ხვალ მსოფლიო შიდსათან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
1988 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ გამოცხადა და მას შემდეგ ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის არსებობა წარმოადგენს მცდელობას გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით, გაძლიერდეს მხარდაჭერა და სოლიდარობის გრძნობა აივ დადებით პირთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ.
მსოფლიოში მილიონობოთ ადამიანი ატარებს წითელი ლენტს, როგორც აივ ინფექცია - შიდსის საკითხის გაზიარების სიმბოლოს. ეს ლენტი 1991 წელს შექმნა ფრანგმა მხატვარმა ფრანკ მურმა. წითელი ლენტი გამოხატავს: სოლიდარობას - მათ მიმართ, ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსის ეპიდემია - აივ დადებით პირებს, მათ ახლობლებსა და მეგობრებს; პროტესტს - აივ დადებით პირთა დისკრიმინაციის და სტიგმის წინააღმდეგ; იმედს - რომ მედიცინა სძლევს ვირუსს!
• მსოფლიოში 2011 წლის ბოლოს 34 მილიონზე მეტი ადამიანია აივ ინფიცირებული და შიდსით დაავადებული;
• ყოველდღიურად ინფიცირდება 7000 ადამიანი;
• საქართველოში 2012 წლის ბოლოს რეგისტრირებულია აივ ინფიცირების 3600 შემთხვევა;
• ექსპერტთა პროგნოზით აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი 5000-მდეა;
• საქართველოში აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა სიმცირის მიუხედავად გასათვალისწინებელია ინფექციის ეპიდემიის გავრცელების პოტენციალის არსებობა;
• მხოლოდ 2012 წელს გამოვლინდა აივ ინფიცირების 485 ახალი შემთხვევა, რაც 11%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს;
• უკანასკნელ წლებში ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევების დაახლოებით 45%-ში დიაგნოზი დაის¬ვა დაავადების შორსწასულ სტადიაზე, რაც უარყოფით ზეგავლენას ახ¬დენს დაავადების გამოსავალზე და ეპიდემიის მიმდინარეობაზე;
• აივ ინფექციის გადაცემის ძირითად გზას ნარკოტიკების ინექციური მოხმარება წარმოადგენს, მაგრამ სულ უფრო იზრდება სქესობრივი კონტაქტების როლი ინფექციის გადაცემაში;
• რეგისტრირებულ აივ ინფიცირებულ პაციენტთა 54% დაინფიცირდა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით, 39% - ჰეტერო-, ხოლო 4% - ჰომოსექსუალური კონტაქტის შედეგად;
• იზრდება აივ ინფიცირებულ ორსულ ქალთა რაოდენობა;
• საქართველო ითვლება მოწინავე ქვეყანად, რომელმაც უზრუნველყო შიდსით დაავადებულთათვის ანტირეტოვირუსული მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა;
• დღეისათვის ანტირეტროვირუსული მკურნალობა უტარდება 1358 შიდსით დაავადებულ პაციენტს;
• აივ ინფიცირებულ ორსულთა სრულყოფილი პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად დაიბადა 138 ჯანმრთელი ბავშვი;
• საერთაშორისო კვლევებით ნაჩვენებია, რომ მკურნალობა ეფექტურია არა მხოლოდ შიდსთან ასოცირებული სიკვდილობის შემცირებაში, არამედ აივ-ის გადაცემის პრევენციაშიც, რამაც საფუძველი ჩაუყარა შიდს¬თან ბრძოლის ახალ მიდგომას "მკურნალობა პრევენციისთვის", რომლის მიზანია ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობა.