„იმედის“ დარბევა ამერიკაში გადაწყდა?!

„იმედის“ დარბევა ამერიკაში გადაწყდა?!

2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“  დარბევის სანქცია მიხეილ სააკაშვილს ამერიკის იმჟამინდელი ხელისუფლების გავლენიანმა პოლიტიკოსებმა მისცეს. 

ამის შესახებ „ივერიონს“ საქართველოს ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენელმა უთხრა, რომელიც 2007 წელს სოლიდურ თანამდებობას იკავებდა. მისი თქმით, 7 ნოემბერს, როდესაც რიყეზე სპეცრაზმმა მიტინგი დაარბია  და ხალხმა სამების ეკლესიასთან შეკრება დაიწყო, მიხეილ სააკაშვილი, უახლოეს გარემოცვასთან ერთად, შავნაბადას რეზიდენციაში იმყოფებოდა. ამ დროს მის კაბინეტში იყვნენ ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე, გელა ბეჟუაშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე, კახა ლომაია, ერეკლე კოდუა, დათა და ბაჩო ახალაიები და გიორგი პაპუაშვილი. 

 

წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან შეშინებული იყო -რაიონებიდან ხალხი თბილისში მოემგზავრებოდა, რათა დარბეულ მომიტინგეებს შეერთებოდნენ, „იმედის“ და „კავკასიის“ ეთერით საზოგადოებისთვის ანგარიშგასაწევი ადამიანები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და სააკაშვილის რეჟიმის დამთავრებისკენ მოუწოდებდნენ. სააკაშვილიც და მისი უახლოესი გარემოცვაც გრძნობდა, რომ თუ თბილისში ხალხის კრიტიკული მასა მოიყრიდა თავს, რევოლუცია გარდაუვალი იქნებოდა.

 

 „სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, როცა მომიტინგეებმა თავი მოიყარეს სამების ეკლესიასთან. სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა დარბევის გამო განრისხებული იყო საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ილია ||. საკმარისი იყო, სამებასთან სპეცრაზმელებს სისხლი დაეღვარათ ან რომელიმე სასულიერო პირისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ, რომ აწყვეტილ მასას ვეღარავინ შეაკავებდა და სასულიერო პირებიც მრევლის მხარეს ღიად გადავიდოდნენ. სააკაშვილმა კატასტროფის მოახლოება იგრძნო და ვანო მერაბიშვილს სასწრაფოდ მოსთხოვა „იმედის“ გათიშვა. მერაბიშვილმა სააკაშვილს შესთავაზა  „იმედში“ ჩანერგილი საკუთარი აგენტურის მეშვეობით  შიგნიდანვე მოეხდინა არხის პარალიზება. პრეზიდენტი დათანხმდა მერაბიშვილს. შს მინისტრი ცალკე კაბინეტში გადიოდა ერეკლე კოდუასთან, დათა ახალაიასთან და ამირან მესხელთან ერთად, რომ ამ სპეცოპერაციის დეტალები დაემუშავებინა. თუმცა მერაბიშვილს ეს არ დასცალდა, რადგან კაბინეტში აღელვებული გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი შემოიჭრნენ“ - განუცხადა წყარომ „ივერიონს“. 

 

მისივე თქმით, გიგა ბოკერიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და სააკაშვილს მოსთხოვა, რომ „იმედში“ სპეცრაზმი გაეგზავნა და ასე აღეკვეთა არხის მაუწყებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოკერია თავისი გუნდით ოპოზიციაში გადასვლით დაემუქრა. ბოკერიას მხარი უყოყმანოდ დაუჭირეს ახალაიებმა, თარგამაძემ, ლომაიამ . ვანო მერაბიშვილმა ბოკერიას არხის შიგნიდან, ტექნიკური მიზეზით გათიშვის გეგმა გააცნო. ამაზე ბოკერია და რამიშვილი ერთხმად აყვირდნენ და სააკაშვილს უთხრეს, რომ თუ „იმედს“ სასწრაფოდ და ნებისმიერ ფასად არ გათიშავდა, რევოლუციას ვერ აირიდებდა თავიდან და მის ადგილს ბადრი პატარკაციშვილი დაიკავებდა, თავად კი იმავე საკანში ჩასვამდნენ, რომელშიც იმხანად ირაკლი ოქრუაშვილი იჯდა. 

 

სააკაშვილისთვის ბოკერიას გუნდის ოპოზიციაში გადასვლა არანაკლები უბედურება იყო, ვიდრე რევოლუცია - მას ხელისუფლება ჩამოეშლებოდა და ამერიკისა და ევროპის კეთილგანწყობას დიდწილად დაკარგავდა. ბოკერია და მისი გუნდი ამ კეთილგანწყობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავდნენ. გახლეჩილი ხელისუფლება რომც შეენარჩუნებინა სააკაშვილს, ოპოზიცია მას რამდენიმე თვეში გამოუყვანდა  წირვას, რადგან ბოკერიას გარეშე იგი საპარლამენტო უმრავლესობასაც დაკარგავდა, რადგან ამ უკანასკნელის კვოტით პარლამენტში 30-ზე მეტი დეპუტატი იყო. სააკაშვილმა, ალბათ, ეს ყველაფერი გაიაზრა, რადგანაც ის ბოკერიას უყოყმანოდ დათანხმდა იმ პირობით, რომ ამის ნებართვა ამერიკის ადმინისტრაციიისგან უნდა მიეღოთ. გიგა ბოკერიამ სააკაშვილს უთხრა, რომ ამის თაობაზე მან უკვე დაურეკა ამერიკელ სენატორებს - ჯოზეფ ლიბერმანსა და რიჩარდ ჰოლბრუკს, რომლებიც შეჰპირდნენ, რომ დაიყოლიებდნენ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს დიკ ჩეინს, რომელსაც უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ბოკერიამ და სააკაშვილმა დახმარება კიდევ ერთ სენატორს სთხოვეს -ჯონ მაკ-კეინს და მას ორივე ესაუბრა ტელეფონით. მაკ-კეინმა, ლიბერმანმა და ჰოლბრუკმა დიკ ჩეინისგან თანხმობა მიიღეს, რომ სააკაშვილს დაერბია დამოუკიდებელი ტელეკომპანია.  ამის შესახებ სააკაშვილს მაკ-კეინმა აცნობა. სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მეთიუ ბრაიზას მოახსენა, რომელიც თბილისში იმყოფებოდა. ბრაიზამ ხელები დაიბანა და საქმეში არ ჩაერია, რადგან მასში ვიცე-პრეზიდენტი და გავლენიანი სენატორები იყვნენ გარეული. ანალოგიურად მოიქცა ამერიკის ელჩი საქართველოში - ჯონ ტეფტი. თუმცა ორივე მათგანი შეჰპირდა სააკაშვილს, რომ ტელეკომპანიის დარბევის მერე შეეცდებოდნენ მის გამართლებას. სწორედ ამის შემდეგ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს „იმედის“ დარბევა და იქ მომუშავე ჟურნალისტების სამაგალითოდ დასჯა.

 

წყაროს თქმით, სააკაშვილმა უშუალოდ უბრძანა მერაბიშვილს, რომ ტელეკომპანიაში ყველაფერი დაელეწათ, თუმცა მინისტრი ისე იყო გამწარებული ხალხსა და ოპოზიციაზე, უამისოდაც არ დაინდობდა არავის და არაფერს. მეორე დღეს, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შეჭრის, არხის გათიშვისა და ჟურნალისტებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო მწვავედ გააკრიტიკეს მეთიუ ბრაიზამ და ჯონ ტეფტმა. იმავე საღამოს, ამერიკულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ლიბერმანისა და ჰოლბრუკის კომენტარები - ორივე მათგანი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამდა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დარბევის გამო და  უმწვავესად გააკრიტიკეს მიხეილ სააკაშვილი. 

 

ერთი სიტყვით, ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული სცენარით წარიმართა - დამოუკიდებელი ტელეკომპანია სამაგალითოდ დაარბიეს, ჟურნალისტები სასტიკად სცემეს, ხოლო ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგა. თუმცა მის ხელისუფლებას ძვრა მაინც ვერ უყვეს. სააკაშვილი ისევ პრეზიდენტად მოგვევლინა, ხოლო პოლიტიკური ზეწოლისა და ფსიქოლოგიურ-ფიზიკური ანგარიშსწორების მეთოდები კიდევ უფრო „დახვეწეს“.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: