მიხეილ ჯიბუტი: სისტემა უნდა შეიცვალოს!

მიხეილ ჯიბუტი: სისტემა უნდა შეიცვალოს!

  

 

საქართველოს  ეკონომიკის ტრანსფორმაციის გაკვეთილები მომავლისათვის

(გამოხმაურება ნოდარ ჭითანავას წიგნზე „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“. თბილისი:“ივერიონი“, 2022)

 

 

თავიდანვე ნათქვამი იყო, რომ პროფ. ნოდარ ჭითანავას აღნიშნული წიგნის განხილვა, მასში მოცემულ ყველა საკითხს  სრულად ვერ მოიცავდა.  მკითხველისადმი შეთავაზებული ფორმით, ეს შეუძლებელიცაა. ამასთან, სწორი არ იქნება, დაწყებული საუბარი, საქართველოს ეკონომიკური გარემოს შესახებ,  შეწყდეს მისი არსის დაფიქსირების დონეზე და არ ითქვას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ის, რა ვარიანტი/ები არსებობს და რას გვთავაზობს ავტორი. 

 

საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს, სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ, უკვე 30 წელიწადი, განსაზღვრავს  ორი  ურთიერთსაწინააღმდეგო ეკონომიკური სისტემის - „საბჭოთა სოციალიზმის“ და „ველური კაპიტალიზმის“ თანაარსებობა.  სახელმწიფო პოლიტიკა ამ ხნის განმავლობაში მიმართული იყო „საბჭოთა“ სისტემის სრულ დემონტაჟისა და „ველური“ კაპიტალიზმის დემოკრატიულ კაპიტალიზმში ტრანსფორმაციისკენ.  პროგრესი ამ მიმართულებით არის, თუმცა არსებული მდგომარეობით  არ დასრულებულა, რაც ქმნის საფუძველს ეკონომიკური ცხოვრების განუწყეტელი შინაგანი კონფლიქტებისა და მოუწესრიგებელი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის.  ეს ბარიერია ეკონომიკური ზრდისთვის და საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება ცხოვრების დონეზე.  

 

ამ მდგომარეობას გრძნობს მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროცესის დროში გაწელვის გამო, ვერ ახერხებს ადაპტაციას ქვეყნის შიგნით, ხალხი წვალობს და ყველაზე რისკიანები მიდიან ემიგრაციაში:  ან საშოვარზე, ან მუდმივად. სიტუაციას ართულებს მომავლის გაურკვევლობა. ეს სისტემა  უნდა შეიცვალოს.  ის აუცილებლად შეიცვლება ადრე, თუ გვიან, მაგრამ განსხვავება ამ ცვლილების ფორმებშია: შეგნებულად და ევოციურად, თუ ემოციურად და რევოლუციურად?  არ შეიძლება გონიერ ადამიანს რევოლუცია უნდოდეს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ მისი წარმომშობი მიზეზები ადრეულად არ ნეიტრალდება, ის გარდაუვალი ხდება. 

 

ყველაფერი ამის „წამალი“ არსებობს. ესაა სტრატეგიული დაგეგმვის სისტემის გამოყენებით ქვეყნის მართვა. 

 

პროფ. ნოდარ ჭითანავა ხასგასმით აღნიშნავს, რომ “ქვეყნის განვითარების პროგნოზირება, სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა ნებისმიერი კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსვლის დაჩქარების მრავალმხრივად გამოცდილი მეთოდია“(გვ.12). 

 

ზოგადად, გაუგებარი რჩება და ამიტომ, ეკონომიკური პოლიტიკის დღის წესრიგში ვერ ხვდება, საქართველოს 30 წლიანი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ზემოთ დასახელებული შეუთავსებელი ელემენტების დაპირისპირებითაა გამოწვეული. გასაგები რომ იყოს: საუბარია არა რძიან ყავაზე და მასში რძისა და  ყავის პროპორციაზე, არამედ ზეთისა და წყალის ნარევზე, რომელიც წყლისა და ზეთის პროპორციის მიუხედავად, თუ მათი სეპარაცია არ მოხდა, გამოუსადეგია, როგორც დასალევად, ისე ძრავისთვის.

 

საქმე იმაშია, რომ საქართველო, როგორც მთელი მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ცდილობს პანდემიის გამო წარმოშობილი სოციალურ - ეკონომიკური პრობლემების დაძლევას და დაძლევს მას, მაგრამ ეს იქნება ერთი ლოკალური კრიზისის დაძლევა, რომელიც 2020 წელს დაიწყო. თუმცა, დაუძლეველი დარჩება 1988 -1994 წლებში დაწყებული კრიზისი. ეს ისეთი გარემოა, რომელიც სახელმწიფოს მმართველობის ეფექტიანობას აფერხებს. უფრო მეტიც, მმართველობის სუბიექტური შემადგენელის ხარისხობრივი განსხვავების ნიველირებას ახდენს. პიესა, ფაბულა, მოქმედება, მოქმედი პირები და ფინალი უცვლელია. იცვლებიან რეჟისორები, არტისტები და იცვლება მათი ნიჭის საპასუხოდ მიღებული აპლოდისმენტების სიდიდე.

 

ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში, გარდა პროფ. ნ. ჭითანავას მიერ, 30 წლიანი პერიოდის, როგორც განგრძობითი ეკონომიკურ კრიზისის მკვეთრად გამოხატული შეფასება, ჩვენთვის უცნობია. იგი აღნიშნავს, რომ  1990 წლიდან საქართველოში ეკონომიკა „სისტემური კრიზისს ქრონიკული ფაზისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს ატარებს“ (გვ.100). ამავე დროს,  ქვეყანა „მუდმივად მართვის სისტემურ კრიზისში იმყოფება“  (გვ.125).

 

საქართველოს ეკონომიკა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე, როდესაც ეკონომიკა დაეცა 37,6%-თ და რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა მისი დაშლის შემდეგ, როდესაც   ეკონომიკის  ვარდნამ 40,6%  შეადგინა  და ყველაზე მწვავე ფაზას მიაღწია 1994 წელს, როდესაც მშპ-მ 1988 წელს მიღწეული დონის მიმართ 21,8% შეადგინა. საქართველო 30 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, ეკონომიკურ ვარდნის წინა პერიოდის, კერძოდ, 1988 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის აღდგენა. 1988 წელს მშპ (მუდმივ 2015 წლის  ფასებში) შეადგენდა 21 533, ხოლო 2019 - COVID-19 პანდემიის წინა წელს კი - მხოლოდ 17 758 მლნ. აშშ დოლარს (82,5%) მომდევნო 2020 წელს 16 557 მლნ. აშშ დოლარი.

 

საბოლოო ჯამში ქვეყანა მიაღწევს 1988 წლის დონეს, მაგრამ ჩამორჩენა საკუთარ განვითარების დონესთან ექნება 30-35 წელი!  ასეთი ტემპით, როგორ გადაწყდება სამომავლო ამოცანები? კერძოდ, ევროკავშირის ტოლფასი ეკონომიკური და სოციალური დონის მიღწევა? რამდენხანს უნდა გაგრძელდეს „შეხვედრა წარსულთან“?!

 

იმისათვის, რომ შედეგი უკეთესი იყოს მომავალში, საჭიროა საკუთარი განვლილი გზის შესწავლა, იქედან წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზებისა და გაკვეთილების გარკვევა ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ბოლო 30 წლიანი ეკონომიკური ცხოვრების შესწავლა-განზოგადება და დასკვნების გამოტანა. 30 წლის წინ ქვეყნის განვითარების გზების ძიება 1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკის გამოცდილებაში მიმდიმარეობდა. სამწლიანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებამ, რომელიც არც თუ წარმატებული სოციალ - დემოკრატიული იდეოლოგიისა და პარტიის დომინანტობით წარიმართა, ბევრი რამ გაადვილა. ახლა კი სახეზეა ქართული სახელმწიფოებრიობის  30 - წლიანი გამოცდილება. საქართველოს ამ მასშტაბის  სახელმწიფო  და ამდენი ხნით, 1490 წლის შემდეგ არც ჰქონია!

 

პირველესი, რაც სასურველია, ესაა ქვეყნის მმართველობის უზრუნველყოფა. სოციალურ - ეკონომიკური განვითარებისთვის წარმატების პერსპექტივის შესაქმნელად, 1994-2006 წლებში საქართველოში არსებული ინდიკატური დაგეგმვის სისტემის დადებითი გამოცდილების ცოდნით.

 

მთავარი, რაც გამოცდილებამ აჩვენა ისაა, რომ  სტრატეგიული დაგეგმვის სისტემის დანერგვამ ინდიკატური დაგეგმვის სახით, ურთულეს პერიოდში, დადებითი შედეგები მოიტანა. ინდიკატურმა დაგეგმვამ, კუპონის დენომინაციამ და ბრუნვაში ლარის შემოღებამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყებამ, „სოციალურ-ეკონომიკური სისტემური კრიზისიდან გამოყვანის პოზიტიური ფონი შექმნა“ (გვ.94). ინდიკატური დაგეგმვის სისტემის არსებობის დროს იქნა მიღწეული ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი.

 

მნიშვნელოვანია ინდიკატური დაგეგმვის სისტემის შემოღების, ფუნქციონირებისა და თუნდაც, გაუქმების პროცესებში პიროვნული ფაქტორების როლის ცოდნა.

 

პროფ. ნოდარ ჭითანავა აღწერს გასული საუკუნის 90-იანი წლების გარემოს: „საბედისწერო როლი შეასრულა რევანშისტულმა სულისკვეთებამ, პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის ფუნქციის სოციალისტურ გადმონაშთად აღიარებამ და ამ საბაბით მასზე უარის თქმამ, რასაც საფუძვლად ედო სახელმწიფოს - პოლიტიკური სუბიექტის, სისტემაშემქმნელი ფაქტორის და მესაკუთრის ფუნქციების როლის გაუცნობიერებლობა.“ (გვ.153). ბევრის, და მათ შორის მეცნიერების,  მიერ „დაგეგმვა სოციალიზმის კრახის მიზეზად“ იყო მიჩნეული (გვ.192). 

 

„მიუხედავად ეკონომიკური დაგეგმვის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულებისა, 1993 შეიქმნა „ინდიკატური დაგეგმვის კონცეფცია“ (გვ.2009). საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა  კაბინეტმა 1993 წლის 30 მარტს მიიღო დადგენილება  „საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმის შესახებ.“ 1993 წლის 24 თებერვალს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის №149 დადგენილებით, დამტკიცდა „საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვადიანი პროგრამა“. ამ პროგრამის უზრუნველმყოფ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის  1993 წლის 4 ივნისის №443 დადგენილებით დამტკიცებულ გეგმაში პირველი საკითხი იყო „ეკონომიკური და სოციალური ინდიკატური გეგმის შემუშავება და განხორციელება“ 1993 წლის 8 ნოემბერს ასეთი გეგმის პროექტი მზად იყო. 

 

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ხდება აფხაზეთში საომარი მოვლენების ფონზე. 

 

ყველა დოკუმენტი შედგენილია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ვ.მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (შემდგომში: ინსტიტუტი) თანამშრომლების მიერ,  უდიდესი პასუხისმგებლობითა და თავდადებით. მასში ჩართული იყო სტატისტიკისა და სხვა სახელმწიფო და რეგიონული სამსახურები. ესეც გაკვეთილია: ქვეყნის სტრატეგიული გეგმის შედგენა არ შეუძლია არც ერთ, ორ, ან სამ კაცს. ერთმა კაცმა  შეიძლება შექმნას კონცეფცია, ჩამოაყალიბოს სტრატეგიის მიზნები და ამოცანები, შეკრას საბოლოო დოკუმენტი და ა. შ. ყველა „მსოფლიო დონის მეცნიერის“ მოწვევა ამიტომ მთავრდება უსახელოდ.  ის არც ერთ კვირაში ან ერთ თვეში არ იქმნება. ამისათვის საჭიროა კანონი და კანონით გაწერილი განრიგი, სათაო სახელმწიფო და სამეცნიერო ინსტიტუტების მითითებით. 

 

საქართველოში ინდიკატური დაგეგმვის სისტემის დანერგვა-ფუნქციონირებას ხელმძღვანელობდნენ მინისტრები: ეკონომიკის: მიხეილ ჯიბუტი (1992-1993), მ.შ. თამაზ ჩიკვაიძე (1994), ვლადიმერ (ლადო) პაპავა (1994-2000), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის: ივანე (ვანო ჩხარტიშვილი) (2000-2001), გიორგი გაჩეჩილაძე (2002-2003). ამ პერიოდში ინდიკატური გეგმების სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას ახორციელებდა ინსტიტუტი  პროფ. ნ. ჭითანავას ხელმძღვანელობით. 2003 წელს  დამტკიცდა ინსტიტუტის მიერ მომზადებული „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის მეთოდიკა“ და ყველაფერი მზად იყო ინდიკატური გეგმის მოკლე- ერთწლიანი და საშუალოვადიანის (5-წლიანი) გარდა, გრძელვადიანი (10-20-წლიანი) პერიოდისთვის შესამუშავებლად. 

 

თუ ინდიკატური დაგეგმვის სისტემას მანამდე ინსტიტუციური, ან სხვა მოტივებით გარეშე მოწინააღმდეგები ჰყავდა, 2003 წლიდან ციხე შიგნიდან გატყდა. ეკონომიკის მინისტრებმა მოუწყვეს ობსტრუქცია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას. არ შედგენილა 2004, 2005 წლების ინდიკატური გეგმები.  ტონი ამ კამპანიას კახა ბენდუქიძემ მისცა, რომელიც ეკონომიკის მინისტრი იყო 2004 წლის 2 ივნისიდან 17 დეკემბრამდე. 2004 წლის 17 სექტემბერს  საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის კახა ბენდუქიძის მოხსენება მოისმინა. იმდროინდელი რეპორტაჟი: „დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრებმა მინისტრს უსაყვედურეს იმის გამოც, რომ მიმდინარე წლის სოციალ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმა ჯერ კიდევ არ არსებობს. დეპუტატ ზურაბ ცქიტიშვილის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა ითხოვს ამგვარი გეგმის შედგენას. მაგრამ კახა ბენდუქიძე აქაც ორიგინალურ გამოსავალს პოულობს: [კახა ბენდუქიძის ხმა]“რაც შეეხება კანონს ინდიკატური დაგეგმარების შესახებ, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენ შემოვალთ უახლოეს დღეებში პარლამენტში, რომ ეს კანონი, ფაქტობრივად, გაუქმდეს, იმიტომ რომ ეს კანონი არის სოციალიზმის გადმონაშთი!” (https://www.radiotavisupleba.ge/a/1537231.html - ბოლო ნახვა 15.02.2022). 

 

მან 2004 წელს გააუქმა ინსტიტუტი, როგორც მინისტრმა, ხოლო როგორც რეფორმების კოორდინაციის მინისტრმა, ხელი შეუწყო 2006 წელს 24 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ  საქართველოს კანონის „საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადებას (ეს კანონი პირველად მიღებულ იქნა 1994 წლის 11 ოქტომბერს, ხოლო ახალი რედაქციით 1997 წლის 28 ოქტომბერს). ამ ნაბიჯით ქვეყანაში, როგორც აღნიშნავს ბატონი ნოდარ ჭითანავა „სტრატეგიული დაგეგმვის და მართვის პრინციპები ფაქტობრივად იგნორირებული აღმოჩნდა“ (გვ.99). ძალიან დასანანია, რომ ეს სისტემა გაუქმდა, მაშინ როდესაც ფაქტობრივად სრულფასოვნებას მიაღწია, როდესაც გამხორციელდა ეროვნული ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზება პროგნოზირებისა და სტრატეგიულ დაგეგმვაში.

 

მის შემდეგ, უკვე 15 წელზე მეტია, საქართველო ცხოვრობს  კანონით მოწესრიგებული სტრატეგიული დაგეგმვის სისტემის გარეშე. მის კომპესაციას ვერ ახდენს პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს წარდგენილი ვერც მთავრობის პროგრამა და ვერც ბიუჯეტირების პროცესში შედგენილი კონიუნქტურული 3-4 წლიანი პროგნოზები. სიტუაციას ვერ აუმჯობესებს დროსა და სივრცეში აცდენილი დარგობრივი თუ ტერიტორიული სტრატეგიები (რომელთა რაოდენობა 100-ზე მეტია!), მათ შორის კოორდინაციის არ არსებობის გამო.

 

სიტაცია გამოსწორებადია, თუ გამოყენებულ იქნება „ჯერ კიდევ გადარჩენილი მატერიალური და ინტელექტუალური მატერიალური და ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება“ (გვ.16) ესაა ბუნებრივი რესურსები და მეცნიერები. მნიშვნელოვანია ბატონ ნოდარის რეკომენდაცია „ეროვნული ეკონომიკის გარდაქმნების რეგულირებისათვის  „ანალიტიკური ცენტრის“ შექმნის შესახებ (გვ.215), რაც უნდა იყოს არა  ჩვეულებრივი კვლევითი ინსტიტუტი, არამედ ის  უნდა აერთიანებდეს მეცნიერებსა და პრაქტიკოსთა სპეციალიზებულ ჯგუფებს, რომლებიც „ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზირების, სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის პრობლემებზე და უზრუნველყოფს ამ მიმართულებით საქმიანობის კოორდინაციას“ (გვ. 215).

 

საიდან? სად? როგორ? 

 

ამ კითხვებზე პასუხები მრავალვარიანტიანი შეიძლება იყოს. ბატონი ნოდარი გვთავაზობს ე.წ. „გარღვევის სტრატეგიას“ (გვ.221), რომლის გადაწყვეტისას, თავი უნდა წარმოვიდგინოთ გზაჯვარედინზე, სადაც მინიშნებებია: მარჯვნივ წახვალ... მარცხნივ წახვალ... და მათ უკან ერთი იქნება „გარღვევის სტრატეგია“. როგორ მივაგნოთ? მხოლოდ ცოდნით, მხოლოდ მეცნიერებით.  ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის წარმატებები  აუცილებლად იქნება, მაგრამ თავისთავად არა. მხოლოდ ჩვენით და მხოლოდ მაშინ, თუ ვისწავლითთ ასეთ წიგნებს, მათს მოცემული ცოდნას გავიზიარებთ, ან არ დავკმაყოფილდებით და კიდევ  ახალს დავუმატებთ.

 

ამრიგად, შემოთავაზებული რამოდენიმე შერჩეული (აბსოლუტურად სუბიექტურად) საკითხის განხილვითაც გამოჩნდა წიგნის შემეცნებითი და პრაქტიკული მნიშვნელობა. მათ გარდა, წიგნში უამრავი საკითხია, რომელიც პროფესიულ ინტერესს იწვევს. მკითხველი თავად დარწმუნდება ამაში. მეც, მომავალში დიდი სიამოვნებითა და ინტერესით არაერთხელ დავუბრუნდები მათ. 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: