გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს!
ყველაფერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებით დაიწყო. ამ კურთხეულ დღეს "განგებულებისა ღვთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება". ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებით ზეიმობდნენ ძველი დროის ქრისტიანები. დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ძველი სტილით – 21 ნოემბერს, ხოლო ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი. ეს არის დიდებული დღესასწაული – ზეცა უღიმის მიწას და ორივე ერთად საიდუმლოდ შეჰხარის ყოვლადწმინდა მარიამს და კურთხეულია ის ჟამი უწმინდესი დედოფლის ტაძრად მიყვანებისა, რამეთუ ჩვენ ცოდვილთ მოგვაახლებს ღვთიურ სასუფეველს.
ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ, ისინი დედამიწაზე ყველაზე წმიდა ცოლ-ქმარი იყვნენ, ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად და შვილი არ ეყოლათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი ლოცვა და წმიდა ცოლ-ქმარს ასული აჩუქა.
იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როცა მარიამი სამი წლის გახდა, უხმეს ნათესავებს, ახლობლებს, ყრმა მარიამს სადედოფლო შესამოსელი ჩააცვეს, აქეთ-იქით ამოუდგნენ, ხელები ჩასჭიდეს და ასე გაუდგნენ გზას ნაზარეთიდან იერუსალიმისკენ. წინ ანთებული ლამპრებით ხელში ქალწულთა გუნდი მიუძღოდათ, უკან კი ნათესავთა და მეზობელთა კრებული მიჰყვებოდათ. გზა ფსალმუნთა გალობით განვლეს. მესამე დღეს, განთიადის ჟამს, შევიდნენ იერუსალიმში. მთელი ქალაქი გამოვიდა ამ დიდებული პროცესიის სანახავად. განკვირდებოდა "ცანი და ქვეყანა, რამეთუ ხედვიდნენ გონიერსა ცასა მომავალს საღმრთოდ სახლად, პატივით აღზრდად".
მოზეიმე კრებული ტაძრის ეზოში შევიდა და შეიყვანა სულიერი ტაძარი დიდისა მეუფისა - ყრმა მარიამი. ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. წესით, პატარა მარიამს ამ კიბეზე მარტოს ასვლა უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ როდესაც პირველ საფეხურზე დასვეს, თითქოს ფრთებშესხმულმა თხუთმეტივე საფეხური დაუბრკოლებლად აირბინა. ტაძრის შესასვლელთან მას მღვდელმთავარი ზაქარია (იოანე ნათლისმცემლის მამა) გაბრწყინებული შეეგება, სწორედ მან იცოდა, რომ სწორეთ მასზე, ქალწულ მარიამზე უნდა გადმოსულიყო ზეციური მადლი და რომ მასში დამკვიდრდებოდა თვით სიტყვა ღვთისა. გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმინდა წმინდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, ამიტომაც დაუფიქრებლად გაკადნიერდა და წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმინდა წმინდათაში შეიყვანა.
გახარებულმა მშობლებმა მადლობა შესწირეს უფალს, შინ დაბრუნდნენ და დიდი სერობა გამართეს, ხოლო მათი კურთხეული ასული ღვთის სახლში დამკვიდრდა. წმინდა ზაქარიამ ყრმა მარიამი ქალწულებს აღსაზრდელად ჩააბარა. მათგან შეისწავლა მარიამმა საღვთო წერილი, ძველებრაული დამწერლობა, ქსოვა და ქარგვა. მღვდელნი ღვთისმსახურებისას მისი მოქარგული სამოსით იმოსებოდნენ.
რამდენიმე წელიწადში მარიამის მშობლები გარდაიცვალნენ. ყოვლადწმიდა ქალწულმა ღვთის ნებას პირადი ღვაწლიც შემატა, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. მანამდე უცხო იყო დედათა შორის და ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედად გახდა. ქალწული მარიამი არის გასაოცარი ქმნილება უზენაესისა, ის იყო განსაკუთრებული ადამიანთა შორის. მისი სხეული და სული წინასწარ იქნა განწმენდილი და მომზადებული უფალი ღმერთის დასამკვიდრებლად. ცისკრიდან მესამე ჟამამდე ლოცვად იდგა, მესამიდან მეცხრე ჟამამდე ან ხელსაქმობდა, ან წმინდა წერილს კითხულობდა, მეცხრე ჟამიდან ისევ ლოცვას იწყებდა, სანამ უფლის ანგელოზი არ გამოეცხადებოდა და ზეციურ საზრდელს არ მისცემდა, ლოცვით კი ყოველთვის წმინდა წმინდათაში ლოცულობდა. "ყოველდღე მოიხილავდნენ მას ანგელოსნი", "თუ ვინმე მკითხავს, ყოვლადწმიდა ქალწული იქ როგორ ატარებდა სიყმაწვილის დღეებსო, ვუპასუხებ, რომ ეს იციან მხოლოდ ღმერთმა და მთავარანგელოზმა გაბრიელმა, შობიდან განუშორებლად მისმა მცველმა, რომელიც სხვა ანგელოზებთან ერთად ხშირად მიდიოდა მასთან და სიყვარულით ესაუბრებოდა", - ბრძანებს ნეტარი იერონიმე.
ქალწული მარიამი აღემატება ყოველგვარ კანონს ბუნებისას – "ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულთა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო" (ფს, 18,2)
"ღვთის სასუფეველში მართალნი პეტრე მოციქულს შეჰყავს, ხოლო ცოდვილნი - თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსო", - ბრძანებს წმინდა ამბროსი ოპტელი და ჩვენც, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, ნურასოდეს დავკარგავთ იმედს, არამედ "სასოებით შეუვრდეთ დედობრივთა წიაღთა ღვთისმშობლისათა, რათა მეოხებითა მისითა შეგვიწყალოს მისგან შობილმა ქრისტე ღმერთმა.
მართლმადიდებელო ქრისტიანებო! ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ისევე, როგორც ყოველი ათორმეტთაგანი დღესასწაული, სრულყოფილი სიხარულით, თავმდაბლობითა და ღვთის შიშით უნდა აღვნიშნოთ. დაე, ყველას, ჭეშმარიტად მიგვეყვანოს ტაძარში ჩვენი სული. ამინ!
გიხაროდენ მტრედო წმინდაო და დედაო ქრისტე ღმერთისაო; გიხაროდენ, სძალო უსძლოო!
თეონა ახალაია