ივანიშვილის მოკლე როქი და პასუხგაუცემელი კითხვები

ივანიშვილის მოკლე როქი და პასუხგაუცემელი კითხვები

ივანიშვილის საკადრო გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილის ფანები არა მარტო გაოგნებულნი, არამედ, უკმაყოფილოებიც დარჩნენ, თუმცა, ბევრი ამის საჯაროდ გამოხატვას ვერ ბედავს!


ივანიშვილისგან მსგავსი ტრიუკები გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ არავ ერთი რიტორიკული კითხვა: რატომ?


რატომ გახდა აუცილებელი დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოშორება პრემიერ-მინისტრობიდან, განსაკუთრებით მაშინ, როცა მან გამოცდილება შეიძინა და ლიდერადაც ჩამოყალიბდა?!


გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ყველა გადაწყვეტილებას ღარიბაშვილი ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე იღებდა. თუმცა, ასეთ სიტუაციაშიც კი, ძალიან სერიოზულ ფაქტორს თამაშობს პიროვნული თვისებები. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში ღარიბაშვილი ყველასგან გამორჩეული ფიგურა იყო და მისი ავტორიტეტიც დღითიდღე იზრდებოდა - იგი, როგორც მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე არა მარტო „ოცნების“ ფანებს, არამედ დღევანდელი უმრავლესობისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებსაც მოსწონდათ!


თუმცა, ვიდრე ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების შეფასებას შევუდგებოდე, საინტერესო იქნება თავად ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების ალბათობაზეც ვისაუბროთ.


საზოგადოებაში სხვადასხვა აზრი არსებობს მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა, ერთი რამ უდავოა: ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა (2011 წ. ოქტომბერი) და პოლიტიკაში მესამედ ოფიციალურად დაბრუნება (2023 წ. დეკემბერი) სათანადო დავალებებს უკავშირდება. თუ რამ განაპირობა მისი კულისებიდან გამოსვლა, ამას უახლოესი თვეები გვიჩვენებს.


მახსენდება ბ-ნ ბიძინას სიტყვები ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებში: „ჩვენ გავაოცებთ ევროპას ქართული დემოკრატიით“.


მესამედ მოსვლით, უკვე ნამდვილად გაოცებული დავრჩით. თუმცა, გაოცების მიზეზი უფრო მეტად მისი პოლიტიკაში დაბრუნების ფორმაა - საკუთარ პარტიას საპატიო თავმჯდომარის რანგში დაუბრუნდა. თუმცა, სიტყვა „საპატიო“ აქ პირობითია, რადგან, ისტორიას არ ახსოვს საპატიო თავმჯდომარეს (ეს უფუნქციო სტატუსია) ქვეყნის პირველი თანამდებობის პირის დასახელების უფლება ჰქონდეს! 


როგორც ამბობენ, „ქართული ოცნების“ წესდებაში სპეციალურად ივანიშვილისთვის ცვლილებები შეიტანეს, რითაც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ბოლომდე დაკნინდა.


ალბათ, კითხვის ნიშნები არც გაჩნდებოდა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად და შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარედაც დაბრუნებულიყო, თუმცა ჩვენთან ყველაფერი უკუღმა ხდება!


რა გამოდის?


გარეგნულად თანამდებობა ფორმალური, უფლებები რეალურად განუსაზღვრელი, ხოლო ოფიციალური პასუხისმგებლობა - ნული.


ამ ფონზე საკმაოდ არადამაჯერებლად მოჩანს მისი განცხადება პარტიის ყრილობაზე, რომ მან პოლიტიკაში დაბრუნება გუნდში არეულობის თავიდან აცილებისა და კორუფციული რისკების დაზღვევის გამო გადაწყვიტა!


არადა, ღარიბაშვილის პრემიერობიდან გადაყენებამ საპირისპირო სურათი აჩვენა - მიზანი უფრო შორსმიმავალი და არც თუ ისე მომგებიანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის!!!


ახლა ისევ ღარიბაშვილს დავუბრუნდეთ: საკმაოდ ორაზროვანი და თითიდან გამოწოვილი იყო მისი განცხადება, რომ მან პრემიერის პოსტზე უკვე ამოწურა თავისი რესურსები და ასპარეზი სხვა ნიჭიერ ადამიანებს უნდა დაუთმოს, რომელიც გუნდში არც ისე ცოტაა.


თავი დავანებოთ იმას, რა დარტყმა მიაყენა ამ არაფრისმომცემი განცხადებით ექს-პრემიერმა საკუთარ იმიჯს - უფრო მნიშვნელოვანია, ვინ შეცვლის მას! მე პიროვნულად არანაირი პრეტენზია არა მაქვს ირაკლი კობახიძესთან, მაგრამ დღევანდელი სიტუაციაში, უკვე გამოწვრთნილი და მთავრობის მეთაურად ჩამოყალიბებული ირაკლი ღარიბაშვილი მეტ სარგებლობას მოუტანდა ქვეყანას, ვიდრე, კარგი კონსტიტუციონალისტი, ასევე კარგი ორატორი კობახიძე.


ნიშანდობლივია ისიც, რომ ღარიბაშვილი თანამდებობას ჩამოაშორეს ჩინეთთან ურთიერთობის გააქტიურებისა და სომხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის მესამე თუ მეოთხე დღეს. თუ პირველ შემთხვევაში დადებით პერსპექტივასთან გვაქვს საქმე, სომხეთთან მიმართებაში ცოტა განსხვავებული სურათი იკვეთება - მხედველობაშია საფრანგეთის გააქტიურება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კერძოდ, სომხეთში და აზერბაიჯანის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველოს სატრანზიტო გზით სომხეთში მიმავალ ფრანგული იარაღის გატარებას მოჰყვა...


ილუზიაა იმის მტკიცებაც, რომ ღარიბაშვილის გადაყენება მომავალ არჩევნებს უკავშირდება. ასეთი ფორმით პრემიერის პოსტიდან წასული ღარიბაშვილი პარტიის ლოკომოტივად არ გამოდგება (სხვა საკითხია, იგი ივნისში თუ გადადგებოდა თანამდებობიდან და სიის პირველ ნომრად მოგვევლონებოდა). ეს უფრო მეტად ჩამოაშორებს „ოცნებას“ საკუთარ მხარდამჭერებს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ფანი გახლდათ. იქნებ, ეს არის სწორედ ჩაფიქრებული და „ქართული ოცნების“ საკონსტტიტუციო უმრავლესობაში მოსვლა მხოლოდ ნიღაბი იყო ხალხის დასაბნევად?!


იქნებ, ეს არის გზა კრიმინალურ ოპოზიციასთან ერთად კოალიციური პარლამენტის და მთავრობის შესაქმნელად, რაზეც დირექტივა დასავლეთიდან კარგა ხანია გაიცა?


ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, უნდა ვიფხიზლოთ, რომ არც ერთი ნიუანსი არ გამოგვეპაროს!

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: