წამლის წარმოებაზე კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს
წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში მზადდება უხარისხოა და მათი კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს.
"ჩვენ გვყავს მწარმოებელი კომპანიები, რომელთა მედიკამენტები შეიძლება ხარისხიანი ან უხარისხო იყოს. კონტროლის მექანიზმი ან სულ არ მუშაობს, ან პირობითია. ასევე აქტიურად ხდება საეჭვო ვითარებაში საზღვარგარეთ წარმოებული მასალის შემოტანა და შეფუთვა. ჩემი აზრით, ეს წარმოება არ არის და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვიფიქრო, რომ კრიმინალის ელემენტებს შეიცავს", _ აღნიშნავს გიორგი ბარამიძე "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.
გიორგი ბარამიძე არსებულ პრობლემებში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა ძველ ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს შორის ურთიერთსარფიან დამოკიდებულებას ეყრდნობოდა.
წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ახალ ხელისუფლებას სთავაზობს, რომ შეიქმნას ფონდი, რომელიც ტენდერების მეშვეობით შეიძენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებს, რაც სადაზღვეო პაკეტში წამლის წილს შეამცირებს და მომგებიანი იქნება, როგორც კომპანიებისთვის, ასევე მომხმარებლისთვისაც.