რა კითხვებს ბადებს „მე-9 არხის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები?
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები ტელეკომპანია „მე-9 არხის“ რეორგანიზაციისა და სხვა ცვლილებების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვენ.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, „მე-9 არხმა“ საკაბელო მაუწყებლობა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დაიწყო და ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკა ხვედელიძისა (80%) და დისშვილის კახა კობიაშვილის (20%) კუთვნილი კომპანიის მფლობელობაშია.
განცხადების თანახმად, საიდუმლო არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანიის ერთადერთ დამფინანსებელს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წარმოადგენდა.
„კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „მე-9 არხის“ შემოსავალი რეკლამიდან და სხვა წყაროდან ძალიან უმნიშვნელოა, რაც იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ მაუწყებელი გახსნის დღიდან ფინანსურად მდგრადი არ იყო და მფლობელის დაფინანსებაზე სრულებით იყო დამოკიდებული“, - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, არხის ხელმძღვანელობამ ტელევიზიისთვის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც არხის სახელმწიფოს ჩარევისგან დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველეყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გააკეთა, თუმცა ბოლო პერიოდში „მე-9 არხის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები კითხვებს ბადებს.
„საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების თუ მათთან ასოცირებული პირების მიერ მედიის საქმიანობაში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევა არ უნდა ხდებოდეს. „მე-9 არხის“ რეორგანიზაციისა და სხვა ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლები „მე-9 არხის“ მიერ ტელევიზიის ფინანსური შემოსავლების გასაჯაროებას მოითხოვენ.
მათივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ოჯახმა პოლიტიკასა და მათ კუთვნილ მედიასაშუალებებს შორის - „ინფო 9“, „ინფო ტვ“ და ტელეკომპანია „თრიალეთში“ არსებული წილების ჩათვლით, გამყოფი ზოლის შექმნის მოდელები უნდა განიხილოს.
„საერთშორისო გამჭვირვალობაში“ მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთ გზად შესაძლოა, კომპანიათა გასხვისება ან შემოწირულობის განხორციელება განიხილებოდეს.