რა მოსწერა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ბიძინა ივანიშვილს?
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს. ინფორმაცია ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
წერილში კომისარი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს საქართველოში არასათანადო მოპყრობისა და წამების აღსაკვეთად ეფექტური ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს პატიმრებისა და ოფიციალური პირების მიერ დაკავებული სხვა ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებულ შეშფოთებას; გადადგას ეფექტური ნაბიჯები, რათა გააუმჯობესოს ანგარიშვალდებულების სისტემა. აუცილებელია, მუდმივი სიფხიზლე წამების სრული აკრძალვის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. მე ვაპირებ ამ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება ჩემს დიალოგში ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოში ჩემი შემდგომი ვიზიტის დროს", - აცხადებს ნილს მუიჟნიეკსი.
კომისარის აზრით, საჭიროა, ჩატარდეს ეფექტური გამოძიებები, რათა დადგინდნენ და დაისაჯონ თავისუფლებააღკვეთილი პირების არასათანადოდ მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირები.
"ამ შეურაცხყოფებში, პირდაპირი დამნაშავეების გარდა, ის ოფიციალური პირებიც უნდა დაისაჯონ, რომლებმაც დაუკვეთეს ეს დანაშაული ან იყვნენ ინფორმირებულნი ამის შესახებ. სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი. გამოძიება და სასამართლო პროცესები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, რათა შენარჩუნდეს სასჯელაღსრულებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციების ერთიანობა და სანდოობა", - ნათქვამია წერილში.
კომისარი ასევე ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლი, მოწმეები და მათი ოჯახები, უზრუნველყოფილნი იყვნენ სამედიცინო და ფსიქო-სოციალური დახმარებით. ასევე ის აუცილებელ პირობად მიიჩნევს, ეს ადამიანები იურიდიული დაცვის ადეკვატური საშუალებებით იყვნენ დაცულნი.
მუიჟნიეკსის განცხადებით, ციხეებში არასათანადო მოპყრობა არ უნდა იყოს განხილული პენიტენციალური სისტემისგან და ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკისგან განცალკევებით.
"საქართველოს აქვს პატიმრობის ყველაზე მაღალი ინდექსი ევროპაში, რაც გამომდინარეობს ნაწილობრივ წვრილმანი დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის მკაცრი პოლიტიკიდან და გამოტანილი სასჯელის არაპროპორციული ხანგრძლივობიდან. უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა შემუშავდეს და წინასწარი დაკავებისა და დაპატიმრების მიმართვიანობა უნდა შემცირდეს", - აღნიშნულია ნილს მუიჟნიეკსის წერილში.