ნიკოს, რა აკაკანებდა?

ნიკოს, რა აკაკანებდა?


როგორც წესი, პიროვნებებს არ ვებრძვი, არც პოლემიკის კულტურას ვარღვევ, რაც არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა ჩვენს რეალობაში - ყოველთვის ვამბობ და ვწერ იმ მახინჯ ტენდენციებზე, რომელიც ანგრევს და სპობს უმდიდრესი ქართული ლიტერატურის ტრადიციებს!


გულწრფელად ვიტყვი: არ მაქვს განსაკუთრებული (გადაჭარბებული) წარმოდგენა საკუთარ თავზე. ხშირად უხერხემლო „ბწკენებსაც“ უპასუხოდ ვტოვებ - იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკამათები და ვის უტოლებ თავს!


ამჯერად, იძულებული, ვარ „ხურდა“ დავუბრუნო მწერალთა კავშირის ახალგამოჩეკილ „გურუს“ - ნიკო ბაღაშვილს და მის მრავალრიცხოვან ამალასაც, რომ საკუთარი ნამდვილი სახე დავანახო. 

https://www.facebook.com/nikola.bagashvili.9/posts/795875342677536?rdid=6VMxBuntu3x5hmp2


სამწუხაროდ, ერთმანეთშია აზელილი უნიჭობა და ზეამბიციურობა. ხშირად კი, ორმაგ სტანდარტებთანაც გვაქვს საქმე.


ახლა კი საქმეზე:

მე ისეთი მწერალთა კავშირის „ვიწრო ბილიკზე“ გავიარე, ნიკო ბაღაშვილს კავშირის წევრის მანდატი რომ უბოძა. 
ნიკოს მწერლობაზე არაფერი მსმენია, მაგრამ მის „პროფესიულ“ ოსტატობაში შეგიძლიათ ჩემი „მამხილებელი“ სტატუსითაც დარწმუნდეთ. კაცს წინადადების გამართვა არ შეუძლია და არ იცის წერტილ-მძიმე სად დასვას, ამდენად, მიკვირს, რა კრიტერიუმებით მიიღეს იგი ე.წ. მწერალთა კავშირის წევრად?


მე არ ვიცი, ვინ დააბრალა ნიკო ბაღაშვილს რეჟისორობა, მაგრამ, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ამ მხრივ უქნია ღმერთს - მისი გადაღებული „ფილმები“ მხოლოდ ცალყბა ღიმილს თუ იმსახურებენ. არადა, თვითმარქვია რეჟისორი, თურმე, ლექსმეწერთა სექტაში ავტორიტეტით სარგებლობს!


რადგან, მწერალთა კავშირზე ჩამოვარდა საუბარი, გავაგრძელებ:
მე იმ მწერალთა კავშირის „ვიწრო ბილიკზე“ გავიარე, გიორგი მასხულია რომ ჰყავს კავშირის წევრად. დროებით აქ გავჩერდები...
სიცხადისთვის კი ვიტყვი, რამ გააღიზიანა ბატონი ნიკო და რატომ ცდილობს მწერალთა კავშირს ამბრაზურასავით გადაეფაროს?!


ორიოდე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე სტატუსი: „ნუ ათახსირებთ ქართულ პოეზიას“, სადაც, ერთ-ერთ ე.წ. კოლექტიურ კრებულზე: „პოეზიის 10 წუთი“ ვამახვილებდი ყურადღებას. სტატუსში მწერალთა კავშირზე საუბრისას მხოლოდ ერთი წინადადებით შემოვიფარგლე: „დღეს ნებისმიერს შეუძლია გახდეს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და ამით თავისი ზეამბიციები დაიკმაყოფილოს“.


რა ვთქვი არასწორი, ასე რომ აკაკანდა ნიკო ბაღაშვილი?


მითუმეტეს, სტატუსში ძირითადად ყურადღებას ვამახვილებდი ე.წ. კოლექტიური კრებულების გამოცემის მანკიერ პრაქტიკაზე, სადაც ავტორთა შერჩევის არანაირი კრიტერიუმები არ არსებობს და მკითხველს უსულო და უგემოვნო ნაცოდვილარები მიეწოდება...


„დაბეჭდონ მერე“, იტყვით თქვენ! 


რა თქმა უნდა, წიგნების ბეჭდვას ვერავის დავუშლით, მაგრამ ჩვენც უფლება გვაქვს, მკითხველს ვაუწყოთ, რამდენად მდარე ხარისხის ლიტერატურასთან გვაქვს საქმე და რამდენად უწყობს ხელს ასეთი გამოცემები მკითხველთა გემოვნების დაქვეითებას და, არც მეტი, არც ნაკლები, ტრადიციული ქართული (ერთ დროს ზენიტში მყოფი)  ლიტერატურის გათახსირებას!
ის, რომ სრული განუკითხაობაა ქართულ მწერლობაში, დამეთანხმებით. ეს უპირველესად ლიტერატურული კრიტიკის არქონის ბრალია. ხელისუფლებას კი ნაკლებად ადარდებს, რა დონის წიგნები გამოვა და რამდენად უქმნის ეს საფრთხეს ქართული ლიტერატურის მომავალს!


* * *


კი, მაგრამ რას აკეთებს საქართველოს მწერალთა კავშირი, ეს ხომ მისი პირდაპირი მოვალეობაა? - ხშირად სვამენ ასეთ რიტორიკულ კითხვას ქართული ლიტერატურის გულშემატკივრები.


გიპასუხებთ:
რას აკეთებს და, თვალში ნაცარს გვაყრის ამ უმსგავსობისადმი ლოიალური დამოკიდებულებით. 


რას აკეთებს და, უმოწყალოდ ზრდის კავშირის წევრებს - ვინც ერთ-ორ წიგნს გამოსცემს (წიგნები როგორ გამოდის, ამაზე არ შევჩერდები) და სურვილს გამოთქვამს გაწევრიანების, ყველას მწერალთა კავშირის მანდატით აჯილდოებენ. ამით ზრდიან მხარდამჭერთა არმიას, წევრებს კი ზეამბიციებს უკმაყოფილებენ.


რას აკეთებს და, წყალ-წყალა პრემიებსა და სიგელ-გუჯრებს არიგებს. ისეთი უცნაური პრემიებიც მოიგონეს, გაოცებასაც კი იწვევს (მაგ.: თამარის ენდალმა), ილიას, აკაკისა და ვაჟას პრემიებს, ისე გულუხვად არიგებენ, იფიქრებ, 21-ე საუკუნეში საქართველოში ქართულ ლიტერატურას „ოქროს ხანა“ დაუდგა.


რას აკეთებს და, ერთ დროს ავტორიტეტული მწერალთა კავშირის მემკვიდრეობას იბრალებს. თუმცა, სახელწოდების გარდა, არაფერი დარჩა ძველი მემკვიდრეობიდან. არადა, საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს მართლაც მწერალთა კავშირი ჰგონიათ!
ჩემი „ბრალმდებელი“ წუხს, რომ მწერალთა კავშირს „არც ჭერი აქვს და არც საარსებო გარემო“.


რატომ უნდა ჰქონდეს კერძო პირთა მიერ  მონოპოლიზებულ თვითმარქვია ორგანოს სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილი „ჭერი და საარსებო გარემო“, როცა იგი არაფერს აკეთებს ქართული მწერლობის ღირსეული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარებისთვის?!


ერთი მაგალითი მაინც დამისახელეთ, მწერალთა კავშირს ახალგამოსული წიგნის ტრადიციულ-ლიტერატურული განხილვა მოეწყო, ან დაბნეულ მკითხველს თეთრისა და შავის გარჩევაში დახმარებოდა?!


მე არ მახსოვს!


მაშ, რისთვისაა საჭირო ასეთი მწერალთა კავშირი? ამაზე თქვენი პასუხი უფრო უპრიანი იქნება!


* * *


ქალბატონების: ხათუნა ცომაიას, ლალი ზირაქაშვილის, იზა კარიჭაშვილის და მანანა სამყურაშვილისგან არ მიკვირს ჩემი მისამართით ნასროლი ტალახი, მაგრამ ბ-ნ ბაღათერ არაბულისგან ნამდვილად გამიკვირდა, ნიკო ბაღაშვილს ჩემი „მამხილებელი“ აჩხა-ბაჩხა „შედევრი“ რომ მოუწონა და კომენტარითაც შეაგულიანა კიდეც! 


თუმცა, ეს მისი საქმეა - მე, პირადად, პატივს ვცემ ბატონ ბაღათერს და მომავალშიც შევინარჩუნებ მისადმი პატივისცემას, თუ, რა თქმა უნდა, თავად არ ექნება ჩემთან პიროვნული პრეტენზია.


* * *


ჩემს წინა სტატიაში ქალბატონ ხათუნა ცომაიას, რომელსაც, თურმე, ეამაყება, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია, შევპირდი „პოეზიის ათ წუთში“ თქვენს ლექსს განვიხილავ-მეთქი. არ გავაწბილებ, თუმცა, იმდენად სუსტია, ლიტერატურულ განხილვას არც ექვემდებარება.


აბა მოვუსმინოთ:


ცოდვილთა რიგი


„გზა გამიგრძელდა
შენამდე, ღმერთო...
წარსულის ცოდვებს
ცოდვებს ვუმატებ.
ისე ჩასაფრდა
სხეულში„ სიძვა“
- თავს ვერ
ვთოკავ და
და ვეღარც ვამარცხებ...
დილაადრიან მზეს
მივეფიცხე,
შემომიტია ბავშვურ
სიანცემ.
სადღაც შორეთში
მიძინებულმა
გრძნობამ დაიპყრო
თვით სიდიადე...“


 ...
„...სველი ფურცლები
სტიროდნენ თვისთვის,
უფალთან იდგა
ცოდვილთა რიგი.
წერა-წერაში
დამათენდა და
სანთელს გავხედე
დამთავრდა რითმი...“


მეტის გაგრძელება საჭირო არ არის. ახლა მე თქვენ გეკითხებით: 
გაიგეთ რისი თქმა უნდა ავტორს, ან არის ამაში საერთოდ პოეზიის ნატამალი? ოდნავ მაინც თუ აკმაყოფილებს პოეზიისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს? 


სად არის პოეტური სუნთქვა, მელოდია, რომელმაც მკითხველის სულის სიღრმეში უნდა დაივანოს? 


როგორ მოგწონთ გარითმვა: „ვუმატებ“ და „ვამარცხებ“ ან „სიანცემ“ და „სიდიადე“. ან, თუნდაც, „რიგი“-სა და „რითმი“-ს გარითმვა ხომ იდეალური მიგნებაა?!


ასეთი  „ფოლიანტებს“ უხვად იპოვით სხვა ავტორების „შედევრებში“-ც, რომლებსაც პრეტენზია აქვთ არა მარტო წიგნის გამოცემაზე და კოლექტიურ კრებულებში დაბეჭდვაზე, არამედ, მათი უმეტესობა მწერალთა კავშირის წევრია და ამ „უპირატესობით“ კეკლუცობენ კიდეც სოციალურ ქსელში.


P.S.  თუ ზემოთ ხსენებული კრებულის ავტორებიდან ვინმეს ექნება პრეტენზია, სიამოვნებით განვიხილავ ინდივიდუალურ ფორმატში. ოღონდ, არა ზერელედ, არამედ, ლიტერატურული პრინციპების გათვალისწინებით.

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: