რეზო ჩხეიძე: თუ არ გააკეთებთ თქვენ, ამას გააკეთებს ხალხი!
დღეს კინორეჟისორმა და მშვიდობის მსოფლიო ელჩმა საქართველოს პარლამენტში სპეციალური განცხადება გააკეთა.
გამოსვლის ტექსტს „ივერიონი“ სრულად გთავაზობთ: „მივესალმები მთელ საქართველოს და ვულოცავ ნიკოლოზობის დღესასწაულს.
მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენს წინაშე გამოსვლის შესაძლებლობისთვის.
თქვენდამი პატივისცემის ნიშნად, ჩემი გამოსვლა წერილობით შევადგინე.
ნიშანდობლივია, რომ ჩემი დღევანდელი გზა ამ ტრიბუნამდე დაიწყო პატრიარქის მიერ ნაკურთხი ადგილიდან, სადაც თბილისს ამშვენებდა წმიდა დავით მეფე აღმაშენებლის ძეგლი და ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ იმ ადგილას, სადაც სამი წლის წინ იდგა „ქართულ ბიბლიად და ფილოსოფიურ ტრაქტატად“ წოდებული - „დიდების მემორიალი“.
სამწუხაროა, რომ ერთი გადაიტანეს ქალაქის გარეუბანში, ხოლო მეორე, ნიკოლოზობა დღეს ააფეთქეს. აფეთქებას უდანაშაულო დედა-შვილის მსხვერპლი მოჰყვა.
მე გთხოვთ, რომ წუთიერი დუმილით, პატივი მივაგოთ მათ და ქართული მხედრული დიდებისთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას.
მე მოვედი იმ განწყობის გასაზიარებლად, რაც დღეს ხალხში სულდგმულობს და მოვედი არა უბრალოდ როგორც რეზო ჩხეიძე, არამედ როგორც ხალხის აზრის თქვენამდე მომტანი. ხალხი კი, ბატონებო, გაჭირვებისგან გმინავს.
პირდაპირ გეტყვით, ბოლო რამდენიმე ათწლეულია, პრაქტიკულად, ხალხი და ქვეყანა ეწირება პოლიტიკოსებს და მათი სავარძლებისთვის ბრძოლას.
პარადოქსია, რომ საქართველოს პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ქვეყანა აყვავდა და აშენდა, ხოლო მეორე ნაწილი საპირისპიროს ფიქრობს. არადა, ხალხი ხედავს და გრძნობს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა საგანგაშოა.
როცა პრეზიდენტი აცხადებს პრეტენზიას საგარეო ურთიერთობების პატრონობაზე და ამავე დროს ბრიუსელში საქართველოს მოიხსენიებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე ჩამორჩენილ და კორუმპირებულ ქვეყანად, თან აუცილებლად მიიჩნევს ქართველი ხალხის მენტალიტეტის შეცვლას - ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ როგორც ქართველს და ამ ქვეყნის შვილს მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ჩვენმა თანამემამულემ და მით უფრო ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სინამდვილეა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი ქვეყნისა და ხალხის ოპოზიციაშია.
ეს ყოვლად დაუშვებელია. სწორედ ეს ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ოპოზიციაში.
პირველ ოქტომბერს, უშიშარმა და ბრძენმა ხალხმა ხმა მისცა თავის მომავალს, დაიბრუნა მამული და პოლიტიკოსებმა კიდევ არ უნდა დააკარგვინონ მათი მონაპოვარი.
დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი თქვენგანი არ გაიზიარებს, ეხლა რასაც ვიტყვი, მაგრამ დაბეჯითებით და სრული რწმენით ვამბობ, რომ ქვეყანაში ნამდვილი და ჭეშმარიტი ოპოზიცია ხალხია.
ხალხი თვლის, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ პროგრამა მომავლის საქართველოს პროგრამაა, რომლის განხორციელება მხოლოდ საერთო ნებით შეიძლება და არა ჩასაფრებით, როგორც ეს რეალურად ჩანს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამ პროგრამის შესრულების კონტროლს ხალხი თავად განახორციელებს.
ბატონებო, ჩვენ თითოეულ თქვენთაგანთან წიგნით და გაზეთით მოვედით.
წიგნი „დაუჯერებელი სინამდვილე“ ასახავს დიდების მემორიალის ისტორიას, მისი გახსნიდან აფეთქებამდე. ეს წიგნი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.
ხოლო გაზეთი „ერთსულოვნება“, რომელიც გამოიცა „გაერთიანების მემორანდუმით“ წარმოდგენილი ოცდაათი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ, სვამს კითხვას, რომელსაც ან თქვენ უნდა გასცეთ პასუხი, ან ამას ხალხი თავად გააკეთებს.
საკითხი უაღრესად პრინციპულია. საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად და კონკრეტულად ამბობს: საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. ხუთი წელი არჩევნებიდან 2013 წლის ხუთ იანვარს გადის, ხოლო ინაუგურაციიდან - ამავე წლის ოც იანვარს. საქართველოში, პრეზიდენტმა მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება ხალხთან შეუთანხმებლად, არაკონსტიტუციურად, რეფერენდუმის გარეშე, თითქმის ერთი წლით გაიხანგრძლივა.
ეს, მართლაც პარადოქსია!
ხომ არ შევდივართ საკონსტიტუციო ჩიხში?
მე ვარ იმ ადამიანთა შორის, ვისაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტის საპრეზიდენტო უფლებამოსილება იანვარში იწურება.
პირდაპირ გეტყვით, ერთ თვეში მწირი ორგანიზაციული და ფინანსური რესურსების პირობებში, სამასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მოაწერა ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე მის გადადგომას, რამეთუ ვადის გასვლის შემდეგ კონსტიტუცია არ განსაზღვრავს მის უფლებამონაცვლეს, არადა მას უფლება არა აქვს ხუთ წელზე მეტი ხნით იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. აბა, ვინ უნდა დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები?
ჩვენ ამ განცხადებამ კი არ უნდა დაგვაპირისპიროს ერთმანეთთან და მით უფრო ხალხთან. პირიქით, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პრეზიდენტს, რომ მან მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ერისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და იგი უნდა გადადგეს.
გულახდილად მინდა გითხრათ, მე ვიქნები იმ ადამიანთა შორის, რომლებიც მივლენ ოთხ იანვარს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ავლაბარში და პირდაპირ მოთხოვენ მას თანამდებობიდან გადადგომას.
დარწმუნებული ვარ, რომ შინაგანად ყველა თქვენგანი მიჭერს მხარს, იმაში, რომ ქვეყნისთვის დამღუპველია ორხელისუფლებიანობა, პრეზიდენტის ოპოზიციონერობა და კონსტიტუციური ჩიხი.
ხალხის განწყობაც ეს არის: უნდა დამთავრდეს ორხელისუფლებიანობა, უნდა დამთავრდეს პოლიტიკოსთა პარპაში და ქვეყანაში იყოს მხოლოდ ერთი ძალაუფლება - ნიჭისა და ზნეობის ძალაუფლება.
მე აქ მოვედი იმიტომ, რომ გითხრათ ხალხის აზრი, თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება.
არ გააკეთებთ თქვენ, ამას გააკეთებს ხალხი! გმადლობთ“.