პაატა ზაქარეიშვილი: შვეიცარია პრინციპულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა საქართველოსთვის

პაატა ზაქარეიშვილი: შვეიცარია პრინციპულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა საქართველოსთვის

სახელმწიფო მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის დელეგაციას შეხვდა.


რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის დელეგაციას შეხვდა.


სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ივ როსიესთან, უწყების სხვა წარმომადგენლებთან და საქართველოში შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერთან. შეხვედრას შვეიცარიაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილიც ესწრებოდა. მხარეებმა საქართველო-შვეიცარიის თანამშრომლობაზე იმსჯელეს.


"შვეიცარია პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშომლობს საქართველოსთან. სწორედ შვეიცარიაა შუამავალი სახელმწიფო საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე შეხვედრებს მასპინძლობს, ასევე შვეიცარიაშია დაგეგმილი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების პირველი შეხვედრა. შვეიცარიაში ჩატარდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული შეხვედრებიც. ამასთან, შვეიცარია აგვარებს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიურ საკითხებს. ამდენად, ეს მართლაც პრინციპული მნიშვნელობის სახელმწიფოა საქართველოსთვის. ჩვენ დავადასტურეთ მზადყოფნა, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები. სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიის წარმომადგენლებს ორივე მიმართულებით მოქმედების შესახებ საქართველოს ახალი მთავრობის ხედვები გააცნო.


"მათ დიდი ინტერესი გამოხატეს ჩვენი სტრატეგიის მიმართ. კერძოდ, რას ვტოვებთ უცვლელად ძველი მთავრობის მიდგომებიდან და რა სიახლეები შემოგვაქვს კონფლიქტების მიმართულებით. ეს იყო კონსტრუქციული, საქმიანი მსჯელობა და კმაყოფილი ვარ, რომ შვეიცარიის წარმომადგენლებს ასე ღრმად აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე პროცესები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


თავის მხრივ, შვეიცარიის კონფედერაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდება. დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ შვეიცარია და ევროპის სხვა სახელმწიფოები არაღიარების პოლიტიკას მყარად უჭერენ მხარს. მათივე შეფასებით, შესაძლებელია ერთი მხრივ, არაღიარების პოლიტიკის მყარი გატარება და მეორე მხრივ, ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული აქტივობების განხორციელება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: