ზვიად ძიძიგური: ქვეყნის პრეზიდენტი წონასწორობადაკარგულია!
პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატებს შეახსენა, რომ ვეტოს უფლება გააჩნია და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მის გამოყენებას აპირებს. არის თუ არა პარლამენტი და ამასთან, ახალი ხელისუფლება მზად პრეზიდენტის ახალ გამოწვევებს ადეკვატური ნაბიჯებით უპასუხოს? ამ და სხვა საკითხებზე „ივერიონი“ უმრავლესობის წევრს ზვიად ძიძიგურეს ესაუბრა.
- ბატონო ზვიად, როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის განცხადებებს, იგივე ვეტოს უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით?
- მიშა სააკაშვილის ეს ქმედება - ლანძღვა-გინებით გამოსვლა მთელი საქართველოს დასანახად, ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის პირველი პირი მწყობრიდან არის გამოსული. ის ოპოზიციის ლიდერი ბრძანდება და ქვეყანას მიაქანებს მარგინალიზაციისკენ!
შეშფოთებული ვარ მისი განცხადებების გამო. ის , რომ „ნაციონალები“ ქუჩაში აპირებენ გადასვლას, არა მგონია, სასარგებლო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ვეტოს უფლებას, გამოიყენებს თუ არა, ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ის თავს არაკომფორტულად გრძნობს ოპოზიციაში.
- რამდენად მიზანშეწონილია, ქვეყნის პირველი პირი მოიაზრებოდეს ოპოზიცის ლიდერად?
- შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ამავე დროს იყოს წამყვანი ოპოზიციური ძალა, არანორმალურია! ეს თავად პრეზიდენტისთვისაც საერთაშორისო მასშტაბითა თუ ქვეყნის შიგნით უხერხულია. პრეზიდენტი ლანძღვა-გინების რეჟიმშია გადასული. ლანძღავს პარლამენტარებს, ქვეყნის მმართველ გუნდს, რაც არ შეეფერება ქვეყნის პირველ პირს, მისი ასეთი რიტორიკა კი უხერხულია. როგორც აღვნიშნე, ეს არის მარგინალიზაციის საფრთხის შემცველი და ამ ფონზე სამარცხვინოდ მოქმედებენ.
- პრეზიდენტმა შსს-ს თანამშრომლებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ ე.წ. უკანონო ბრძანებებს...
- როგორ შეიძლება სააკაშვილი შეურაცხყოფდეს სახელმწიფო სამსახურში მყოფ ხალხს და მოუწოდებდეს, არ დაემორჩილონ ბრძანებებს? ასეთი ტექსტით გამოდის პრეზიდენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოთქვამდა „ კოჰაბიტაციისთვის“ მზადყოფნას. ის ამბობს, რომ არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველი და ამავე დროს უპირისპირდება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს ხომ ნონსენსია?
- რაც შეეხება პრეზიდენტის სახელმწიფო დაცვის სამსახურს, ვის დაქვემდებარებაში უნდა იყოს ის?
- პრეზიდენტის დაცვის სამსახურის გაუქმება, აფსურდია. არ შეიძლება პირველი პირი დაცვის გარეშე გადაადგილდებოდეს და მისი დაცვის გაუქმებას არც არავინ აპირებს. პრეზიდენტს თუ დაცვა არ ეყოლება, მაშინ უნდა გადადგეს. სხვა საქმეა, თუ თვითონ ვერ ახერხებს უზრუნველყოს დაცვა საჭიროებისამებრ, ეგ მისი პრობლემაა. გვაქვს მაგალითი, რომ პრეზიდენტს ქუთაისში ექსცესები მოუწყვეს. როცა ამ დონის ვიზიტი იგეგმება რეგიონებში, ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში წინასწარ ტარდება პრევენციული ზომები.
ვიცით, რომ ქუთაისში იყო აქციები მისი გადადგომის მოთხოვნით და მან თვითნებურად იმოქმედა. აღმასრულებელი ხელისუფლება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაიცავს, თუ მისი ნება იქნება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. გუშინდელი დღე ადასტურებს, რომ ქვეყნის პირველი პირი წონასწორობადაკარგულია!
ადრე თუ გვიან ყველა უწყება უმრავლესობის ხელში უნდა გადავიდეს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ეს არის სტრუქტურა, დანაყოფი, სადაც 1800-მდე კაცი მუშაობს და 47 მილიონიანი დაფინანსება აქვს. ამას პრემიერი უნდა განკარგავდეს. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხები მიხეილ სააკაშვილის გამგებლობის ქვეშ უნდა იყოს. მთავარია, ამ საკითხთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი.
ესაუბრა ია ადეიშვილი