რატომ შევიდა მასწავლებელების „სქემა“ ჩიხში
ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ამ ცნობილ ანდაზას: „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“. საქმე ეხება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეჩერება-შეწყვეტის ძალიან დაგვიანებულ მოთხოვნას. მე კარგად მახსოვს და ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ერთადერთი, ვინც პირველად ეს ე.წ. სქემა ჯერ კიდევ 7 წლის წინ პროექტის სტადიაში გააკრტიკა, დაგმო და მისი დაკანონების წინააღმდეგ წავიდა, იმ დროს თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დათო ფერაძე იყო. ცხადია, არანაირი განსაკუთრებული ინტერესი იმისა, რომ ფერაძის პერსონა წარმოვაჩინო, არ მაქვს. უბრალოდ, ჩვენ, პედაგოგებს რომ ერთიანობა გვიჭირს, სიფხიზლე რომ გვაკლია და ყველა ხელისუფლება ისე გვექცევა, როგორც მათ სურთ - ამის თქმა მინდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რატომ არ უნდა გვახსოვდეს ასევე ჩვენივე კოლეგის შრომა, რომელმაც თითქმის მარტო იბრძოლა და იბრძვის ამდენსა. ამიტომაც, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს მისი კვლევებიდან, მიმართვებიდან და სტატიებიდან. ფერაძის პირველი ასეთი სტატია, რომელიც სქემის გასაიდუმლოებულ პროექტს ეხებოდა, 2014 წლის გაზაფხულზე რამდენიმე მედია საშუალებამ გამოაქვეყნა სათაურით: „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა თუ ბარიერი“ სადაც ფერაძე წერს:
„შეუწყობს ხელს სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეთათვის კონკურენტუნარიანი საბაზო ცოდნის პაკეტის შეთავაზებას ასეთი სისტემის შექმნა? სინამდვილეში რას მივიღებთ — კრედიტების დაგროვებასა და კატეგორიებზე ორიენტირებული მასწავლებელი სქემით შემოთავაზებულ აქტივობებს გამოიყენებს არა მოსწავლისთვის, არამედ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მონიტორინგის მობილური ჯგუფითვის... ამგვარი სიტუაცია, საწყის ეტაპზევე უგულებელყოფს თანამედროვე საგანმანათლებლო პოლიტიკის მთავარ, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პრინციპს.“
დღეისთვის, ანუ 7 წლის შემდეგ ზუსტად ეს რეალობა დადგა. მაშინ უმრავლესობამ ფერაძის გამოსვლა მოჭორილ და შეთხზულ ამბად ჩათვალა. ასეთი ადამიანები და მათ შორის, სამწუხაროდ ჩვენი კოლეგებიც ამბობდნენ, რომ არავითარი „წმენდა“ არ იგეგმება და არავითარი „კასტებად“ დაყოფა არ მოხდებაო. მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. მთავრობამ სქემა შემოიღო მცირეოდენი შეცვლილი სახით. ამის შემდეგ ფერაძემ არაერთხელ გააკრიტიკა უკვე მოქმედი სქემაც, ხოლო მასწავლებლების ნაწილი სამწუხაროდ გადაეშვა კრედიტების დაგროვების მარაქაში და ყურად არ იღო გაფრთხილება იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რასაც საჯაროდ დებდა დათო ფერაძე.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჯერ კიდევ სქემის ამოქმედებამდე დათო ფერაძემ მიმართა მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს. სადაც ვკითხულობთ: „თითქმის სრულიად მიუღებელია შემოთავაზებული მოდელი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რომლის ამოქმედების შემთხვევაში იმდენად გაიზრდება როგორც ცალკეული მასწავლებლის ისე მთელი სკოლის ვალდებულებითი ტვირთი, რომ შეუძლებელი გახდება მისთვის თავის გართმევა.“ (2014 წელი. 5 ივლისი.) მიმართვა სრულდებოდა თხოვნით, რომ არ ამოქმედებულიყო სქემა. ფერაძემ მხარდაჭერისთვის მიმართა საქართველოს პარლამენტსაც: „არ არსებობს არანაირი გარანტია სქემაში ჩართული პედაგოგის მიერ კრედიტების დაგროვების პროცესის მონიტორინგის ობიექტურობისა და არც პედაგოგის მუშაობის რეალურად შეფასებისა. საეჭვოა მონიტორინგის მობილური ჯგუფისა და სხვათაშორის სქემით გათვალისწინებული ერთ-ერთი აქტივობის - ტრენერთა ხელმძღვანელების (ტრენერები) პროფესიონალიზმი; გაურკვეველია გადამზადების ცენტრთა კვალიფიკაციის დონე... პრობლემა გახლვათ თვითონ კრედიტების დაგროვების ურთულესი სისტემა, პედაგოგთა დიდი ნაწილისთვის მიუღწეველი იქნება იმ მოცულობის სამუშაოსთვის თავის გართმევა, რასაც სქემა დაავალდებულებს; სქემა არ ითვალისწინებს არა მარტო იმას, ეყოფა თუ არა ინტელექტუალური და ფიზიკური ძალა და დრო თავად პედაგოგს, არამედ არც პედაგოგის პროფესიული საქმიანობის ადგილის - სკოლის ფაქტორსაც, ანუ იმას თუ რამდენად გასწვდება სკოლის ტექნიკური, ადამიანური და უფრო მეტად კი დროის რესურსი კრედიტების დაგროვების პროცესს; არის სერიოზული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კრედიტების დაგროვებასა და კატეგორიებზე ორიენტირებული მასწავლებელი სქემით შემოთავაზებულ აქტივობებს გამოიყენებს არა მოსწავლისთვის, არამედ შემმომწმებელთა საჩვენებლად. და ბოლოს: ყველა კარგად ვხვდებით, რომ შემოთავაზებული მოდელის დაკანონება ძირითადად ემსახურება მასწავლებლის შრომითი ანაზღაურების ზრდის დროში გაწელვას“ (2014 წლის 25 სექტემბერი).
შედეგად საკანონმდებლო ორგანომ 2014 წლის ოქტომბერში განათლების სამისნიტროს მიერ წარდგენილი სქემის პროექტი არ დაამტკიცა. ამ დროისთვის პროექტის საჯარო ვერსია ისევ არ არსებობდა, ის იყო გასაიდუმლოებული და არ გადიოდა არანაირ საჯარო განხილვას. განათლების სამინისტრომ ასეთივე გასაიდუმლოებულად, ოღონდ, ფერაძის მოთხოვნების შემდეგ მცირე ცვლილებით ის ხელახლა შეიტანა პარლამენტში, თუმცა პარლამენტის შესაბამისმა დარგობრივამ კომიტეტმა, რომელსაც მაშინ ივ. კიღურაძე ხელმძღვანელობდა, ის ისევ არ მიიღო და გადაამისამართა მთავრობაში.
მიმართვეის პარალელურად დავით ფერაძემ წამოიწყო აქციები განათლების სამინისტროსთან და ასევე საჯარო სკოლებთან. მას თან ახლდა თანამოაზრე, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის დამფუძნებელი დავით სალია (ამჟამად იძულებით ემიგრაციაში) ამგავრმა აქტივობამ გარკვეული შედეგი გამოიღო. სქემის პროექტის პირვანდელი ვერსია ცოტა “შეამსუბუქეს“, მაგრამ, მას საერთოდ არ დაამტკიცებდა მთავრობა, პედაგოგებს რომ ინერტულობა არ გამოგვეჩინა. ამიტომ, საქართველო პრემიერმა 2015 წელს ხელი მოაწერა სქემის ამოქმედებას, თუმცა, ფერაძის აქტივობის შედეგად იქიდან ამოიღეს ყველაზე მეტად კაბალური მუხლები.
დავით ფერაძემ გააგრძელა ბრძოლა, ამჯერად უკვე ამოქმედებული სქემის წინააღმდეგ და იმ დროს, როდესაც ზოგიერთმა ჩვენმა კოლეგამ სქემისადმი ხოტბის შესხმა დაიწყო, ფერაძე ალაპარაკდა მომავალ საშიშროებებეზე, რაც ზედმიწევნით ახდა.
2015 წლის აპრილში განათლების სამინისტროს (მაშინ მინისტრი იყო თამარ სანიკიძე) ინიციატივით სკოლებში პედაგოგთა გამოკითხვა დაიწყო. ე.წ. კითხვარით ფასდებოდა სქემის ავ-კარგიანობა. დათო ფერაძემ მიმართა მასწავლებლებს:
“ პედაგოგებო, გეძლევათ შანსი უარი უთხრათ "სქემას"
როგორც ვიცი, ამ დღეებში სკოლებში დარიგდა ან ახლა არიგებენ ე.წ. კითხვარებს, რომლითაც სანიკიძის უწყება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის "გაპრავებას", ანუ სქემისთვის პედაგოგებისსავე ხელით ლეგიტმაციასა და სანდოობის ხარისხის მინიჭებას აპირებს. პედაგოგთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ სინამდვილეში სქემა არის კლასიკური აბსურდი და რაც მთავარია, სახელფასო მატების დამუხრუჭება. კითხვარებს ის უპირატესობა აქვთ, რომ ანონიმურად ივსება. მხოლოდ მამაზეციერს თუ ეცოდინება შემვსების ვინაობა. ჰოდა, ახლა გავქთ შანსი, რომ სრული სითამამით არ "მოიწონოთ" ეს თავსმოხვეული "თვითმკვლელობის" იარაღი. ახლა გაქვთ შანსი, რომ ვინაობის გამხელის გარეშე უარი უთხრათ სანიკიძის დამქაშების მიერ ძალდატანებით შემოგდებულ ე.წ. სქემას..„ (21 აპრილი. 2015 წ.).
მაგრამ მასწავლებლები ასე არ „ფიქრობდნენ“. საქართველოს პედაგოგთა აბსოუტურმა უმრავლესობამ სქემა დადებითად შეაფასა, ხოლო „ზედმეტი“ აქტივობის გამო, ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ გასცა ბრძანება, რომ დათო ფერაძე გაეძევებინათ 116-ე საჯარო სკოლიდან, ხოლო სხვა საჯარო სკოლებსაც დაეკეტათ მისთვის კარი, როგორც მასწავლებლებისთვის.
2016 წლის აპრილში სხვადასხვა მედიასაშუალებით და სხვადასხვა სათაურით ისევ გამოქვეყნდა დათო ფერაძის ანალიტიკური სტატია. ამ დროისთვის სქემის პირვანდელი ვერსია რამდენადმე შეცვლილი იყო. ამ სტატიაში გამოთქმული ვარაუდები რამდენიმე წელიწადში რეალობად გადაიქცა:
აი, რა წერია 2016 წლის სტატიაში:
„თუ შემდგომი პროფესიული ზრდა ისევ მასობრივად წარუმატებელი აღმოჩნდება, დაახლოებით 50 ათასამდე ე.წ. პრაქტიკოსი მასწავლებელი მოქმედი კანონმდებლობით დამწყებ სტატუსსაც დაკარგავს და შესაბამისად საჯარო სკოლებსაც გამოემშვიდობება. პედაგოგთა დაახლოებით 30 პროცენტი ასაკობრივი პრინციპით ისედაც წავა, საჩვენებლად, ყოველწლიურად, მხოლოდ 300-400 პედაგოგი თუ გადავა ახალ საფეხურზე (საერთოდ კი პრაქტიკოს მასწავლებელს 13 წელი მაინც უნდა, რომ ყველაზე მაღალ მენტორის საფეხურზე გადაინაცვლოს, თუმცა, თუ ამ საფეხურებისთვის შესანარჩუნებელ ქულებს ვერ დააგროვებს, მას „ჩამოალაბორანტებენ“ „დაბალ კასტებში“).“
მართლაც, დღეს „პრაქტიკოსები“ აღარ არსებობენ, მათ, რაც ჰქონდათ, ის სტატუსიც დაკარგული აქვთ და სკოლის მიღმა დარჩენის საფრთხეც ემუქრებათ.
2018 წელს ფერაძემ მოამზადა პეტიცია და დაიწყო პედაგოგთა ხელმოწერების შეგროვება, სქემის მოქმედების შეჩერების შესახებ, ამის შემდეგ მთავრობამ და სამინისტრომ საკითხზე განმარტება მოთხოვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორს - მაჩაბელს, რომელმაც დავით ფერაძეს ოფიციალურად უპასუხა, რომ მოქმედი სქემა პედაგოგების კეთილდღეობას ემსახურება და მის გადახედვას არ ვაპირებთო. ეს უკანასკნელი საგულდაგულოდ იცავდა სქემას და მას ყველაზე საგანმანათლებლო პოლიტიკის ყველაზე დადებით ნაბიჯად მიიჩნევდა. რასაც მოყვა დავით ფერაძის მკაცრად არგუმენტირებული და დასაბუთებული საპასუხო კრიტიკული განცხადება. მასში ვკითხულობთ: „რატომ არსებობს სქემაში დისკრიმინაციული მოთხოვნა „სტატუსის შენარჩუნება“? ეს იმას ჰგავს, სამხედრო პირს ოფიცერის წოდების მინიჭების მერე დრო და აქტივობები რომ განუსაზღვრონ წოდების შესანარჩუნებლად, თუ არადა რიგითობამდე რომ ჩამოაქვეითონ. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არათუ პრაქტიკოსთა წინსვლის, არამედ უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეთა ჩამოქვეითების ტენდენციებმა იჩინა თავი, რადგან მათთვის გაცემული დანამატები სახელმწიფოს ეზედმეტება. სწორედ ამიტომაა შემოგდებული „სტატუსის შენარჩუნების“ რთული ალგორითმი“.
აღსანიშნავია, რომ ფერაძე-მაჩაბელის ამ პოლემიკას ის შედეგები მოყვა, რომ გარკვეული გონივრულობასთან მიახლოებული ცვლილებებიც შეიტანეს სქემაში. მაგალითად, ადრე თუ უფროსი მასწავლებელი ვალდებული იყო სტატუსით არ დაკმაყოფილებულიყო და ებრძოლა „ზედა“ სტატუსისთვის, და რის გაუქმებასაც დაჟინებთი ითხოვდა ფერაძე. მოგვიანებით ეს ვალდებულება გაუქმდა. მეტიც: სქემის აპოლეგეტი მაჩაბელი თანამდებობიდან გადააყენეს. ის ბერიკა შუკაკიძემ შეცვალა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელობამ კი მორიგი ახლა-ახალი ცვლილებები შეიტანა სქემაში და მას „განახლებული სქემა“ ეწოდა. ამის თაობაზე დავით ფერაძემ კიდევ ერთხელ და ჯერ-ჯერობით საბოლოოდ გამოაქვეყნა სტატია 2020 წლის ივნისში (სხვადასხვა მედია-საშუალებებით) სათაურით: „ახალი საგანმანათლებლო კოლაფსის მოლოდინი და დაბრკოლებად ქცეული სქემა“. სტატიას ფერაძე ასეთი პათოსით ასრულებს:
„მე შევეხე საკვანძო მუხლებს და იმ ჩრდილებს, რომლებიც საფუძვლიან ქაოსს შემოიტანს განათლების სისტემაში, თუმცა აქამდეც არანაკლები უწესრიგობა და არეულობა იყო. არის სხვა ნიუანსებიც სქემაში და ყველაფერი ეს ერთად ადასტურებს სქემის უვარგისობას. უამრავმა წყალმა ჩაირაკრაკა, რაც წლების წინ პირველად შევეხე ამ ხათაბალად ქცეულ სქემას. უფრო სწორად, ჯერ კიდევ ჩანასახის პროცესში ჩამივარდა იგი ხელთ (რადგან, მაშინ საგულდაგულოდ მალავდნენ) და მაშინ ვამბობდი, რომ სქემის ამოქმედება სკოლებს და მასწავლებლებს კრედიტმებრძოლ სისტემად გადააქცევდა და განათლების ხარისხი და დონე კიდევ უფრო დაეცემოდა. სამწუხაროდ ეს ახდა და მოდით, ისიც ვაღიაროთ, რომ ამ უბადრუკ საგანმანათლებლო სისტემაში თუ რამდენიმე მოსწავლის სახით მცირე გამონათებები გვაქვს, ამას მაინცდამანაინც სკოლები ნუ მიიწერენ. სკოლები რომ შედეგს ვერ დებენ, ეს კარგად ჩანს რეპეტიტორებისადმი მზარდი მოთხოვნითაც.“
ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმ შრომისა და აქტივობისა, რასაც დავით ფერაძე ეწეოდა ამ წლების განმავლობაში. ეს მართლაც მაღალკვალიფიციური კვლევები, ცხადია, მოგონილი არაა ინტერნეტში არის განთავსებული და ყველას შეუძლია დარწმუნდეს.
დიახ, ახლა ჩიხში ვართ შესულები და ეს ჩვენი, პედაგოგების უმოქმედობის შედეგია. განგაში უნდა ატეხილიყო ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ჩვენი კოლეგა ამას ითხოვდა, ან შემეგ წლებში მაინც ყურად გვეღო მისი მოსაზრებები, სანამ იმ რელობის წინაშე დავდგებოდიღ, რაც ახლა არის. აბა, როგორი საქმეა, ამ ეტაპზე, ავად თუ კარგად, ობიექტურად თუ ყალბად - პედაგოგებს უკვე აქვთ სხვადასხვა სტატუსები, იღებენ ორიოდე გროშით გაზრდილს ანაზღაურებას და უცებ ეს ამდენი ნაწვალები წყალში ჩავუყაროთ და დანამატები მოვუხსნათ? 2020 წლის ოქტომბერში დათო ფერაძემ ამ პრობლემიდან გამოსასვლელ სტატიაც გამოაქვეყნა სათაურით: „როგორ გავხადოთ სკოლების დაფინანსება არადისკრიმინაციული“ სადაც, დაფინანსებაში არსებულ სხვა პრობლემებთან ერთად სასტატუსო დანამატსაც ეხება: „სქემის შეჩერების შემთხვევაში „სტატუსის დანამატი პირდაპირ აისახება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოში კოეფიციენტის სახით. და ნებისმიერი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში ის პროპორციულად გადანაწილდება. ანუ, მასწავლებელი ნებისმიერ დაგროვებულ კრედიტქულაზე ნებისმიერი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში აიღებს ამ კრედიტქულის ექვივალენტურ ფინანსურ ანაზღაურებას“ . თუმცა, ამ ეტაპზე პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრში ალტერნატიულ გზებზეც ფიქრობენ, სადაც საკითხი ისე გადაწყდება, რომ არც სტატუსიანი პედაგოგები დაზარალდნენ და არც მოქმედი პედაგოგები დარჩნენ სკოლის მიღმა. და იმედია, ახლა მაინც ერთად დავდგებით და ერთმანეთის კბენის ნაცვლად, ისე მოვაგვარებთ ამ ჩიხში ყოფნის სიტუაციას, რომ არცერთი მხარე არ დაზარლდეს. და ამ ვითარებაში ერთადერთი სანდო და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება სწორედ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს შეუძლია.
მაია რურუა,
თბილისის 37-ე საჯარო სკოლის პედაგოგი