თამაზ კუნჭულია: შევარდნაძემ საქართველოს აღორძინების გასაღები ადრე დაკარგა და კარგია, თუ იპოვა!

თამაზ კუნჭულია: შევარდნაძემ საქართველოს აღორძინების გასაღები ადრე დაკარგა და კარგია, თუ იპოვა!

ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც იგი ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოში მეჩაიეობის აღორძინება საქართველოს აღორძინებას ტოლფასი იქნება!


ექსპერტები ხმამაღლა საუბრობენ რომ ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად აუცილებელია სოფლის მეურნეობის აღორძინება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი მეჩაიეობაა. სწორედ ჩაის რეალიზაცია იყო დასავლეთ საქართველოში ბევრი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ივერიონი" კომენტარისთვის ექსპერტს სოფლის მეურნეობის საკითხებში, თამაზ კუნჭულიას დაუკავშირდა:


"ცოტა უცნაურია ჩაის კულტურის დაკნინებაზე ედუარდ შევარდნაძე რომ საუბრობს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დრო იყო მეჩაიეობის დარგის ყველაზე დიდი დაფინანსება. თანხები გამოყოფილი იყო საქართველოს ბიუჯეტიდან და ასევე იაპონის მთავრობიდანაც. მთლიანობაში ეს თანხა 22 მილიონს შეადგენდა, მაგრამ რატომღაც ჩაის პლანტანციების დიდი ნაწილი გავერანდა. დღეს კი დასავლეთ საქართველოში ჩაის პლანტანციების მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი და ეს ძველი დაფინანსების შედეგია"
ექსპერტის განცხადებით, ჩაის კულტურას ყოველწლიური მოვლა სჭირდება. თუ 2 წლის განმავლობაში არ მოვუვლით, მასში ჩადებული შრომა და თანხები დაიკარგება.


ამასთან, კუნჭულია საუბრობს რამდენიმე ფაქტორზე, რომელმაც ჩაის კულტურის დეგრადაცია გამოიწვია. ერთ-ერთ ასეთ მიზეზად ჩაის რეალიზაციას ასახელებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ თუ ჩაის დარგის განსავითარებლად ერთ წელს თანხები გამოიყოფოდა მეორე წელს ასე აღარ ხდებოდა.


"პირველად 1996 წელს გამოიყო ჩაის დარგის განსავითარებლად მილიონნახევარი, შემდეგ 1998 წელს 3 მილიონი, შემდეგი დაფინანსება მხოლოს 2005 წელს განხორციელდა. ასეთი არასისტემური მიდგომის დროს, შედეგი ვერ იქნება სახარბიელო",-აცხადებს კუნჭულია.


"ივერიონის" შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია  უახლოეს მომავალში ჩაის კულტურის აღორძინება საქართველოში, ექსპერტი პასუხობს:


"მეჩაიეობის აღორძინება შესაძლებელია, თუ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პრაქტიკას გაითვალისიწნებს. პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა დარგის აღორძინების პროცესში. უნდა მოხდეს ჩაის ფაბრიკების რეაბილიტაციაც. აზრი არ ექნება, თუ ჩაის პლანტაციებს აღვადგენთ და ქვეყანაში ჩაის გადამამუშავებელი ქარხნები არ იმუშავებს. სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, უნდა დაიწყოს ჩაის მოვლის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა"


ექსპერტის განმარტებით, მსოფლიო ტენდენციების გათვალისიწნებით, ქართულ ჩაიზე მოთხოვნილება უნდა გაიზარდოს. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველო, კენია და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებია, ჩაის ბაზარზე წამყვანი ადგილი უნდა დაიკავონ. იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყნები ადგილზე ჩაის მცირე რაოდენობით მოიხმარენ და დიდი რაოდენობით პროდუქციის ექსპორტი შეუძლიათ ბაზარზე.


"მსოფლიო ბაზრის ათვისებაზე, როგორ ვილაპარაკოთ, როცა ჩვენი ქვეყნის ბაზრის მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული. საჭიროა ახალი პროექტის შემუშავება, რომელშიც ზუსტად იქნება გაწერილი სახელმწიფოს და კერძო სტრუქტურების როლი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გვექნება ბაზარი მოსაძიებელი პროდუქციის რეალზაციისთვის",-აცხადებს თამაზ კუნჭულია.


მისივე თქმით, თუ საჭირო თანხები იქნება გამოყოფილი, ჩაის კულტურის აღდგენა უახლოეს პერიდშია შესაძლებელი, თანხების გამოყოფა კი სოფლის მეურნეობის 1 მილიარდიანი ფონდიდან უნდა მოხდეს.

მოამზადა ირმა ჭარაქაშვილმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: