დავით ქობალია: ნელ-ნელა ილევა „ბედაურთა“ ეპოქა სამეგრელოში!
„ოთარ ფაცაცია გარდაიცვალაო!“
მეგობარმა შემატყობინა ტელეფონით!
გავიგონე თუ არა, გულში გამიელვა:
„ნელ-ნელა ილევა „ბედაურთა“ ეპოქა სამეგრელოში...“ და უამრავი მოგონება ამიშალა, ზოგი საქართველოში, ზოგიც კიდევ უცხოეთში, დანგრეული ქვეყნის გადასარჩენი გზების საძიებლად რომ ჩავსულვართ არაერთგზის.
ამ რამდენიმე წლის წინ ბატონი ოთარისგან ავტოგრაფიანი წიგნი „დროსთან ჭიდილში“ მივიღე საჩუქრად. წიგნი ავტობიოგრაფიულია და ცხადია, ავტორი დიდი სიფრთხილით ყვება, ბავშვობიდან მოყოლებულ, გავლილ ცხოვრების გზაზე, რომელიც მარტო ერთი ადამიანის წარსული როდია, აქ ცოცხლდება თანამედროვეს თვალით დანახული, შეულამაზებელი, მაგრამ უაღრესად საინტერესო, როგორც პირადი, ასევე ქვეყნის ისტორია.
წიგნის კითხვისას, ისეთ ადგილებში გამიყოლია მისმა ავტორმა, ხან შიშის ჟრუანტელმა დამიარა (ისევე, როგორც ოცდარვა წლის წინ, როცა სამტრედიიდან ზუგდიდისკენ მიმავალთ, ხობში, „მხედრიონის“ პიკეტის გავლისას ავტომატის ჯერი მოგვაყოლეს და სასწაულით გადავურჩით სიკვდილს), ხანაც კიდევ, მომეფერა და დამაიმედა.
რაც უფრო მცირდებოდა წასაკითხი გვრდების რაოდენობა, მით უფრო მაწუხებდა ბავშვობაში არაერთგზის განცდილი, _ ნეტავ, მალე არ დამთავრდეს-მეთქი!
მიუხედავად ამისა, ავტორმა მოულოდნელად დაამთავრა თხრობა... გვიან შევნიშნე, მომდევნო გვერდებზე ბატონი ოთარის მეგობრები და კოლეგები ჰყვებოდნენ მასზე, მაგრამ ვერც ერთ მათგანთან ვერ ვიპოვე ის, რაც მე მინდოდა მომესმინა.
...ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა 90-იანი წლების დასაწყისში იმჟამინდელი საქართველოს ე.წ. „მთავრობის“ მიერ განწირული სამეგრელო დამიდგა თვალწინ და ერთ ჭირის სუფრაზე, ბატონი ოთარის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო ჩამესმა ყურში:
„ეს იმ ხალხს გაუმარჯოს:
„ფსხაპუნთუ დო ელმოსხაპანა, ქუდუანთხუთუ დო ვეგმოსხაპანა!“
„ვცეკვავთ და გვეცეკვებიან, წავიქცევით და ზედ არ შეგვდგებიან!“
მახსოვს, ეს რომ მოვისმინე, ბატონ ოთარს ვკითხე: ვისგან გაქვთ -მეთქი გაგონილი... და იმწამსვე ენაზე ვიკბინე, არც მას გამორჩენია ჩემი შეცბუნება, დიდხანს არ დაუხანებია და ასე მიპასუხა:
„ცხოვრებისგან ჩემო დათო, გავლილი წლებისგან... თუ კი ძილ-ბურანში არ გაგიტარებია იგი, მასზე უფრო ბრძენ, სამართლიან მასწავლებელს და მსაჯულს ვერსად ნახავ!“
...ბოლო 25 წლის მანძილზე, კვირა არ გასულა ერთმანეთს არ შევხმიანებოდით, ე.წ. „პანდემიამდე“, წელი არ გასულა ერთხელ მაინც არ გავსულიყავით საზღვარგარეთ, ძირითადად, გერმანიაში და ბუნებრივია, ის, რაც წიგნში წავიკითხე, თითქმის ყველაფერი მოსმენილი მქონდა, მაგრამ იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ერთ წიგნში თავმოყრილის წაკითხვა, ისე მოულოდნელად გავედი ბოლოში, ვიფიქრე, გვერდები ხომ არ აკლია-მეთქი და სტამბის შეცდომას დავუწყე ძებნა.
- არა, წიგნს არც ერთი გვერდი არ აკლდა, აკლდა მხოლოდ ის, რასაც ქვემოთ მოვყვები:
...1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ათი დღის თავზე, აჭარის მთიანეთი წალეკა ზვავებმა. სოლგომანის მთა ჩამოიქცა და სოფელი 70 მეტრი სისქის ღორღმა და ტალახმა დაფარა. 42 ადამიანი შეეწირა მაშინ სტიქიას. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ისედაც გადაწყვეტილი მქონდა თბილისიდან წასვლა და არც მიფიქრია, ისე გავუდექი გზას ჯავახეთისკენ, სადაც სამეცნიერო გაერთიანება „ელვასთან“ დაარსებული ასოცოაცია „ჯავახეთი“ საქმიანობის მეორე წელს ითვლიდა.
მთავრობამ სტიქიას გადარჩენილი უსახლკარო მოსახლეობის ჯავახეთში ჩასახლება გადაწყვიტა. ისიც გაცხადდა, რომ სათანადო ფინანსები იმდროინდელ საქართველოს ბიუჯეტს არ გააჩნდა. ასოციაცია „ჯავახეთის“ კომიტეტმა გადაწყვიტა თანხები კერძო ინიციატივითაც მოეძია (მოგვიანებით „მერაბ კოსტავას ფონდი“ შეიქმნა ამ მიზნით) და მისი წევრები საქართველოს ყველა კუთხეში დავნაწილდით.
ბუნებრივია, მე სამეგრელოსკენ გავწიე, ბატონ ოთარ ფაცაციას, „ენგურქაღალდ კომბინატის“ გენერალურ დირექტორს ვესტუმრე ზუგდიდში და ჩვენი ინიციატივის შესახებ მოვახსენე.
ამ დღეს შედგა ჩვენი ახლოს გაცნობა და პირველი საქებარი სიტყვაც მაშინ მოვისმინე მისგან: „ვნახე შენი ტელეგადაცემა გაერთიანება „ელვა“-ს ინიციატივაზე ჯავახეთში, სტიქიით დაზარალებულ აჭარელთა დასახმარებლად. გამიხარდა, რომ ჩვენი კუთხის კაცი, ერთ-ერთი ინიციატორი ხარ გასაჭირში ჩავარდნილი ქართველების შველაშიო.“
იქვე მკითხა, რამდენი დღით ვიყავი ჩამოსული?
მე სამეგრელოს ყველა რაიონი უნდა მოვიარო, ვისაც რა შეეძლება, ყოველი მანეთი ძვირფასია გასაჭირში ჩავარდნილთათვის -მეთქი, რომ ვუთხარი, მაშინვე ტელეფონს სწვდა და ზუგდიდის აგროგაერთიანების უფროსს დაურეკა, მოკლედ აუხსნა აჭარა-ჯავახეთის პრობლემის შესახებ.
ასე წარვსდექი მეორე დღეს სავსე დარბაზის წინაშე, სადაც კიდევ ერთხელ დავასურათხატე აჭარაში მომხდარი სტიქია და ასეულობით ჯავახეთში ჩამოყვანილი, კარვებში თავშეფარებული, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მძიმე მდგომარეობა.
ერთი კვირის თავზე, თბილისში დაბრუნებულს შემატყობინეს: „ზუგდიდიდან მილიონ ორასი ათასი მანეთი გადმოირიცხაო აჭარელთა დახმარების ფონდში!“
...ჯავახეთში აღმშენებლობის სიხარულს, საქართველოში მრავალპარტიულ არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვება და საქართველოს თავისუფლების გამოცხადება მოჰყვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული ეროვნული სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, _ სატანას არ ეძინა თურმე და ქვეყნის აღმშენებლობას ნგრევა ამჯობინა!
1991 წლის ბოლოს, ანტიქართული ძალების მიერ, ეროვნული მთავრობის დამხობას და დედაქალაქის შუაგულის გადაწვას, ხუთგზის სადამსჯელო ლაშქრობა მოჰყვა სამეგრელოში, რასაც მდგომარეობის უკიდურესად დაძაბვა და სამეგრელოს საყოველთაო დაუმორჩილებლობა მოჰყვა!
...როცა ნდობა დაკარგა ყველამ და ყველაფერმა, როცა საშველი არსაიდან ჩანდა, მაშინ გამოჩნდა ადამიანი, ვინაც თავის თავზე იტვირთა უმძიმესი პასუხისმგებლობა და ხელოვნურად შექმნილი ჩიხიდან სამეგრელოს გამოყვანა სცადა, _ იყო ბატონი ოთარ ფაცაცია!
სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელი ე.წ. „მთავრობა“ პირიქით აკეთებდა ყველაფერს, _ ისედაც მძიმე მდგომარეობას ძაბავდა, შემოგზავნილი და ადგილობრივი კრიმინალების წახალისებით, სხვებსაც უბიძგებდა შექმნილი მდგომარეობის ესკალაციისკენ, რასაც, მათი აფხაზეთში შეჭრა და ძმათამკვლელი ომი მოჰყვა.
...ერთხელაც, ოჩამჩირედან ზუგდიდში დაბრუნებულებმა პოლიციის სამმართველოში შევიარეთ. იქ იყო მაშინ სამოქალაქო შტაბიც. ტელეფონით მორიგი პრობლემის მოსმენის შემდეგ ბატონი ოთარი მომიყვა:
„სამეგრელოს პრობლემებს ჩვენს გარდა ვერავინ უშველის. ამიტომ გადავწყვიტე თბილისში ჩავიდე და იქ მცხოვრები და მოღვაწე ჩვენი კუთხის წარმომადგენლები შევკრიბო, იქნებ დაგვიდგნენ გვერდში და ერთად ვუშველოთო სამეგრელოში ჩამოწოლილ გასაჭირს!“
- მე რითი გემსახუროთ-მეთქი, ვკითხე.
- შენ უნდა გამომყვე თბილისში!
მეორე დღეს, დილაუთენია, თბილისში ვიყავით. რამდენიმე ათეულ ჩვენი კუთხის წარმომადგენელ მაღალჩინოსანს გავესაუბრეთ. თითქმის ყველამ აღგვითქვა თანაგომა, მაგრამ არც ერთი მათგანი, არამცთუ ჩამოსულა, ტელეფონითაც არ შემოგვხმიანებია. ჩემთვის თავიდანვე ცნობილი იყო ჩვენს თბილისურ ვოიაჟს შედეგი არ მოჰყვებოდა, რადგან ვისთანაც მაშინ მივედით, უკლებლივ ყველა, _ „ახალ მთავრობასთან“ მისასვლელს ეძებდა და სამეგრელოს პრობლემების ხსენებით საქმეს ხომ არ გაირთულებდნენ?!.
საბედნიეროდ, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საკუთარი რისკის ფასად გვატყობინებდნენ, სამთავრობო კრიმინალების მიერ სამეგრელოში დაგეგმილ ახალ მზაკვრობებს და გვირჩევდნენ, როგორ აგვეცილებინა ისინი.
...1996 წელს პირველად მომიწია ბატონ ოთართან ერთად გერმანიაში ჩასვლა, ბადენ-ბადენში ქაღალდის წარმოების ფლაგმანებს შევხდით.
არ დამავიწყდება, მაშინ ოთხმოცდაათს მიღწეული, „ქაღალდის წარმოების მამად“ წოდებული, ბატონი ოთარის უფროსი მეგობარი ტორსტენ რილკე, _ როგორ იხსენებდა 1956 წელს ბატონ ოთართან პირველ შეხვედრას ფინეთში (მავანნი მაშინ მამათს არ იყვნენ გაცილებული!), ლიდოში, ჟაკლინ კენედისთან და ონასისთან ერთად გატარებულ საღამოს, შეხვედრებს გერმანიასა და იაპონიაში...
ბ-ნი რილკე მიესალმა საქართველოში ქაღალდის წარმოების განვითარებას და თანადგომაც აღუთქვა ბატონ ოთარს, მაგრამ იქვე დასძინა: „ამისათვის აუცილებელია, თქვენმა მთავრობამ ეს დარგი ერთ-ერთ სახელმწიფო პრიორიტეტად გამოაცხადოსო!“
სამწუხაროდ, ამ საქმეს განხორციელება არ ეწერა, რადგან:
ქაღალდის წარმოების გერმანული ტექნოლოგიების დანერგვისთვის კი არა, საქართველოს მისი კრიმინალი მმართველები „განვითარებადი ქვეყნები“-ს რიგში ჩასაყენებლად ამზადებდნენ.
...საქართველოში რა მოგახსენოთ, მაგრამ გერმანიაში წარსულის დამსახურება უკვალოდ არ იკარგება:
2005 წლის 9 აპრილს, ბატონი ოთარი მიწვეულ იქნა „ევროპის ხალხთა გამაერთიანებელი ჰუმანიტარული ორდენის „Cordon Bleu Du Saint Esprit“-ის საერთაშორისო შეკრებაზე ქალაქ ზოლინგენში, სადაც _ „ქაღალდის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ ორდენის საპატიო წევრად იქნა მიღებული.
2016 წლის სექტემბერში, ზემოთხსენებული ორდენის მიერ, ნორდრაინ ვესტფალიაში, მოწყობილ შეხვედრაზე დიდი მოწონება დაიმსახურა ბატონი ოთარის ინიციატივამ ქართველ და რაინისპირეთის მევენახეთა სამომავლო შეხვედრის თაობაზე.
...მოგონებებს რა გამოლევს, მაგრამ ყველაზე მეტად 1999 წლის შემოდგომაზე ახმეტაში, ჩვენს საერთო მეგობარ კობა ნამორაძესთან, გერმანელ მეგობრებთან ერთად სტუმრობა შემომრჩა.
- სანამ მასპინძელი სუფრასთან მიგვიპატიჟებდა, ახმეტის ცენტრში გასეირნება გადავწყვიტეთ. ბატონი ოთარი მაშინვე დაგვეთანხმა, საზაფხულო ფარფლებიანი ქუდი დაიხურა თავზე _ არავინ მიცნოს, თორემ ვახშამზე დაგვაგვიანდებაო!
ასე გავუდექით გზას სახალისო ამბების მოგონებებით, ვიდრე ე.წ. „ბირჟასთან“ გავლისას იქ შეკრებილთ, ერთი ჯანიანი გლეხი კაცი არ გამოეყო და მე მომვარდა შეძახილით:
„ბიჯოოო, ეგა, ოთარ ფაცაცია არ არიიი? გააჩერე კაცო, ერთი მომაფერებინე მაგ მადლიან ქართველსა!.. მაგ კაცს, სხვა დროს მე სადღა ვნახამო!“
იმწამს გავიფიქრე: განა რომელი სამთავრობო ჯილდო შეედრება ამას?!.
თუმცა, ბატონი ოთარის მიერ გაკეთებული ათასჯერ მეტი სიკეთე ახსოვს უამრავ ადამიანს, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რომელსაც ვერც წიგნი და მით უმეტეს, საგაზეთო პუბლიკაცია ვერ დაიტევს.
...კიდევ ერთხელ გადავხედე ჩანაწერებს, ბოლო საიუბილეო სტატია ასე დამიმთავრებია:
„85-ე საფეხური ჯანმრთელად, სამშობლოზე ფიქრით და ზრუნვით აიარეთ!
შემდეგი შეხვედრა მე-100 საფეხურზე დავთქვათ!“
სამწუხაროდ, დათქმული პირობა ვერ შევასრულეთ, 93-ე საფეხურზე გაჩერდა იგი.
ბატონო ოთარ, ყოველ მოკითხვაზე, ახლაც ყურში ჩამესმის თქვენი პასუხი:
„ღმრთის მადლით, სამდურავი არაფერი მაქვს, მის ნებას წინ ვერავინ დაუდგებაო!"
უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული, ქვეყნის წინაშე ვალმოხდილო მამულისშვილო!