მამუკა არეშიძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი პოლიტიკური გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს!

მამუკა არეშიძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი პოლიტიკური გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს!

საზოგადოერბივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების მსურველებმა, ოფიციალური განაცხადი 20 დეკემბრამდე უნდა გააკეთონ. ამ ეტაპზე უკვე რამდენიმე ადამიანი აცხადებს ამ პოსტის დაკავების პრეტენზიას. გენერალურ დირექტორად საზოგადოების ერთი ნაწილი მამუკა არეშიძეს მოიაზრებს, თუმცა თავად თავს იკავებს სამეთვალყურეო საბჭოში განცხადების შეტანისგან.


„ივერიონი“ ამ საკითხთან დაკავშირებით მამუკა არეშიძეს ესაუბრა.


-ბატონო მამუკა, საზოგადოების ერთი ნაწილი მოითხოვს, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს თქვენ ჩაუდგეთ სათავეში. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თქვენი მხარდამჭერი ჯგუფიც შეიქმნა. აპირებთ თუ არა მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე განაცხადოთ პრეტენზია?

 

 -„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობის მსურველთა რიცხვს ამ ეტაპზე ვერ შევუერთდები. განაცხადს არ შევიტან სამეთვალყურეო საბჭოში, ვიდრე არ მექნება მყარი საზოგადოებრივი გარანტიები. ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეთა ფართო ფენებს - არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ ძალებს, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას... მე უნდა დავინახო, რომ ამ ხალხს აპ პოსტზე ჩემი ხილვა სურს.


2007 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები იყო. მაშინ შევიტანე განცხადება და სურვილი გამოვთქვი საბჭოს წევრობაზე. ვიღაც ბავშვმა მომიგო არჩევნები. ცხადია, ეს იყო პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგი. თუმცა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი.


 „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წლების მანძილზე იყო პოლიტიკური იარაღი. მისი ამ ფორმით შენარჩუნება გარკვეულ ძალებს კვლავაც სურთ. ამდენად, ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პროცესში ჩართვა და მაუწყებლის ხელმძღვანელობისთვის ბრძოლა უაზრობად მიმაჩნია. ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე, ჩემი არჩევნებში მონაწილეობა, წინასწარ წაგებულ თამაშში ჩართვას ნიშნავს.


-ბავშვებს დღესაც უნდათ ამ ტელევიზიის ხელმძღვანელობა. გენერალური დირქტორობა ისეთ ადამიანებს სურთ, ჟურნალისტიკაში ერთი კაცის საკეთებელი რომ  ვერ მოილიეს და მაინც უზარმაზარი ამბიციები აქვთ.


-კი, ვხედავ ამას... ბავშვებში აღარ არის მარტო საქმე. არიან კანდიდატები, რომლებიც სხვადასხვა ინტერესთა სფეროს წარმოადგენენ. მათ სოლიდური ლობისტები უმაგრებენ ზურგს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ასე ჩანს. პატარა ბავშვი აღარ ვარ, 55 წლის კაცი ვარ და ვიმეორებ - ვერ გავრისკავ, თუ საზოგადოების თანადგომა არ მექნება გარანტირებული. ძალიან უსიამოვნო იქნება ჩემთვის ჩავება არჩევნების პროცესში და მაჯობოს ისეთმა კანდიდატმა, რომლის ერთადერთი უპირატესობა ჩემთან შედარებით, გარკვეული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა იქნება.


-თქვენ პრესით განაცხადეთ, რომ არ იცოდით, ვინ იდგა სოციალურ ქსელში შექმნილი თქვენი მხარდამჭერი ჯგუფის უკან.


-არა, მართლა არ ვიცოდი... დღეს გავარკვიე. სამი დღე აზრზე არ ვიყავი, ვინ იყვნენ ჩემი კეთილისმოსურნენი.


-და ვინ აღმოჩნდნენ ისინი?


-„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი თანამშრომლების ჯგუფი, მათ შორის, ერთი დღესაც იქ მუშაობს. მათ შექმნეს ჩემი მხარდამჭერი ჯგუფი „ფეისბუქზე“ და მადლობის მეტი რა მეთქმის ამ ადამიანებისთვის. თუმცა ეს ის არ არის, რაც მაუწყებლის ხელმძღვანელობისკენ ნაბიჯს გადამადგმევინებს.


-თქვენი მხარდამჭერები თქვენივე დადებით პიროვნული თვისებების გარდა, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პროფესიონალი ხართ და პირველი არხის საინფორმაციო სამსახური ყველაზე ობიექტური მაშინ იყო, როცა მას თქვენ ხელმძღვანელობდით.


-საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებ. ჩემი პროფესიონალიზმი და ობიექტურობა ხალხმა უნდა განსაჯოს. მე ის ვიცი, როგორ უნდა გავხადო „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ისეთი, როგორიც ხალხს უნდა!


უპირველესად, საჭიროა გუნდი, რომელიც შენთან ერთად გარდაქმნის არხს. ასეთი პროფესიონალები დღეს ტელევიზიაშიც მუშაობენ, თუმცა ნაწილი მის გარეთ არის დარჩენილი. ეს ტელევიზია არ უნდა იყოს პოლიტიკური არხი. ის საზოგადოების ყველა ფენაზე უნდა იყოს ორიენტირებული.


-ყველაზე მეტად რა ტიპის გადაცემები აკლია დღეს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“?


-არხზე უნდა იყოს ძლიერი საგამოძიებო ჟურნალისტიკის რედაქცია, რომელიც არ შეეპუება არცერთ პოლიტიკურ ძალას, არცერთ გავლენიან ადამიანს. არავის არ უნდა ჰქონდეს სათქმელი, რომ ვინც არხს აფინანსებს, მუსიკასაც ის უკვეთავს. ამ არხს აქვს უზარმაზარი, ამოუწურავი კულტურული საგანძური, რომლის განუწყვეტელი დემონსტრირება საზოგადოებისთვის სასიცოცხლო წყალია. ტელევიზიას  საქართველოს მოსახლეობის 70 % უყურებს და ეს ძალიან სერიოზული ბერკეტია, რომ საზოგადოებაში გაანელო და მერე მოხსნა კონფრონტაცია, მიაღწიო სამოქალაქო მშვიდობას. არის ფაქიზი თემები, რომელთა სრულყოფილად გასაშუქებლად სხვა ტიპის პროფესიონალები უნდა მოიყვანო არხზე. ასეთია რელიგიური წინააღმდეგობები, ეროვნებათშორისი პრობლემები და სხვა.


დღესაც უამრავი საინტერესო პროექტი დევს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“. თუმცა მათი რეალიზაცია ფერხდება. თუნდაც ავიღოთ „ქართველები საზღვარგარეთ“, არ შეიძლება ასეთი პროექტი გქონდეს და მას ხორცი არ შეასხა.


„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უნდა იყოს შემეცნებითი ტელევიზია. მარტო ინფორმაცია კი არ უნდა მიაწოდო ხალხს, ცოტა საფიქრალიც უნდა დაუტოვო.


აქვე „საზოგადოებრივი რადიოს“ – „პირველი რადიოს“ შესახებაც ვიტყვი. ამ რადიოს აქვს უზარმაზარი საარქივო რესურსი და მისი მხოლოდ მცირე ნაწილია დღეს გამოყენებული. რადიო სრულად ვერ ფარავს საქართველოს ტერიტორიას და ეს ტექნიკური პრობლემაც მოსაგვარებელია.


-თქვენს კანდიდატურას მოწინააღმდეგენიც ჰყავს. ისინი აცხადებენ, რომ თქვენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი იყავით გარდაბანში და ამდენად ამ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდებით და ვერ იქნებით მიუკერძოებელი ხელმძღვანელი ტელევიზიისა.


-მერე რაა? ვიყო ასოცირებული „ქართულ ოცნებასთან“ - ეს ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებასთან ვარ გაიგივებული. როგორც ექსპერტი, კავკასიასთან ვასოცირდები, როგორც ჟურნალისტი ტელევიზიასთან და რა არის ამაში ცუდი? კი ვიყავი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი, მაგრამ ამჟამად არცერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოვადგენ. მე საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრი და ამ მოძრაობის რეგიონული პოლიტიკისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ხელმძღვანელი ვარ. ზოგიერთი ჩემი კოლეგა, რომელთაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელძღვანელობა სურთ, ბეჭდურ მედიასთან ან მედია ექსპერტობასთან ასოცირდებიან. ისინი თავის დროზე პოლიტიკურ ოპოზიციასთან იყვნენ მჭიდრო კავშირში. პოლიტიკურად ანგაჟირებულნიც იყვნენ. თუ მათ აქვთ უფლება ტელევიზიის დირექტორობაზე განაცხადონ პრეტენზია, იგივე უფლება მე რატომ არ მაქვს, სიმართლე გითხრათ, ეს არ მესმის.


-„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს ზოგირთი წევრი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იმართება, ხოლო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე, გიგა ბოკერიას მითითებების უსიტყვო აღმსრულებელია. ძალზე სათუოა, რომ ამ სამეთვალყურეო საბჭომ არხის ხელმძღვანელად აგირჩიოთ.


-სათუო არაფერია - დარწმუნებული ვარ ეს ბორდი მე არ ამირჩევს ხელმძღვანელად. აკი გითხარით, ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პროცესში თუ მონაწილეობა მივიღე, არჩევნებს უეჭველად წავაგებ. ეს როცა გითხარი, სწორედ ბორდს ვგულისხმობდი.


დღეს სამეთვალყურეო საბჭოს აქვს რეალური შანსი, საზოგადოებისთვის საჭირო ნაბიჯი გადადგას და არა - პოლიტიკური. ის უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან. საერთოდ, საბჭო დაკომპლექტებული უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი და ანგარიშგასაწევი პიროვნებებისგან. საბჭოს დღევანდელ შემადგენლობაზე კი ამას ვერ ვიტყვით. საბჭოს ყველა წევრს საზოგადოების ნდობის მანდატი უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული არ ვარ, რომ საბჭო არჩევნებზე ისე მოიქცევა, როგორც წესდებითაა განსაზღვრული და პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს!


საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა არხის ხელმძღვანელად. ამის თაობაზე უნდა გაიმართოს დისკუსია. ხოლო საბჭომ საზოგადოების დაკვეთა უნდა შეასრულოს. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ტელევიზია უნდა და აქედან გამომდინარე - როგორი ხელმძღვანელი.
ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: