ესეც ომია, თავისებური და განსხვავებული ორიენტირებით...
ამას წინათ საინფორმაციო ანალიტიკურმა სააგენტომ „ივერიონი“ გლობალური გამოწვევების პრევენციისა და ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღების ღონისძიებებზე სასაუბროდ მოიწვია ცნობილი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ბატონი ნოდარ ჭითანავა.
გთავაზობთ ჩემს მოსაზრებას ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით.
კორონავირუსის აფეთქებამ მთელი მსოფლიო მოიცვა. თითქმის ყველა სახელმწიფოს კარი შეაღო, არ გამოარჩია მდიდარი, ღარიბი, ლიდერი, უბრალო ჩინოვნიკი. თვალით უჩინარმა ნანონაწილაკმა შიში და შეშფოთება დათესა ყველა კონტინტნტზე. ფაქტობრივად, დედამიწა გააჩერა! უამრავი ოჯახი სახლში გამოკეტილი ელოდება თუ რა იქნება ხვალ, ზეგ, მომავალში... რა დამანგრეველ შედეგებს მოიტანს ეს უხილავი მტერი, როგორი პროცესები წავა, ამ ყველაფრის ჩავლის შემდეგ რა გველოდება. ეს კითხვები თითოეულ ჩვნგანს დაგვყვება თან. ბუნებრივია, საზოგადოებას აინტერესებს ცნობილი მეცნიერებისა და პოლიკოსების აზრი, მათეული შეფასებები.
საინფორმაციო ანალიტიკურმა სააგენტომ „ივერიონმა“ თავისთან მიიწვია ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ნოდარ ჭითანავა. მას ესაუბრა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იური პაპასკუა. ბატონმა ნოდარმა მოგვცა უტყუარი ანალიტიკური სურათი რომელიც ათ თეზად არის დაყოფილი. იგი შეეხო ყველა საკვანძო პრობლემას, სადაც მეტად საინტერესო და საგულისხმოა ცნობილი მეცნიერის დასკვნები და შეხედულებები. სიღრმისეულად განიხილავს მნიშვნელოვან პროცესებს, თუმცა მიაჩნია, რომ ჯერ ადრეა ამ მძვინვარე ვირუსის შედეგების ჩვენება. ბატონი ნოდარი აღნიშნავს, რომ ესეც ომია, ოღონდ თავისებური და განსხვავებულო ორიენტირებით. ბუნებრივია, რომ ყველა ომს სჩვევია ხალხის პანიკაში ჩავარდნა, შიში, მძაფრი ემოციური განცდები. ამიტომაც გვირჩევს, რომ პანიკის განრიდება შინაგან სიძლიერეს მოითხოვს. სამყაროს არაერთი გამოწვევისთვის გაუძლია, ესეც მორიგი განსაცდელია.
ნოდარ ჭითანავა პირველ თეზაში აღნიშნავს: „არამხოლოდ მოქალაქეები, არამედ სახელმწიფოებიც, ალიანსებიც, სამხედრო ბლოკებიც, ყოვლისშემძლედ აღიარებული საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური „მაშველი რგოლებიც“ დაიბნენ. მყისიერად შექმნილმა სიტუაციამ მათი უმწეობაც ამხილა.“ ამ შეფასებისას არ შეიძლება არ დაეთანხმოთ ბატონ ნოდარს. 21-ე საუკუნეში განვითარებული ქვეყნების უნაპირი სიძლიერე იხატებოდა, მათ ყოვლისშემძლეობას შეჰყურებდა პლანეტის მოსახლეობა და უცებ უხილავმა ვირუსმა ეს სიძლიერე მითად აქცია, ადამიანები დაუცველნი აღმოჩნდნენ, თითქმის ყველა სახელმწიფოში პირბადეების დეფიციტი შექმნა, ოქროს ფასი დაედო ხელოვნურ სასუნთქ აპარატებს. ამ დროს, როცა დედამიწა ფაქტობრივად დამძიმებულია მასობრივი განადგურების აურიცხავი იარაღებით!“
დღევანდელო პროცესების გაცნობიერება, ბუნებრივია, მოითხოვს საფუძვლიან ანალიზს, საჭიროა კრიტიკული შეფასებაც. მეორე თეზაში ბატონი ნოდარი აღნიშნავს, რომ დღეს გამოცდის ჩაბარება ხდება სამ განზომილებაში: 1) პოლიტიკურ სიმწიფეზე გამოცდას აბარებს ნაციონალური სახელმწიფო; 2) ეფქტიანობაზე - ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა; 3)სამოქალაქო თვითშეგნებაზე - საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ერთმანეთზე გადაჯაჭვული სამი რგოლი იკვეთება: სახელმწიფო, სოციალურ-ეკონომიკური სისტემა და საზოგადოება. მათი მიდგომები, მათი უნარიანობა, ნიჭი გადაწყვეტს ყველაფერს. დაპირისპირება ხდება ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფ მტერთან, რომელიც საკმაოდ ძლიერია.
მოგეხსენებათ, რომ გლობალური ეპიდემიების, ბუნებრივი კატაკლიზმების, მსოფლიო პანდემიების დროს საჭიროა ცენტრალიზებული მართვა, უნარიანი გადაწყვეტილებების მიღება. რა მოხდა დღეს? მოვუსმინოთ ბატ. ნოდარის შეფასებას: „სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაერო, ნატო და ევროკავშირი კორონასთან ბრძოლაში მოუმზადებელი და გლობალური პრობლემების გადაწყვეტის მიმართ უსუსური აღმოჩნდა. ნაციონალურ სახელმწიფოებს კი (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა) პანდემიამ უმართავი ვითარება შეუქმნა. საინტერესოა, რატომ მივიღეთ ასეთი ნეგატიური შედეგები. გარეგნულად ძლიერ განვითარებულ ქვეყნებს თითქოს ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მათთვის მოურეველი გამოწვევა არ არსებობდა. ისინი აღიარებდნენ, რომ მხოლოდ დასავლეთის მოდელი იყო ქვეყნის მმართველობის იდეალური ფორმა და სხვა სახელმწიფოებსაც ამისკენ მოუწოდებდნენ. ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა პროფ. ნოდარ ჭითანავას შეხედულება: „განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლებსაც თავიანთ თავზე აქვთ აღებული გლობალური პროცესების მართვა, ისტორიული ამოცანის შესრულება ვერ შეძლეს. კორონავირუსის მძვინვარებასასტიკი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც ერთ თარგზე გამოჭრილი პლანეტარული მსოფლმხედველობით განსაზღვრულ ცხოვრების მოდელს (წესს) სთავაზობს ერთმანეთისგან ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური თავისებურებებით განსხვავებულ ქვეყნებს“. ნამდვილად არ შეიძლლება „ერთი თარგით“ იმართებოდეს ამდენი ქვეყანა. ამ ძნელბედობის ჟამმა, მართლაც, ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ თვით ერთი კავშირის ქვეყნებიც უსუსურები აღმოჩნდნენ, რომ დახმარებოდნენ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ იტალიასა და ესპანეთს.
ნოდარ ჭითანავა მე-5 თეზაში მეტად საინტერესოდ გვესაუბრება ოჯახის ფენომენის შესახებ. კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთ საიმედო საშუალებად ოჯახი მიიჩნიეს („დარჩი სახლში“). ბატონი ნოდარი აღნიშნავს, რომ ქართული ოჯახი თავის ისტორიულ როლს თითქოს დაუბრუნდა. სიკვდილის შიშმა ოჯახის წევრების ერთად ყოფნას შეუწყო ხელი. „გათითოკაცების სინდრომს, რომელიც დღეს ეროვნულ ცნობიერებას წარმართავს, აშკარად წინ აღუდგა ერთად ყოფნის ქართული ისტორიული გამოცდილება. ბატონი ნოდარ ჭითანავა აქვე მიანიშნებს, რომ ქართული ოჯახი ისტორიულად ყოველთვის სახელმწიფოებრიობის ძლიერი საყრდენი იყო. ნოდარ ჭითანავას ეს ნააზრევი მეტად საგულისხმოა, დამეთანხმებით, რომ დღეს ოჯახის წევრებს თითქოს აღარ ესმით ერთმანეთის, „თავ-თავიანთი ღობე ავლიათ“(ილია), დღის განმავლობაში ძალიან ცოტა ხნით ხვდებიან ერთმანეთს და საერთო ენასაც ვეღარ პოულობენ, გამწყდარია სიმი ერთიანობისა, გაღრმავდა ხიდჩატეხილობა მშობლებსა და შვილებს შორის და ახლა ამ მძიმე დრომ თითქოს აიძულა ისინი, რომ ერთ ჭერქვეშ ეცხოვრათ, ესუნთქათ, ესაუბრათ, ერთმანეთის სულებამდე და ტკივილამდე მისასვლლელი გზები ეპოვათ, ჰარმონიისთვის მიეღწიათ. თუ არ იქნება ოჯახის სიძლიერე, არც ერის სიძლიერე იქნება.
მეტად საინტერესოა მე-6 თეზის შეხედულებები, რომელთაც შეიძლება ვუწოდოთ „ეკოლოგიისა და ეკონომიკის კონფლიქტი“. ბატონი ნოდარი მიანიშნებს ადამიანებს, რომ „ბუნება არ პატიობს ადამიანს იმას, რომ იგი მოზღვავებული სიხარბის გამო, მტაცებლად ექცევა მას“. იმასაც ხშირ შემთხვევაში ადამიანი კი არ პატრონობს ბუნებას, პირიქით, ანადგურებს, არ ფიქრდება, რომ ეს თვითონ მას დაუბრუნდება ბუმერანგად.
ნოდარ ჭითანავა აღნიშნავს: „ანგარება წარმართავს ეკონომიკის განვითარებას. მაქსიმალური მოგების ამოღებაზე აგებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა სისტემამ, ეკოლოგიური პრობლემები შექმნა. ბიოლოგიური კატასტროფის საფრთხის დასაძლევად 85 ტრილიონიანი მთლიანი შიდა პროდუქტის მქონე მსოფლიომ საჭირო სახსრები ვერ გამონახა“.
ამავე თეზაში ბატონი ნოდარი გვესაუბრება იმის შესახებ, რომ კაცობრიობამ აუცილებლობისას ერთი ინტერესით ცხოვრება ვერ ისწავლა. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ძლიერი გამოწვევებისას ძნელია, მარტო დარჩენილმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. საჭიროა ერთმანეთის ინტერესების გვერდით დგომა. „კოლონიზაციის ხაფანგებზე გამდიდრებული ეკონომიკის ქვეყნებში ადამიანთა მოდგმის კეთილდღეობისთვის ისტორიულ პასუხისმგებლობას გაურბიან“. ბუნებრივია, ეს გასათვალისწინებელია არა მხოლოდ დღევანდელი დღისთვის, არამედ მომავლისთვისაც.
მე-7 თეზაში ნოდარ ჭითანავა გვესაუბრება თანამედროვე მსოფლიოს 5 უბედურებაზე: სიღარიბე, უმუშევრობა, უწიგნურობა, ავადმყოფობა და უთანასწორობა. მიანიშნებს იმაზე,რომ ვირუსის დამარცხების შემდეგ ეს პრობლემები უფრო გაღრმავდება. ჩამოთვლის იმ მიზეზებს, რატომაც არაა დღეს ქართველი ერი „ისტორიით შედუღებული ერთ სულ და ერთ ხორც მკვიდრთა კრებული“(ილია). ცნობილი მეცნიერი ჩვენ იმასაც შეგვახსენებს, რომ „ქართველებს განგებისგან მომადლებული ნიჭიც გვაქვს, საუკუნეებს გამორიდებული ღირსებაც და მისი დაცვის უნარიც“.
ბატონი ნოდარი იმაზეც გვესაუბრება, თუ რა დაგვანახა კორონავირუსთან ბრძოლამ. ცნობილია, რომ ეროვნული სულისკვეთება და ენერგია ხშირად იყო დაფარული დადახშული გარედან ნაკარნახევი ილუზიებით. ისევ იდგა „საკუთარი თავის ყუდნების“ პრობლემა. დღეს კი, ამ ურთულეს ჟამს, სხვა სურათი იხატება - „მთვლემარე მდგომარეობიდან“ გამოსვლის ნიშნებს ავლენს. იმედის სხივმა გაიელვა: ეროვნული ენერგიის მკვებავი წყარო არ დაწრეტილა, იგი სუფთაა და მისი გონივრული გამოყენებით შესაძლლებელია ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნება. იმედი- ეროვნული თნხმობისაკენ“. არ შეიძლება სიამაყე არ მოგგვაროს მეცნიერის ამ შეფასებამ.
საინტერესოა ისიც, თუ რა დაადასტურა ამ ორთვიანმა ბრძოლამ. ამის სიღრმისეულ ანალიზსაც გვაძლევს ბატონი ნოდარი: „ინტელექტუალური პოტენციალი, როცა მას ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის სწორად გამოვიყენებთ, უდიდესი ძალაა, იგი მილევადი არ არის, სიცოცხლისუნარიანია, გამოწვვევებთან გამკლავების შემართება, ღირსება და ცოდნაც შენარჩუნებული აქვს. ეს გამოჩნდა მყისიერად სამედიცინო სფეროში. ძველმა, ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულითა და მაღალ პროფესიულ დონეზე აღზრდილმა მედიკოსთა თაობამ საზოგადოებას სანიმუშო მაგალითი მისცა“.
ნოდარ ჭითანავა ქართველ ერს შეახსენებს, რომ გამყრელიძეები, იმნაძეები, ცერცვაძეები, ეზუგბაიები და სხვები ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მრავლად არიან. მთავარია, რომ ჩვენ ისინი ღირსეულად დავაფასოთ, შესაფერისი პატივი მივაგოთ, ისინი ხომ ერის სიძლიერენი არიან, ისინი ზრდიან მომავალ პროფესიონალებს, ქმნიან ამინდს ქვეყნის ცხოვრებაში. „ერის უბედურება იწყება იქ, სადაც სახელმწიფო, საზოგადოება სამი არამატერიალური განძის - ნიჭის, ჭკუისა და ცოდნის მფლობელ მამულიშვილებს(მოქალაქეებს) უნდობლობას უცხადებს“.
ბატონი ნოდარი მიიჩნევს, რომ უფროსი, საშუალო და უმცროსი თაობების პოტენციალის თანაზომიერი გამოყენების აუცილებლობაა. ძალზე ძნელია სამ „სამთა“ კავშირის გარეშე წარმატებების მიღწევა. ამიტომაც ჩვენი მოვალეობაა, ნებისმიერ სფეროში გამოვიყენოთ მათი ცოდნა და გამოცდილება.
ინტერვიუს დასასრულს ნოდარ ჭითანავა კვლავ დიდი ილიას სიბრძნეს მოიშველიებს. საზოგადოებაში პოზიციათა უკომპრომისო დაპირისპირება არაა საჭირო, არამედ „ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ბედნიერი მორიგება“ (ილია).
ცნობილ მეცნიერს არც ის ავიწყდება, რომ ასეთ რთულ დროს ხალხის მორალურ-ფსიქოლოგიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. საჭიროა ბრძოლა მომავლისთვის, მზადყოფნა შემდგომი სიძნელეების გადალახვისთვის. ბატონ ნოდარს მიაჩნია, რომ დღეს თანაბრად სჭირდება საქართველოს ძლიერი და გამჭრიახი სახელმწიფო ძლიერი და მოქნილი ეკონომიკით.
ბოლოს ნოდარ ჭითანავას მოწოდება ასეთია: „ცოდნის ჩარხზე გალესილი ჭკუით“ განვსაზღვროთ ამჯერად მაინც ქვეყნის განვითარების სწორი სტრატეგია.
დღეს ქართველობა სულხორციანად გადარჩენის ბრძოლაშია ჩაბმული. ჩვენ რიცხობრივად მცირე ერი ვართ, ამიტომ რასაც დიდი სახელმწიფოები გაუძლებენ, ჩვენთვის მომაკვდინებელი იქნება. ჩვენ უნდა გადავრჩეთ!
პროფესორ ნოდარ ჭითანავას ნააზრევში გამოკვეთილია უაღრესად კრიზისულ სიტუაციაში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების როლი და მნიშვნელობა. შეფასებულია და დროის ადეკვატურად გააზრებულია მიმდინარე და სტრატეგიული ღონისძიებების სისტემის ნათელი კონტურები. ამასთან, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე აკეთებს მეტად გაბედულ და მართალ ანალიზს და დასკვნებს. ერის ღირსეულ მამულიშვილებს უნდა მოვუსმინოთ...
მურმან კვარაცხელია,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი