ტრამპის მორიგი ინტრიგა და საქართველოს ლოგიკური არჩევანი!
ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააანონსა, რომ დღეს საღამოს სკანდალურ (განსაკუთრებულ) განცხადებას გააკეთებს.
ანონიმური წყაროებიდან უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მისი განცხადების მთავარი ლაიტმოტივი უკრაინისთვის ყოველგვარი სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტა იქნება. თუ რას მოუტანს ეს უკრაინას, ძნელად მისახვედრი არ არის.
თუმცა, მარჩიელობას, სჯობს დაველოდოთ ტრამპის ოფიციალურ განცხადებას.
მანამდე, კი...
* * *
ღრმად ვარ დარწმუნებული, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სკანდალური შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, კიდევ დიდხანს იქნება მსჯელობისა და განქიქების საგანი.
დღევანდელი გადასახედიდან, ეს იყო ფორმალური შეხვედრა, რომლის მოსალოდნელი შედეგები ორივე მხარისთვის წინასწარ იყო ცნობილი.
გავიხსენოთ, რა უძღოდა წინ ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც აშშ-ს დღევანდელმა პრეზიდენტმა სამართლიანად უწოდა, საშუალო დონის კომედიანტის ჩასვლას ვაშინგტონში. მხედველობაში მაქვს აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას წინამძღოლობით ჩატარებული საპროტესტო აქცია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს ელჩი აშშ-ში.
აქედან გამომდინარე, ვაშინგტონისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ზელენსკი უკრაინის ძვირფასი ლითონების აშშ-სთვის გადაცემაზე შეთანხმების ხელმოსაწერად არ ჩავიდოდა, არც ის იყო მოულოდნელი, რომ უკრაინის ფაქტიური მესაფლავე, მართლაცდა, ერთი რიგითი მასხარა ზელენსკი, კარგად დატრენინგებული ჩავიდა ამერიკაში და თავისი უტიფრობით მსოფლიო გააოგნა! არადა, ბევრს ვერ წარმოედგინა ნაცარტუტად ქცეული ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტი სუპერსახელმწიფოს ლიდერთან ამდენს გაბედავდა. თუმცა, ზელენსკიმ გაბედა, დავალებაც პირნათლად შეასრულა და ულტრალიბერალების თვალში ავტორიტეტიც კი აიმაღლა.
თავი დავანებოთ, რამდენად ჯდებოდა საერთაშორისო პროტოკოლით გათვალისწინებულ ნორმებში შეხვედრის ფორმატი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარით წარიმართა.
საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპმა გააშიშვლა „დიფსტეითის“ მიერ დატრენინგებული მასხარა ზელენსკის ნამდვილი სახე და ბოლომდე გააფარჩაკა იგი. თუმცა, ულტრალიბერალები და მათი ბრმა მხარდამჭერები, ზელენსკიში ახლადგამოძერწილ გმირს ხედავენ!
ზემოთქმული შეხვედრიდან და აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის განცხადებებიდან აშკარად ჩანს, რომ ამერიკას არ სურს პირდაპირი დაპირისპირება რუსეთთან და იგი ომის დასრულების მომხრეა. ამერიკისგან განსხვავებით, ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოთა ლიდერები (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) დიდი ბრიტანეთის თამადობით, ევროპის „სამხედრო კოალიციას“ აანონსებენ და უკრაინის თვითმარქვია გმირს ომის გაგრძელებისკენ აქეზებენ. მიზანი ცალსახაა - გრძელვადიან ომში რუსეთის დასუსტება!
თუმცა, ევროპის სახელმწიფოთა მარიონეტ ლიდერებს და მათ დამკვეთებს, რატომღაც ავიწყდებათ, რომ ევროპის მხრიდან პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი მათთან კონვენციური ომით თამაშს არ დაიწყებს! ნიშანდობლივია ისიც, რომ ამერიკის ჩამოშორება უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის პროცესებისგან, რუსეთს ხელ-ფეხს გაუხსნის, უფრო ადრე და მარტივად მოახერხოს უკრაინის საბოლოო დაჩოქება! რაც შეეხება ნატოს, ამერიკის გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან (როგორც დაანონსდა) ხელს შეუწყობს მისი ქმედუნარიანობის დასუსტებას და საბოლოოს ჯამში, დაშლას!
ამ ყველაფრის ფონზე კითხვის ნიშნები რჩება თურქეთთან მიმართებაში, რომელიც ნატოს წევრია და საკმაოდ გაწრთვნილი არმია ჰყავს. ცალსახაა, თურქეთი ვერ გაბედავს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში შესვლას და ამ ავანტიურაში ჩართვას, რადგან, კარგად იცის, რომ რუსეთთან ომი, მისი, როგორც უნიტარული სახელმწიფოს დასასრული იქნება!
დასკვნა მარტივია: რუსეთისთვის მუშტის მოღერება, ისედაც დასუსტებულ ევროპას ძალიან ძვირად დაუჯდება - საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი არ მოერიდება ბირთვული არსენალის გამოყენებასაც კი, რასაც თავს არიდებს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც.
* * *
მიუხედავად იმისა, ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას საქართველოს რუსეთთან ხელახალ დაპირისპირებაში ჩართვის ალბათობა (ყოველ შემთხვევაში, მცდელობა არის), ამის პერსპექტივა დღითიდღე მცირდება.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აშკარად გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება დაწყებულია. სამწუხაროდ, გაურკვეველია, სად არის ამ პროცესის გათვალისწინებით, საქართველოს ადგილი, რომელი ძალის ცენტრის გავლენის სფეროში მოექცევა იგი. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მშვიდობიანად მოვედით, მსოფლიოში მიმდინარე დაჩქარებული გეოპოლიტიკური პროცესები დიდხანს დაფიქრების საშუალებას არ მოგვცემს - საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს!
უპირველესად, ეს აუცილებელია არა მარტო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, არამედ, მომავალშიც უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც. ეს ყველაფერი კი მანამდე უნდა მოხდეს, ვიდრე საქართველო ძალის ცენტრების (აშშ, რუსეთი) პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდება. ამისთვის დღეს ყველაზე სასურველი ფონია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. უპირველესად, ამას გვაიძულებს მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაცია და სამეზობლო გარემო, რომელიც სასურველ მომენტს ელოდება საკუთარი მზაკვრული ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად!
სასიცოცხლოდ აუცილებელია, გადაჭარბებული სიფრთხილიდან მოქმედებაზე გადასვლა და რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. იმის შიშით, რომ ამ ინიციატივას მორიგი სადამსჯელო ღონისძიებები მოჰყვება კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, ვეჭვობ, უფრო მეტს დავკარგავთ, ვიდრე მოვიგებთ - „გუშინ“ ასეთი ინიციატივა წამგებიანი იყო, „ხვალ“ კი შეიძლება „დღეს“ არსებული კოზირიც გავუშვათ ხელიდან!
რაც არ უნდა ცარიელი მუშტი ვიქნიოთ და „ოკუპანტი“, „ოკუპანტი“ ვეძახოთ, რუსეთს ხელებს მაინც ვერ ავაწევინებთ (ეს ნახევარმა მსოფლიომაც ვერ მოახერხა) - ისევ არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციით უნდა ვისარგებლოთ და დიპლომატიური არხები ავამოქმედოთ.
დროა!
საქართველოს მომავალს მე-5 კოლონას ვერ გადავაყოლებთ!
P.S. მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა რომ დასაჩქარებელია, ამას გასული საუკუნის 90-იანი წლების მწარე გამოცდილებაც ადასტურებს. მხედველობაში მაქვს საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებაზე ჯიუტად უარის თქმა, რასაც ტერიტორიული მთლიანობა შეეწირა. ჩვენ საკუთარ შეცდომებზე მაინც უნდა ვისწავლოთ.
რუსეთთან დიალოგი არ ნიშნავს საქართველოს რუსეთის მორიგ გუბერნიად გადაქცევას!
მითუმეტეს, ამისკენ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია გვიბიძგებს.
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი