შობის მარხვა დაიწყო

შობის მარხვა დაიწყო

შობის მარხვა 15 ნოემბერს (ახ. სტ. 28 ნოემბერი) იწყება და 25 დეკემბერს (ახ. სტ. 7 იანვარი) მთავრდება. საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია, რომელიც 40 დღე გრძელდება, (პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში, იმპერატორ მანუელის დროს, 1166 წელს მოწვეულ კრებაზე დადგინდა) და შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე _ 7 იანვარს ხსნილდება.


ტრადიციულად, 28 იანვრიდან 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში თევზის მიღება შეუძლიათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი თევზის მიღებაც იკრძალება. შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია, მას ვიცავთ, როგორც მოციქულთა მარხვას, რომლის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევაზე იყო დამოკიდებული და დღესაც ასეა.


მართმადიდებელი ეკლესია საშობაო მარხვითა და ლოცვით ემზადება იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. სასულიერო პირები მორწმუნეებს მოუწოდებენ, მარხვის პერიოდში სისტემატურად იარონ ტაძრებში, დაესწრონ წირვა-ლოცვებს და ქართველთა რწმენის განსამტკიცებლადაც ილოცონ, რათა სინანულით, ლოცვითა და მარხვით თავი განვიწმიდოთ, რომ წმინდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას მოწიწებით მივეახლოთ.


ლეონ დიდი წერს: "მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას, რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით".


საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისთვის. "როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, ასევე ამ მარხვის განმავლობაში, ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ", – წერს წმინდანი. ხოლო, სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით: "შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისაგან ქვის ორი ფირფიტა მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი, ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისგან ცოცხალ სიტყვას ვღებულობთ, რომელიც ამჯერად, ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით".


მართლმადიდებელო ქრისტიანებო! განვიწმინდოთ, შევეცადოთ მარხვაში დრო ტაშ-ფანდურით არ გავატაროთ... მეტად გამოვიღვიძოთ, მეტად დავუახლოვდეთ უფალს, იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ ერის გამოფხიზლებაზე. გამოვიყენოთ ეს შანსი, რათა გადავარჩინოთ ჩვენი სულები. 1 იანვარს (ახ. სტ) მარხვაში, ახალ წელს ნუ ვიდღესასწაულებთ! უფლის ამქვეყნად განკაცების დიდი და საიდუმლო ბრწყინვალე დღესასწაული, 7 იანვარს (ახ. სტ.) მარხვის დღეების დაუგმობლად და ღირსეული განსრულებით, საყოველთაო მხიარულებით ყველამ ერთად ვიდღესასწაულოთ, ერში ჩვენი ხსნისა და გადარჩენისთვის, რათა ერთობით ვადიდოთ ღმერთი და ვიყოთ ღვთაებივი სიყვარულით გარემოცულნი, რომელსა შვენის პატივი და დიდება და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


თეონა ახალაია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: