„მაიკროსოფთის“ „იდუმალი მყიდველის“ პროგრამა დამთავრდა

„მაიკროსოფთის“ „იდუმალი მყიდველის“ პროგრამა დამთავრდა

დღეს „მაიქროსოფთ საქართველომ“ „იდუმალი  მყიდველის“ პროგრამის პირველადი შედეგები წარმოადგინა.  პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე 2012  წლის მეორე ნახევარში  პერსონალური კომპიუტერების გამყიდველი კომპანიების შესახებ ინფორმაციების მოკვლევა განხორციელდა.


ასევე ადგილობრივმა წარმომადგენლობამ საქართველოში ინტელექტუალური ქონებრივი უფლებების დასაცავად კორპორაცია „მაიქროსოფთის“ გეგმებიც წარმოადგინა.


უფრო კონკრეტულად კი, გამოიკვლიეს, თუ რომელი კომპიუტერული მაღაზიები ყიდდნენ არალიცენზირებულ პროდუქციას.


საინტერესოა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საქართველოში  „მაიქროსოფთის“ არაოფიციალური პროდუქცია დიდი ოდენობით იყიდება.


„იდუმალი მყიდველის“ პროგრამის მორიგი ეტაპის ფარგლებში, სატელეფონო ზარებისა და პერსონალური ვიზიტების მეშვეობით, 40 მაღაზია შეფასდა, საიდანაც პერსონალური კომპიუტერი  ლიცენზირებული Windows-ის ასლებით და აუთენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატით (COA), მხოლოდ 25 მაღაზიაში აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნულ მაღაზიებშიც კონსულტანტები თავიანთ მომხმარებელს მაინც არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის შეძენისკენ მოუწოდებდნენ.


ხოლო, შემოწმებული 15 მაღაზია კი, ღიად სთავაზობდნენ მომხმარებლებს პერსონალურ კომპიუტერებს მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის პირატული ასლებით. ამასთანავე, პერსონალურ კომპიუტერებს არ გააჩნდათ აუთენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (COA), რომელიც მიუთითებდა პროგრამული უზრუნველყოფის ნამდვილობას.


კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პერსონალური კომპიუტერებით მოვაჭრე მაღაზიების 93%  აინსტალირებდა  „მაიქროსოფთის“ პირატულ პროგრამას შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და გამყიდველების მხოლოდ 7%-ი სთავაზობდა მომხმარებელს „მაიქროსოფთის“ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას.


ასევე, 10 გამყიდველიდან 9 მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევდა სხვა წყაროების შესახებ, სადაც მათი განმარტებით, შესაძლებელი იყო არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია.


კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მომხმარებლები რისკის ქვეშ დგანან, მათთვის უცნობია, რომ  არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით  საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საქართველოს კანონები ირღვევა. გარდა ამისა, ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ტექნიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე  მათ კომპიუტერებზე  პირატული პროგრამების ფუნქციონირების შემთხვევაში.
„მაიქროსოფთ საქართველოს“ ოფიციალურ განცხადებაში საქართველოში არსებულ კრიტიკულ მაჩვენებლებზეა ლაპარაკი:


„მაიქროსოფთ საქართველოს“ მიერ განხორციელებული მრავალი საგანმანათლებლო ღონისძიების მიუხედავად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პერსონალური კომპიუტერების გამყიდველი მაღაზიების უმრავლესობა ქვეყანაში კვლავაც აგრძელებს კომპიუტერების გაყიდვას პირატული პროგრამებით. დროა, განხორციელდეს გაცილებით სერიოზული ღონისძიებები,“ – აღნიშნა „მაიქროსოფთის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის ბიზნესის განვითარების დირექტორმა,  ევგენი დანილოვმა.


კორპორაცია „მაიკროსოფთი“ გეგმავს, „ბიზნეს სოფტვეარ ალიანსის“ (BSA) წარმომადგენლებს და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია „მაიკროსოფთის“ საავტორო უფლებების დამრღვევთა შესახებ სამართლებრივი მექანიზმების ადგილობრივი კანონების შესაბამისად ასამოქმედებლად.


„იდუმალი  მომხმარებლის“  პროგრამა 2013 წელსაც გაგრძელდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება და გაფართოვდება შემოწმებების რაოდენობა და პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალიც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: