იური მეჩითოვი: დღეს ქალი ქალს არ ჰგავს და კაცი - კაცს!
წინამდებარე ინტერვიუ ცნობილ ფოტოგრაფ იური მეჩითოვთან რამდენიმე თვის წინ ჩაიწერა და იგი ერთ-ერთ პერიოდულ ჟურნალში უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჟურნალის გამოცემა შეჩერდა.
იური მეჩითოვის კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, ვფიქრობთ, საინტერესოა მისი, როგორც თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის პრიზმაში დანახვა.
მეგობრები ხუმრობენ, რომ ის არის გაურკვეველი წარმოშობის - მამის მხრიდან ქართლელი (ხაშური, გორი), ხოლო დედით თბილისელი. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, მისი გენიალოგია თეირანშიც კი ჩაგვიყვანს. ბატონი იური იუმორით ამბობს, რომ მისი გვარი სრულიად ქართულია _ მეჩითიშვილიდან მეჩითოვი ლაკონური ვერსიააო.
იური მეჩითოვი საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვესაუბრა. მან ჯერ კინოს სახლში მიგვიწვია, სადაც ოცდაცხრა წლისამ პირველი ფოტოგამოფენა მოაწყო, შემდეგ კი მის აუდიტორიაში გადავინაცვლეთ. კარი რომ შევაღეთ, იგი ჩვეული ღიმილითა და ომახიანი ხმით მიესალმა სტუდენტებს. ბატონი იური ცდილობს, რაც შეიძლება ახლოს იყოს ახალ თაობასთან, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ძველ თაობას უკვე "დედა არ ჰყავს", მათ აღარ შესწევთ უნარი დაინახონ სიბინძურე და აიღონ ჩვარი მის გასაწმენდად.
მეჩითოვს სურს დაანახოს მომავალ თაობას ფოტოგრაფიის როლი და მნიშვნელობა, დღევანდელობისადმი მისი დამოკიდებულება...
თქვენ ცნობილი ფოტოხელოვანი ბრძანდებით, რატომ აირჩიეთ პროფესიად ფოტოგრაფია?
მე საკუთარ თავს არც ფოტოხელოვანს ვუწოდებ და არც ფოტოჟურნალისტს. მით უმეტეს, სიტყვა "ფოტოხელოვანს" საერთოდ ვერიდები. ეს წოდება ბევრმა მიითვისა, რეალურად კი მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენი მოგონილია, რომ ფოტოგრაფი დავუკავშიროთ ხელოვანს. ვინც ფუნჯს სვრის, ყველა ხელოვანი არაა! ფოტოგრაფია საშუალებაა როგორც ფერწერა, როგორც კინემატოგრაფი, რომლისგანაც შეიძლება შექმნა რაღაც ღირებული, ან საერთოდ არაფერი არ შექმნა. მე თავს მივიჩნევ ფოტოგრაფად, რომელიც გამოსახულებებს ქმნის. რაც შეეხება ფოტოგრაფიის არჩევას, ის მე არ ამირჩევია - მან თვითონ ამირჩია.
ფოტოგრაფობამდე კინემატოგრაფობა მინდოდა, მაგრამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება ვერ შევძელი - რამდენჯერმე ვცადე ბედი და ჩამჭრეს. რატომღაც ჩათვალეს, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. როცა ჩემმა დისშვილმა მოითხოვა, - შანსი მომეცით, თეატრალურ ინსტიტუტში მინდა ჩავაბაროო, ვუთხარი: - შენ უნდა იყო დალაქი, შენი საქმე მსახიობობა არ არის, რადგან დალაქის შვილი ხარ-მეთქი. მამაჩემი მკერავი იყო და მეც ხელობის ერთერთი დარგის მიმდევარი გავხდი. ფოტოგრაფია პირველ რიგში წმინდა წყლის ხელობაა. ახლახან ვიყავი ბათუმში და ჩემი მეგობრის ქანდაკებას ვიღებდი და ეს იყო ხელობა.
რას გაიხსენებდით თქვენი და სერგო ფარაჯანოვის ურთიერთობაზე?
ეს ისეთი თემა გახდა: როცა მე მახსენებენ, სერგოსაც ახსენებენ, ხოლო როცა სერგოს ახსენებენ, მეც მახსენებენ. ცოტა არ იყოს, სასაცილოცაა. ჩვენი სახელები მას შემდეგ დაუკავშირდა მჭიდროდ ერთმანეთს, რაც შარშან ოქტომბერში გამოვეცი წიგნი "დიალოგის ქრონიკა". მასში ჩვენი ურთიერთობის ისტორიაა აღწერილი. ის იყო ოსტატი და მე - მისი შეგირდი. მისი დახმარებით ფრთებიც გამეზარდა და ჭიკჭიკიც დავიწყე. სერგოს მსგავსი ადამიანები არ კვდებიან, მათ სიკვდილი არ უწერიათ. მოგეხსენებათ, ადამიანი მარტო ბიოლოგიური არსება არ არის... თუნდაც, როგორ ვურთიერთობთ ბახთან, რომელიც დიდი ხნის წინათ გარდაიცვალა? ის ჩვენში ცოცხალია. დაახლოებით იგივე განცდა მეუფლება სერგო ფარაჯანოვის და მისი შემოქმედების გახსენებისას.
როდიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობა, როგორ აღმოგაჩინათ?
სრულიად შემთხვევით. მე მას ვაჩვენე ფილმი, რომელიც გადავიღე მეგობართან ერთად.
ქარვასლასთან გაიხსნა სერგო ფარაჯანოვის ქანდაკება, რომლის შექმნაშიც თქვენი სახელი ფიგურირებს...
ეს სურათი სერგოს მიერ არის შექმნილი, მე უბრალოდ ღილაკზე თითის დამჭერი ვიყავი. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არა მარტო იმ ქალებისთვის, რომლებიც უკანა პლანზე არიან, არამედ ჩემთვისაც.
როგორია ეროტიკა იური მეჩითოვის შემოქმედებაში?
თორმეტი წელი მივუძღვენი ეროტიკულ ფოტოგრაფიას, რომელიც დასაბეჭდად მიდევს. სულ რაღაც ათი ათასი დოლარი მჭირდება, რომ შევქმნა რამდენიმე ეგზემპლარი.
რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფოტოგენურობა გადაღების პროცესზე?
თვითონ ადამიანი უნდა იყოს საინტერესო და მიმზიდველი. თუმცა, არაა მართებული გამოვიყენოთ სიტყვა "საინტერესო" - ეგ ისევე არაფრისმომცემია, როგორც სიტყვა "აუცილებლად". როცა ადამიანი გეუბნება "აუცილებლად", ის დანაპირებს არასოდეს შეასრულებს. ცუდი სიტყვაა "ფოტოგენურიც". თუ ადამიანს ცხოვრების რაღაც ეტაპი გაუვლია და რაღაცას წარმოადგენს, ეს მის სახეზე აისახება. ეგეთი ადამიანების გადაღება ჩემთვის საინტერესო და ღირებულია. ამიტომაა, რომ ხშირად იღებენ ხანდაზმულებსა და ბავშვებს. ბავშვებში არის რაღაც უშუალობა, ღია დამოკიდებულება სამყაროსადმი, გახსნილობა. ბებრებში კი პირიქით: მათ ცხოვრების დიდი ტვირთი უზიდიათ და ისინი უფრო კარგ ფოტოგრაფიულ მასალას წარმოადგენენ. თუ ადამიანს სახეზე არაფერი არ ეტყობა, ის არის უემოციო.
შეიძლება თუ არა არასწორად გადაღებულმა ფოტომ გადასაღები ობიექტის რეალური სახე დაამახინჯოს, ან პირიქით, პროფესიონალმა ობიექტს სილამაზე და მომხიბვლელობა შემატოს?
ხელოვნებაში ლამაზი არ არსებობს, ის ლამაზი ხდება აღქმაში. მე მიმაჩნია, რომ დღეს ხელოვნების საქმე ცუდად არის, იგი სულს ღაფავს ამ კაცობრიობის ხელში. დღეს ბევრი ცნება და მიდგომა აღრეულია. ბევრი ქალი ქალს არ ჰგავს და კაცი - კაცს.
თქვენი აზრით, რა როლი შეასრულა ფოტოგრაფიის განვითარებისა და სრულყოფისთვის მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, ანუ კომპიუტერისა და ციფრული ფოტოაპარატის შესაძლებლობებმა?
შეიქმნა ახალი გამოწვევები, ფოტოგრაფია უფრო მისაწვდომი გახდა. უამრავ ფოტოს იღებენ და არაფერი ეხარჯებათ, შემდეგ კი ყოველივეს გააზრებისთვის არც დრო აქვთ, არც უნარი და არც განათლება. გაჭედილია ე. წ. "ფეისბუქები" ათასგვარი სისულელით, კაიფობენ! ფოტოგრაფია სამომხმარებლო გახდა, იქიდან ძალიან ცოტას თუ შეიძლება ქმნილება უწოდო.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ უბრალო ფოტომოყვარული პროფესიონალ და წარმატებულ ფოტოგრაფად იქცეს?
ფოტოგრაფი და წარმატებული არ არსებობს. ერთადერთი ეგეთი რუბენსი მახსენდება, რომელსაც ფულისა და ქალების ფუფუნება ოხრად ჰქონდა. ფიროსმანი შიმშილით მოკვდა. ვაჟა-ფშაველასაც გასაჭირში აღმოხდა სული... იცით, სოფლიდან თბილისში ჩამოდიოდა და ხელფასს ვერ იღებდა. ასე რომ, ხელოვანი ზოგჯერ შეიძლება იყოს მდიდარი.
მაგალითად, სალვადორ დალი...
კი, ბატონო! სალვადორ დალი იყო მდიდარი. მე წარმატებულობის რა მეტყობა? ეს იმით განისაზღვრება, ვინ რას იცვამს, რა მანქანით დადის, ხშირ შემთხვევაში იმითაც, ვინ ვის ჩაუწვება ლოგინში, როდის და რამდენჯერ. არ ვამბობ სიმართლეს? აღიარეთ, რომ ეგრეა!
ვინ არის თქვენი მუზა და რომელი სფერო უფრო გიზიდავთ პროფესიული თვალსაზრისით?
მაგაზე ყურადღება არასოდეს გამიმახვილებია. ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ვინმესთან მივიდე და გადაღება ვითხოვო. თუ ფულს გადამიხდის კარგი ნამუშევრისთვის, მით უკეთესი. თუ შენ რაღაცას აკეთებ იმისთვის, რომ ეს ვიღაცამ გითხრა, ეს ხელოვნება უკვე აღარ არის. თუ ხელოვანი ხარ, ეს ყველაფერში გამოიხატება: აღქმაში ხარ ხელოვანი, ქალთან ურთიერთობაში ხარ ხელოვანი... უნდა შეგეძლოს ღვთით ბოძებული ნიჭის რეალიზება, ხალხი უნდა გაახარო ამით. ზოგჯერ შეიძლება ვიღაც შეაწუხო კიდეც. სავალდებულო არაა ყველას ყველაფერი მოსწონდეს, ეს რეალურად ასე არც ხდება. მე მიზიდავს პორტრეტი, მსურს დავინახო ადამიანის სულიერი სამყარო, დრო, სივრცე, განზომილებები...
როგორია თქვენი როგორც ფოტოჟურნალისტის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო?
ფოტოჟურნალისტიკა საქართველოში არ არსებობს, რადგან არ არის მასზე მოთხოვნა. არის რამდენიმე ჟურნალი, რომელიც რაღაცას ცდილობს, მაგრამ ნაკლებად გამოსდით. ვიცნობ ფოტოჟურნალისტად მონათლულ ფოტოგრაფებს, რომლებიც მუშაობენ. სინამდვილეში ეს "ზღვაში წვეთია". ტელევიზიამ შეჭამა ფოტოჟურნალისტიკა. ჟურნალისტები უმეტეს შემთხვევაში უაზრობებით ტენიან ცარიელ ადგილებს. არიან ე.წ "ტალკინგ ჰეადს" მოლაპარაკე თავები, ხდება უბრალოდ ტექსტების მორთვა.
ვიცით, რომ ამსტერდამში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო ფოტოგამოფენა "World press fhoto". რამდენად ღირებულია ეს და სხვა ფოტოგამოფენები თქვენთვის?
ყოველთვის ღირებულია, მაგრამ მანდ იმარჯვებენ ომისა და კატასტოფების ამსახველი ფოტოები და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. მე მიმიღია მონაწილეობა მსგავს ფოტოგამოფენაში ლონდონში, რომლის სახელწოდებაა "National portret galery". ერთმა კეთილმა ადამიანმა დააფინანსა მასში ჩემი მონაწილეობა, მაგრამ ვერ გავიმარჯვე – როგორც ჩანს, იქ სხვა მიდგომებია. მე მაინც ინერტული ვარ და არ მიზიდავს მსგავსი სპორტული დამოკიდებულება. მახსენდება ალექსანდრე სააკოვი, რომელსაც 120 საერთაშორისო პრიზი ჰქონდა, იგი ძალიან ამბიციური იყო და ეს ბუნებრივიცაა. ხელოვანი უნდა იყოს ამბიციური, უნდა სურდეს, რომ ვიღაცამ ტაში დაუკრას.
მე არ მივცემ თავს იმის უფლებას ისე მოვიქცე, როგორც ბევრი იქცევა - დღეს კამერას აიღებს ხელში და ხვალ უკვე ფოტოგრაფს უწოდებს საკუთარ თავს. ორმოცდაათი წლის სტაჟი მაქვს, ათი წლისამ ავიღე ხელში ფოტოაპარატი, სამოცი წელი ვიცხოვრე ამ ცოდვილ მიწაზე და აქედან ოცდაათი წელი მივუძღვენი ამ საქმეს. ვფიქრობ, ეს არის იმისდასტური, რომ დღეს ფოტოგრაფია ჩემთვის არ არის შემთხვევით ღილაკზე თითის დაჭერა. გაგიმხელთ, რომ ვაპირებ დავწერო საქართველოს ბოლო ოცდაათი წლის ისტორია. მინდა შავს შავს დავარქვა და თეთრს – თეთრი. შაბლონს არ გამოვიყენებ! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იქნება ჭეშმარიტება.
ე.ი. განსჯას ექვემდებარება...
რა თქმა უნდა, მაკრიტიკონ რამდენიც უნდათ!
საკმაოდ თავისუფალი ადამიანი ბრძანდებით, უხერხულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?
დიახ, ერთხელ კაზაკების დაჯგუფებებს ვიღებდი, რომლებიც ერთმანეთს ესროდნენ რაღაც "შაშკებს". დიდი მონდომებით გადავიღე, გავამჟღავნე და როცა სახლში მივედი, ფირები სუფთა იყო. კურიოზი დამემართა. ბოდიში მოვიხადე, უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. არის მომენტი, როცა შეიძლება ტექნიკამ გიმტყუნოს.
თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით, ხომ არ არის ვინმე დაინტერესებული ფოტოგრაფიით?
კარგი ოჯახი მყავს, სულ ქალები არიან: ორი ქალიშვილი და "ცოლი, რომელიც ქალია"! ამის დაზუსტება საჭიროდ მიმაჩნია, შეიძლება ცოლი მოიყვანო და კაბაში კაცი იმალებოდეს. დაინტერესებული არიან იმით, რაც შეიძლება ბევრი ფული მივიტანო, სხვა დაინტერესება ჯერ ვერ შევამჩნიე. ხუმრობა იქით იყოს და, მთავარია, ყველამ აკეთოს ის საქმე, რაც მას ნამდვილად უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს.
ესაუბრა ია ადეიშვილი