2020-2023 წლებისათვის, განსაზღვრა პრიორიტეტები, უფრო კონკრეტულად დასახა გასაკეთებელი საკითხები 2020 წლისათვის, დაიანგარიშა მისთვის საჭირო სახსრები, დათვალა მოსალოდნელი შემოსავლები და რადგანაც, შემოსავლები ვერ ფარავდა მის მიერ დაგეგმილ აქტივობებს, შესავსებად დაგეგმა ვალის აღება. ყოველივე ეს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „ კანონის სახით. ჩინეთში კორონავირუსი დეკემბერში დაიბადა, თუმცა საქართველოში 26 თებერვალს მოაღწია. ამ პერიოდამდე მას რაიმე გავლენა ქვეყნის ცხოვრებაზე არ მოუხდენია და ბიუჯეტიც იხარჯებოდა გეგმის მიხედვით.

 

26 თებერვის შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა, განსაკუთრებით საგანგებო და შემდგომში საყოველთაო კარანტინის/კომენდანტის საათის შემოღებით. გაწეულ იქნა ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი დამატებითი ხარჯები კორონავირუსით ინფექცირებული პირების გამოსავლენად, სტაცინალური მკურნალობისათვის, კარანტინის რეჟიმის განსახორციელებლად, საგანგებო მდგომარეობის ადმინისტრირებისათვის, ფასების ზრდის შეკავების, ბიზნესის სტიმულირების, კომუნალური ხარჯების სუბსიდირების და სხვა.

 

ფული ამ დამატებითი ხარჯებისათვის იხარჯება იმავე ბიუჯეტიდან საგანგებო უფლებამოსილების ფარგლებში, მაგრამ ისე რომ არსებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა. ცვლილებები იმ გეგმასთან დაკავშირებით, რის გაკეთებას გეგმავდა ხელისუფლება ბიუჯეტის მიღების დროს და იმ პროგნოზებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ეკონომიკის განვითარების ტემპებს, ლარის კურსს, ინფლაციის ზომას, საგადასახადო შემოსავლების ოდენობას და ა.შ. 

 

ამჟამად, პარალელურად მიდის ხარჯები როგორც დამტკიცებული ბიუჯეტით, დამტკიცებულ, ასევე კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული დამატებული აქტივობების დასაფინანსებლად.

 

არსებულ მდგომარეობაში ორმაგი წნეხი ხორციელდება ლარზე - დამატებითი ხარჯების გაწევა, დაგეგმილი ხარჯების კორექტირების გარეშე და თანაც იმ პირობებში როდესაც ეკონომიკის ზრდა შენელებულია და ამასთან, ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი ოდენობით შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტში.

 

საქველმოქმედო შემოწირულობები, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მხრიდან -100 მილიონი ლარის ოდენობით, დიდებული, სანიმუშო საქციელია, მაგრამ მიუხედავად ასეთი მასშტაბურობისა, სახელმწიფო საბიუჯეტო საჭიროებებთან მიმართებაში გადამწყვეტი ხასიათის არ არის.ქვეყნის როგორც განვითარების, ისე კრიზისიდან გამოსავლის შესაძლებლობა არ მდგომარეობს და ვერ დაიყვანება კერძო პირების, თუგინდ ჯგუფებისა და პარტიების ინიციატივებზე. ეს არის სახალხო, საერო საქმე, რომელიც უნდა წარმართოს ამისათვის დაქირავებულმა მთავრობამ/ხელისუფლებამ და ამ საქმეში მთავარი დასაყრდენია საქართველოს თითოეული მოქალაქის მონაწილეობით, ზოგჯერ ასევე მათი სახელით აღებული ვალებით შექმნილი სახელმწიფო ბიუჯეტია.

 

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გადასახდელების ოდენობა შეადგენს წლის განმავლობაში 14 432 865 700 ლარს, ანუ საშუალოდ დღეში 39 434 059 ლარს. აქედან გამომდინარე, 100 000 000 ლარი დამტკიცებული საქართველოს ბიუჯეტის ორ დღე ნახევრის ხარჯის ტოლია.

 

იგივე ჰიპოთეტურ მაგალითზე. 

 

ვთქვათ, ოჯახმა 2019 წლის ბოლოს 2020 წლისათვის დაგეგმა 12 საქმე, თითოეული 12 ლარის ღირებულებით. რადგანაც ოჯახის მოსალოდნელი შემოსავალი 2020 წლისათვის შეადგენდა 132 ლარს და თანაც ოჯახს თორმეტივე საქმის გაკეთება უნდოდა, დაგეგმეს 12 ლარის სესხება. თვეში თითო საქმეზე ოჯახი ხარჯავს 1 ლარს, სულ 12 ლარს. იანვარში და თებერვალში დახარჯეს გეგმის მიხედვით 24 ლარი, ანუ თითოეულ საქმეზე 2-2 ლარი. მარტში, ოჯახს გაუჩნდა დაუგეგმავი ხარჯები: საჭირო გახდა ოჯახის ერთ წევრის, რომელიც დაბრუნდა იტალიაში მოგზაურობიდან, თვითიზოლაცია და რადგანაც ოჯახში ამის საშუალება არ იყო, მისთვის ცალკე ბინის ქირაობა. ამას დაემატა ტელევიზორის გადაწვა და ლეპტოპის ყიდვის აუცილებლობა. საჭირო გახდა სურსათის მარაგის შექმნა. სულ ამ ხარჯებმა მოითხოვეს 11 ლარი. ოჯახის ერთ წევრს სამსახურში გაუნახევრეს ხელფასი და თვეში ეხლა შემოსავალმა 1 ლარით დაიკლო.

 

ოჯახი მოიქცა საქართველოს მთავრობასავით: მარტში გააგრძელა ყველა საქმის კეთება ჩვეულებრივ, (ხარჯი 12 ლარი), როდესაც შემოსავალი 1 ლარით ნაკლები ჰქონდა და ამასთან, დამატებითი ხარჯები გასწია 11 ლარი, სულ 11 ლარის შემოსავლით, დახარჯა 23! ამ დამატებითი ხარჯებისათვის გამოიყენა 12 ლარის აღებული სესხი. 

 

აპრილში იგივე გრძელდება! ხარჯები მატულობს, ოჯახის წევრს COVID-19 დაუდგინდა. თუ ხარჯი შეადგენს 24 ლარს, ამ შემთხვევაში დახარჯული იქნება უკვე მაისის და ნაწილი ივნისის შემოსავლები. ანუ აპრილის ბოლოს ხარჯი იქნება გაწეული 4 თვეში 72 ლარის, ანუ დაგეგმილი 6 თვის! თუ ასე გაგრძელდება გასაგებია, რომ მაის-ივნისში დიდი პრობლემები წარმოიშვება, ხოლო წლის ბოლოს დაწყებული 12 საქმიდან არც ერთი არ იქნება გაკეთებული. კორონავირუსის კრიზისი შეიძლება დაძლეულ იქნას, მაგრამ საოჯახო ეკონომიკის კრიზისი კატასტროფის სტადიაზე გადავა.

 

სწორი რა იქნებოდა: ოჯახი შეკრებილიყო და ეთქვა, რომ შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, ჩვენ კორექტირება უნდა ჩვენი გეგმების - 12 საქმიდან 6-ზე უარი უნდა ვთქვათ და ეს თანხა საგანგებო ბიუჯეტში მოვახმაროთ სიტუაციის გამოსწორებას. შედეგად, წლის ბოლოს, კრიზისი როგორც პანდემიური, ისე ეკონომიკური დაძლეული იქნება და ოჯახი ჩაფიქრებული 6 საქმის გაკეთებით გაიხარებს.

 

აქ კიდევ ერთი მომენტია, ამ განხილვის დროს გამოჩნდება თუ რამდენი ფუჭი პროექტი დაუმტკიცებია პარლამენტს თავის დროზე, როდესაც პოლიტიკური ელიტა სულ სხვა საკითხებით (პროპორციული არჩევნების სისტემით) იყო დაკავებული და რა უმნიშვნელოვანესი თანხებია შესაძლებელი მათი შეკვეცით კრიზისთან საბრძოლველად გამოთავისუფლდეს. როდესაც ბიუჯეტის ასეთი კორექტირება არ მომხდარა, აღნიშნული ხარჯები ფულის ფლანგვის ხასიათს იძენს ფულის უკიდურესი დეფიციტის დროს.

 

ამიტომ საჭიროა სიტუაციის შეფასება, პროგრამებისა და მოქმედების გეგმის განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის საჭირო სახსრების შესაბამისად საგანგებო ბიუჯეტის მიღება.

 

„დროში წინსწრებით გაკეთებული საქმე“ - ამას ნიშნავს.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: