დღეს ნიკოლოზობაა!

დღეს ნიკოლოზობაა!

"ივერიონი მართმადიდებელ ერს ნიკოლოზობას ულოცავს. ჰფარავდეს მისი სასწაულმოქმედი მადლი თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!

 

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მისი ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველად 9(22) მაისს, როცა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს, ხოლო მეორედ 6(19) დეკემბერს _ მისი გარდაცვალების დღეს.


წმინდა სასწაულმოქმედი ნიკოლოზი არის ჩვენი ეკლესიის მფარველი, ის სიკვდილის შემდეგაც არ ტოვებს თავის სამწყსოს, დღესაც მფარველობს მწუხარეთ და ტანჯულთ, განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვისაც კვლავ წარმოადგენს კურნების უშრეტ წყაროს.


წმინდა მღვდელმთავარი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ საკვირველმოქმედი მეოთხე საუკუნეში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარში დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისთვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისთვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისთვის, ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულმოქმედი, რომელმაც სასწაულმოქმედების უნარი შობიდანვე გამოამჟღავნა, მან დაბადებიდანვე ორი სასწაული მოახდინა: პირველი – მისი შობით მძიმე სნეულებისგან განიკურნა დედამისი - ნონა; მეორე – ჩვილი წმინდა ნიკოლოზი ფეხზე იდგა ნათლობის დასრულებამდე.


წმინდა ნიკოლოზმა ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი. მთელ დღეს ტაძარში ატარებდა, ღამით კი ლოცულობდა და წმინდა წერილებს კითხულობდა და არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება, იყო განუწყვეტლივ მღვიძარებაში, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში, სულ უფრო მაღლა და მაღლა იწევდა სრულყოფილების საფეხურებზე.


მისმა ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც ძმისწულის სულიერი წარმატება ახარებდა, იგი ჯერ მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.


როცა მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს, წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება დიდი მოწყალების გამოვლენით სამწყსოსადმი და გაჭირვებულთა შეწევნით ღარიბ-ღატაკებს შეალია და ყოველთვის ცდილობდა ფარულად გაეკეთებინა და დაემალა თავისი ქველი საქმე.


შემდეგ იგი წმინდა ადგილების თაყვანსაცემად პალესტინაში გაემგზავრა. მოიარა ყველა წმინდა ადგილი, თაყვანი სცა უფლის საფლავს, გულმხურვალედ ილოცა გოლგოთაზე, უფლის ჯვარცმის ადგილზე. არსებობს გადმოცემა, რომ იერუსალიმის ტაძრის კარები ნიკოლოზის მიახლოებისას თავისთავად გაიღო და იგი დაუბრკოლებლად შევიდა მასში.


სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლოზი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს. წმინდა ნიკოლოზი აძლიერებდა თავის სამწყსოს. მფარველი ანგელოზივით ეცხადებოდა ყველა დევნილს, თავისი სათნო სიტყვითა და ნუგეშით ამხნევებდა ყველას და სულ უფრო უახლოვდებოდა უსხეულო მდგომარეობას.


მღვდელმთავარმა კარგა ხანს იცხოვრა თავის სამწყსოსთან ერთად და მრავალი სასწაული მოახდინა. დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩაგრულნი მასში პოულობდნენ მსწრაფლშემწეს და მცველს, უბედურნი – მწყალობელს და ნუგეშისმცემელს; მასთან მოსაუბრენი რწმენაში მტკიცდებოდნენ, წარმართნი სამუდამოდ უარყოფდნენ წარმართობას და ქრისტეს რწმენის მიმდევრები და აღმსარებლები ხდებოდნენ.


წმინდა მამათა აზრით, ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა ღვთაებრივი ნათელით იყო გაბრწყინებული, მისი სიტყვა კი - ჭეშამარიტი სიბრძნის მარილით შეზავებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისგან.


წინდანის ლოცვით მთელი მირონ-ლუკია მრავალჯერ გადაურჩა მძიმე განსაცდელს.


წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღმრმად მოხუცებული (85 წლისა) მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში მისი ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. 1087 წლის 19(22) მაისს წმინა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს.


წმინდა სასწაულმოქმედი ნიკოლოზი არის ჩვენი ეკლესიის მფარველი, ის სიკვდილის შემდეგაც არ ტოვებს თავის სამწყსოს, დღესაც მფარველობს მწუხარეთ და ტანჯულთ, განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვისაც კვლავ წარმოადგენს კურნების უშრეტ წყაროს. სიკვდილის შემდეგ მამა ღმერთმა მეტი სასწაულმოქმედების ნიჭი უბოძა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მრავალრიცხოვანი საოცრებებისა, იმ სიკეთისა და სათნოებებისა, რომელთა კეთებასაც იგი დღესაც განაგრძობს.


წმინდა სასწაულმოქმედ ნიკოლოზს ასეთი ლოცვით უნდა მივმართოთ:


"კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიშვიდისა და მოძღვრად მარხვისა, გყო შენ ქრისტემან სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე,  წმინდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!" ამინ!
თეონა ახალაია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: