გამოხატვის თავისუფლება ქართულ-ჯიგრულად

გამოხატვის თავისუფლება ქართულ-ჯიგრულად

უცნაური ხალხი ვართ ქართველები - ყველაფერი ჩვენებურად, ჯიგრულ-ქართულ პონტში გვესმის. მთელი მსოფლიო გაიძახის: არ შეიძლება სახელმწიფოს ჰყავდეს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მხოლოდ ქვეყნის ინტერესებია მუდმივიო! ჩვენ კი,  მუდმივად სხვა ქვეყნის საამებლად ან ჯინაზე ვმოქმედებთ - არ ვაანალიზებთ, რა სურს, რას მოელის (უფრო სწორად, რას გამოელის) ესა თუ ის ქვეყანა საქართველოსგან. თუ მოდურად და პროგრესულად ითვლება რამე ან ვინმე, თვალდახუჭული მივყვებით.  

 

მოდის აყოლამ მიიყვანა საქართველო ილიას უარყოფამდე და სოციალ-დემოკრატების გაფეტიშებამდე.

 

ილია ჭავჭავაძე იმ დროს მოდურ, მარქსიზმის დროშით შეიარაღებულ ნოე ჟორდანიაზე წერდა - „მეცნიერი მარქსი და უმეცარი ჟორდანიაო“, მაგრამ ვინ დაუჯერა, ილია მოკლეს და სწორედ ეს უმეცრება აირჩიეს.

 

მოკლედ, ცხოვრებაც ჩვენებურად გვესმის და პოლიტიკაც!

 

კომუნისტებიდან მოყოლებული, დისიდენტების მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრებული „ადამიანის უფლებების“ გაგებაც თანდათან ისე გაუკუღმართდა, რომ დღეს სრულიად სხვა შინაარსი და დანიშნულება შეიძინა. როგორც კომუნისტების საბრძოლო იარაღი იყო მარქსისა და ლენინის ციტატების წაღმა-უკუღმა უშინაარსოდ ტრიალი და ამით ფონს გასვლა, ისე ბევრი დღევანდელი „უფლებადამცველისთვის“ ყოველ კრიტიკულ შემთხვევაში „ადამიანის უფლებებზე“წაღმა-უკუღმა აპელირება ყველა ოპონენტის განიარაღების მთავარ საშუალებად იქცა!

 

 ჩვენთვის, 70-80-იანი წლების დისიდენტებისთვის „ადამიანის უფლებების“ დაცვა წარმოადგენდა მიზანს, რომლის მისაღწევად სხვადასხვა საშუალებებს ვიყენებდით, დღევანდელი „უფლებადამცველებისთვის“ "ადამიანის უფლებები" წარმოადგენს მხოლოდ საშუალებას იმ სანუკვარი მიზნის მისაღწევად, რასაც პოლიტიკური კარიერა ჰქვია.

 

 გადაავლეთ თვალი, რამდენმა ყოფილმა უფლებადამცველმა გამოიყენა ტრამპლინად „ადამიანის უფლებები“ პოლიტიკური კარიერისთვის - ასეთები ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც იმდენია, რომ მხოლოდ მათი ვინაობის ჩამოთვლას ბევრი ფურცელი დასჭირდება.

 

კომუნისტური კარიერის გასაკეთებლად აუცილებელი გზა იყო აქტიური კომკავშირლობა, დღეს კი ახალგაზრდები ხედავენ, რომ პოლიტიკური კარიერისთვის ყველაზე ეფექტური გზა სწორედ „ადამიანის უფლებების“ დამცველის სტატუსია. ჰოდა, რა ენაღვლებათ: ირქმევენ უფლებადამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მერე გამოხატვის თავისუფლების ეგიდით ერთმანეთს ეჯიბრებიან ცილისწამებაში, ლანძღვა-გინებაში, მალევე ხდებიან პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამხმოვანებელი „უფლებადამცველები“, ხოლო ხვალ თუ ზეგ უკვე ამ პარტიაში წამყვან ადგილს იკავებენ.

 

დააკვირდით, დღევანდელ პარლამენტარებს შორისაც რამდენმა გაიარა ეს გზა.

დღეს „გამოხატვის თავისუფლება“ ისეთ ჯადოსნურ ფრაზად იქცა, რომ ყველანაირი მოქმედების გამართლება შეიძლება.

 

ქართველი ე.წ უფლებადამცველები, სახელმწიფო, კერძო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებში შეჭრასაც „გამოხატვის თავისუფლებად“ ასაღებენ. 

 

პარლამენტში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, გენერალურ პროკურატურაში ან მიზანში ამოღებულ ნებისმიერ სხვა ობიექტში შეჭრის საშუალებას არ მაძლევენ ხელისუფლების წარმომადგენლები? ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არღვევენ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას. არადა ყველამ იცის, რომ პარლამენტში შეჭრა ქართულ-ჯიგრულ პონტში სწორედაც რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, რომელსაც შემდეგ რომელიმე ყვავილის სახელობის რევოლუცია დაერქმევა  (ესეც ქართულ-ჯიგრულ პონტში). 

 

მოკლედ, რამდენჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორედ კეთილშობილური იდეებითაა მოკირწყლული ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა!

 

ნანა კაკაბაძე; გელა ნიკოლაიშვილი; ტარიელ ღვინიაშვილი 

საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმრები.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: