რას ღაღადებს „კირბი“?!
დიალოგი ჟურნალ „კირბის“ რედაქტორთან,
მწერალ, გური ოტობაიასთან
გური ოტობაია ჩვენი ოჯახის მოჭირისუფლე და უერთგულესი მეგობარია. ჩემი მეუღლე, ვახტანგ ხარჩილავა მისი რომანების რედაქტორი და დიდი გულშემატკივარი იყო, ერთად იყვნენ საზოგადოება „სამეგრელოს” დანფუძნებლები, გაზეთებში: „მესამე ნაპირი”, „მართალი გაზეთი”, „საერთი გაზეთი” გვერდიგვერდ იდგნენ. ვახტანგის სნეულებისას რთულ მომენტებში ხომ წუთითაც არ მოგვცილებია და მისი უშურველი თანადგომა წაჰყვა თან ნეტარხსენებულს უღალატო ძმობის იმედად და ნუგეშად.
ახლახან ჩინებული ჟურნალ „კირბის“ მერვე ნომრის ეგზემპლარები აჩუქა რედაქციას. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ სინამდვილეში მსგავსი პროექტი მონუმენტურ პერიოდიკის კუთხით არავის განუხორციელებია. ყურადღებით გავეცანი წინამდებარე მერვე ნომერს, და დავრწმუნდი, რომ გური ოტობაია იდეურადაც ვახტანგის თანამოსაგრეა. ვგონებ, სიმონ ჩიქოვანს აქვს ლექსი ცხრა ძმა ხერხეულიძეზე, წაიქცევა ერთი მედროშე ძმა და ეგრევე დაწვდება მეორე, წაიქცევა მეორე და მესამე ძმა აიტაცებს და ასე უსასრულოდ. ამანათრბენის პრინციპებზეა აგებულა თურმე ჩვენი ეროვნული პუბლიცისტური ლელო.
სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ჟურნალისტის კალამი ხელში არ ამიღია. ადრე სხვა იყო, როცა ვახტანგის „მესამე ნაპირისა”, „მართალი გაზეთის” თანამშრომელი ვიყავი. მერე შვილიშვილებმა გადაწონეს გაზეთი. უნებურად ჩამწერისკენ გამექცა მზერა და ჩაის მიჩოჩებულ ბატონ გურისაც ღიმილმა გადაურბინა სახეზე:
- ადრე შენი ჟურნალის 1-7 ნომერს „კირბისი” ერქვა, ახლა „კირბი” გიწოდებია...
- კირბი, კირიბი კრავია მეგრულში. „კირბს” ბერძნულია და კირბების ერთობლიობას ნიშნავს. დიდი ნიკო ბერძენიშვილის შთამომავალი რას უნდა გასწავლიდე, შეგახსენებ, უბრალოდ, თავად კირბს ქართულში „ოქროს საწმისი” შეეფარდება. ეს ის ჯადოსნური ოქროსმატყლიანი ვერძია, ჩემო თამარ, რომლითაც ფრიქსე ჩამოფრინდა ორქომენიდან. ვერძი მსხვერპლად შესწირეს უმაღლეს ღვთაება ჰელიოსს კოლხებმა, ხორცი თავად ინებეს, ხოლო ტყავი, სალოცავ მუხაზე ჩამოჰკიდეს, მას შემდეგ, რაც ზედ ყველა კოლხური საიდუმლო გადაიტანეს ქურუმებმა. გადის ერთი თაობა და ახლა ბერძნების ახალი ნაკადი მოადგება აიეტ მეფეს, კოლხეთს. ისინი თავიანთი ვერძის წაღებას ითხოვენ. აიეტი ჯიუტობს, რადგან ბერძნებს უკვე ოქროსმატყლიანი ტყავი კი არ უნდა გაატანოს, არამედ ქიმიის მეშვეობით ოქროს, მაგნიტიტის ქვიშისგან რკინის მიღების მეთოდიოლოგია და სხვა რამ ათასი. ვცადეთ, მისთვის „ოქროს საწმისი” დაგვერქმია, მაგრამ ეს დასახელება სულმნათ ზვიად გამსახურდიას დისიდენტურ პერიოდიკასთან ასოცირდება და თავის შეკავება მომიწია. კირბი და კორიბანტები ერთი ტერმინიდანაა აღმოცენებული, როგორც შენი მშობლიური ჩოხატაურის, სიახლოვეს, იმერეთში არსებული ტოპონიმი „ოკრიბა” - საკრავეთი.
- წინა ნომრების დათვალიერებისას თვალში მომხვდა დიდებული მწერლის, ოტია იოსელიანის ნოველა - „მეწინავე”. რამ განაპირობა ამ ნაწარმოების ხელმეორედ დაბეჭდვა?
- უყურე შენ, როგორი ჩასაფრებულია? ჯერ ერთი, ამ ნოველაში ჯოგის წინამძღოლის ცდომილებაა წინ წამოწეული, რომელ საბედისწერო შეცდომას თვითვე გამოასწორებს, რათა ჯიხვების ჯიშ-ჯილაგი არ მოსრას. მერედა, მისი დაბეჭდვა განაპირობა ცხონებულის შვილიშვილთან, ზვიად შვანგირაძესთან ურთიერთობამ, აღმოჩნდა, რომ წინამდებარე ტექსტზე ბევრი უმუშავიათ...
- ჟურნალში შენ „იბერიული პოეზიის ანთოლოგიის” ნიმუშებს წარმოადგენ თითო ლექსით. ეს გასაგებია, მაგრამ რატომ „იბერიული” და არა „ქართული”?!
- ვახტანგი ესწრებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩემეული „მეგრული პოეზიის ანთილოგიის” პრეზენტაციას. იქ გამოითქვა რეპლიკა-სურვილი, ეს მეგრულენოვანი ლექსები დანარჩენი საქართველოსთვისაც თარგმნილიყო. პასუხი არ დავაყოვნე და მაშინვე გავუმხილე დარბაზს, რომ მეორე წელიწადი იყო, ვმუშაობდით „ქართული პოეზიის ანთოლოგიაზე”, სადაც საკუთრივ ქართულის (როგორც ფოლკლორის, ისე ავტორების) გვერდით გამოქვეყნდებოდა სვანური, მეგრული და ლაზური პოეზიის ნიმუშები. გავიდა დრო და ორი წლის თავზე ამ პროექტის არეალი გაფართოვდა, რადგანაც მასში მონაწილეობა არ ისურვეს აფხაზებმა და ოსებმა. არ ისურვეს, ქართული დასახელების ქვეშ მოაზრებულიყო მათი პოეზია. ვიმტვრიეთ თავი და მივაგენით ტერმინს, რომელიც სასურველი აღმოჩნდა მათთვის - „იბერიული”. ამ მიგნებამ ახალი სუბიექტები შეჰმატა პროექტს - შუმერული, აფხაზური, ოსური, ჩეჩნური, ინგუშური, დაღესტნური, ბასკური, ისლანდიური, ირლანდიური, მოკლედ - პოეტური პროტოიბერიული სივრცე.
- ეს დიდებულია, მაგრამ მე განსაკუთრებით ჟურნალის კრედო მეცა თვალში: აქ მიმართულებათა მთელი კომპლექსია, რომლებიც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავენ კიდეც წარმატებულ სახელმწიფოს - მართლმადიდებლური აღმსარებლობა, მშვიდობა და პიროვნული თავისუფლება, ამაღლებული და მშვენიერი, აგრარული ინდუსტრიალიზაცია, ეროვნული თანხმობა და სამოქალაქო ინტეგრაცია, პოლიტიკური კონსენსუსი, საუნივერსიტეტო დიპლომატია...
- არ მიკვირს შენი დიაპაზონის პიროვნებისგან ასეთი ნიუანსის შემჩნევა რომ გემარჯვება. ჩვენ კი ვართ მართლმართლმადიდებლები, მაგრამ დავით აღმაშენებელივით ტოლერანტები ვართ ყველა კონფესიის მიმართ... მშვიდობის ფასი განსაკუთრებულად იცის ქართველმა: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო, გვასწავლის ქართული ანდაზა, მაგრამ „თავისუფლებაში” ნებისმიერი ქმედების შეუზღუდვას კი არ ვქადაგებთ, არამედ მარქსისეულ შეგნებულ აუცილებლობას. ამაღლებული და მშვენიერი ჰეგელის სწავლებიდანაა ტრაგიკულ-კომიკურთან ერთად. რაც შეეხება ინდუსტრალიზაციას, ბატონ ნოდარ ჭითანავას დოქტრინაა. გაქვს მიწა, მასთან მიერთებული მაღალი ტექნოლოგიები?! ესე იგი, ჭეშმარიტ დროსა და სივრცეში მკვიდრობ. ეროვნული თანხმობა ითხოვს პუტჩისტური ფსიქოლოგიის გვერდზე გაწევას ლეგიტიმურის, თუნდაც სიმბოლური აღდგენის ასპექტით, ხოლო სამოქალაქო ინტეგრაცია უმთავრესი პარადიგმაა ჩვენი წარმატებული სუფევისას, ვინაიდან არაქართველთა კრებსითობა, რომელიც სადღეისო ვითარებით, ალბათ, 40 პროცენტსაც კი უახლოვდება, სახელმწიფოებრივ აზროვნებაში მონაწილეობის გარეშე, ჩიხია, გადაულახავი ბარიერი, სიზიფეს ლოდი და აღმართები. პოლიტიკურ კონსენსუსს ვუცხადებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისაც ხალხის, სახელმწიფოს წინაშე ბოროტება არ ჩაუდენია; ვისაც ეშლებოდა პოლიტიკური ნაბიჯები, მაგრამ წრფელად ინანიებს საერთო აღმშენებლობის სახელით; საუნივერსიტეტო დიპლომატია პროფ. ზურაბ ხონელიძეს ეკუთვნის. ეს ნიშნავს მოზარდის ადრეული ასაკიდან სახელმწიფოებრივი აზროვნებით აღზრდას ბაგა-ბაღში, სკოლაში, ხოლო უნივერსიტეტში იგი უკვე პოლიტიკურ ძალადაც მოიაზრება.
- რა მთავარ მახასიათებელს გამოჰყოფდით თქვენს ჟურნალში? რითი განსხვავდება იგი არსებულთაგან?
- არის რამდენიმე ჟურნალი, რომლის გამოყოფაც შეიძლება. ასეთად, პირველ რიგში, „არილი” მესახება. იქ ლიტერატურის, განსაკუთრებით საზღვარგარეთული მწერლობის საკითხები მაღალკვალიფიციურადაა წარმოჩენილი. სასიხარულოა ჟურნალ „ცისკრის” ექვსი ნომრის გამოსვლა. გამოდის შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის პერიოდული გამოცემა „კრიტიკა”, მაგრამ მათი ზეგავლენა ფართო მკითხველზე მწირია. ჩვენ წელიწადში ოთხი ნომრის გამოცემას ვვარაუდობთ. იმედია, ამ საშვილიშვილო საქმეს მერე და მერე უფრო მასშტაბურს გავხდით.
ჩვენი უმთავრესი მიზანი ახალი თაობის ჭეშმარიტი ფასეულობებით დაკვალიანებაა. სამი ათწლეულია, ე. წ. ლიბერალური ფრონტი ანტიადამიანური ინფორმაციული ომით გვიტევს, წარიყვნა მამაპაპურ ცნობიერებაში ათასწლეულობით ნალოლიავები ფასეულობანი. ერთი მხარეა, როცა ახალგაზრდა კაცს ეუბნები: შენ აქ გეშლება ძმისშვილო, ტატუთი რომ აყვავილდი ნეკერჩხლის მსგავსად ადრე გაზაფხულზე, დაფლეთილი ტანსაცმლით რომ ფართხუნობ და ჩლახუნობ, თან კურტუმოების ქნევით გინდა მოიპოვო თავისუფლი სულის სავანე, ეგ თავისუფლება სულ სხვა რამეა, ბედნიერო! შეხედე ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს, „მრავალჟამიერს”, „კრინმანჭულს” და „ოდოიას”, „ხორუმს”; შეხედე ხანდაზმულების ტრადიციულ პატივისცემას, არა გოდრებით, არამედ მოწიწებული თაყვანისცემით; შეხედე „ვეფხისტყაოსანს”, „მთვარის მოტაცებას,” „დათა თუთაშხიას”, „სამოსელ პირველს”; შეხედე „დაისს”, „აბესალომს და ეთერს” და „მინდიას”, აი, სად არის თავისუფლება. აი, უმთავრესზე უმთავრესი სარბიელი ჩვენი მისიისა დეზორიენტირებული თაობების მოსაბრუნებლად ჭეშმარიტების გზისკენ.
ამისი საწყისი კი უეჭველად ბატონი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც „სამების” ტაძარი აჩუქა ქართველ ხალხს ერთიანი საქართველოს სიმბოლოდ; მშვიდობიანი ათწლეული აჩუქა ჩვენს საზოგადოებას, იმისდა მიუხედავად, მილიარდერების ლაშქარი ებრძვის შინ თუ გარეთ, თავის მრწამსზე, ეროვნულ ფსიქოლოგიაზე, პეტრესავით სალ კლდეზე დაყუდებულს; მან უხსოვრობის დროინდელი, სალოცავი ხე-გვიმრები აჩუქა საქართველოს, რომელთაც მშვენიერების სიმბოლოდ მოიაზრებდა ჩვენი გონიერი წინაპარი, ოდესღაც გიგანტები ოქრომრავალი ჩვენი სამშობლოსავით, დროთა მსვლელობაში, რომ ნელ-ნელა გადაშენებულან, გადაგვარებულან, ბალახად ქცეულან, გაგვიმრუჭებულან და აწ ცელითაც ითიბებიან... არ მთავრდება სარბიელი ესე ამ თემშარაზე. ხვალ და ზეგ უფრო ქმედითი ნაბიჯებია მოსალოდნელი, როცა აკადემიკოს რამაზ გახოკიძის კონგენიალური პრეპარატი „ბიორაგით” და გასაოცარი ხე-მცენარე ფსტათი, იგივე ბუსტუღით, საკმევლის ხით, ხემირონით ენერგიულად შევუტევთ ჩვენი პლანეტის დამამხობელ მილიონობით ჰექტარ უდაბნოეთს; როცა ამ სიკვდილის ქვიშის ოკეანეებს ოაზისებად, ბაღ-ვენახებად გადავაქცევთ ოდიოზური ცივილიზაციისთვის...
ესაუბრა
თამარ ბერძენიშვილი-ხარჩილავა.