ვის ვირჩევთ თბილისის მერად? ანუ, ბრძოლა კონკურენტის გარეშე!
არ ვიცი, ახალგაზრდა პრემიერის გამოუცდელობას მივაწერო თუ არა , მაგრამ მან ნარმანიას შემცვლელის წარდგენისას ერთი საჩოთირო შეცდომა დაუშვა, რაცა ყოფილი მინისტრი უკვე თბილისის არჩეულ მერად გამოაცხადა და უგულავას დანატოვარი მძიმე მემკვიდრეობაც შეახსენა. ..
უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი პოლიტიკური ფიგურა?!
კატეგორიულად არ ვეთანხმები საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს, რომ თბილისის მერი აუცილებლად პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს. ჯერ ერთი, უნდა გავრკვიოთ, რას ნიშნავს ქართული გაგებით პოლიტიკური ფიგურა, მეორეც, რა პოლიტიკა (უკვე ტრადიციული გაგებით) უნდა განახორციელოს დედაქალაქის მერმა ქვეყანაში?
პირადი დაკვირვება და თბილისის მერიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაძლევს საშუალებას განვაცხადო, რომ თბილისის მერი კარგი მეურნე( დღეყანდელი გაგებით კარგი მენეჯერი) უნდა იყოს. სხვა საკითხია, არის თუ არა თბილისის მერობა ტრამპლინი ახალი „სიმაღლეების“ დასაპყრობად!
ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის გათვალისწინებით, მხარდაჭერას ყველაზე მეტად, დავით ნარმანია იმსახურებს - მნიშვნელობა არ აქვს მმართველი კოალიციის კანდიდატია თუ არა იგი . მეცნიერებასთან შერწყმული პრაქტიკა, შინაგანი პატიოსნება, აძლევს მას უფლებას ჰქონდეს პრეტენზია კენჭი იყაროს დედაქალაქის მერად,მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ვინმეს მისი მეგრული აქცენტი და არათბილისელობა.
არ ვიცი, რა პრინციპით შეარჩია იგი თბილისის მერობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ თუ თითიდან გამოწოვილ პრეტენზიებს არ წავუყენებთ, ნარმანია დღემდე დასახელებულ კანდიდატებს შორის, ყველაზე მისაღები კანდიდატურაა, ვერ ვიტყოდი, რომ ზოგადად უალტერნატივო, მაგრამ დასახელებულ კანდიდატთა შორის საკმაოდ კონკურენტუნარიანი.
როცა ამას ვამბობ, მე ელემენტარულადაც არ ვამცირებ „ერთიანი ოპოზიციის“ ფავორიტის, დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას, მაგრამ თუ თბილისის მერის შერჩევის კრიტერიუმად კანდიდატის მენეჯერულ თვისებებს ვაღიარებთ, მაშინ უპირატესობა აშკარად ნარმანიას მხარესაა სხვა საკითხია, რომელი გუნდის წარმომადგენელია და აქვს თუ არა საზოგადოებას პრეტენზია მმართველ კოალიციასთან.
დიმიტრი ლორთქიფანიძე ვახსენე და აქვე დავამატებ - იგი უდაოდ ღირსეული პიროვნებაა, კარგი იურისტი(უფლებადამცველი) და კიდევ უფრო კარგი ოჯახის პატრონი, ამასთან, თავისი ქვეყნის უზადო პატრიოტი, მაგრამ მე მას უფრო სხვა აპლუაში მოვიაზრებ.
საკმაოდ დიდი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, როდესაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა არ წარადგინა( გასაგებია რატომაც: დიმიტრი ლორთქიფანიძე არ უჭერს მხარს ერთსქესიანთა ქორწინებას, რის გამოც ის მიუღებელი აღმოჩნდა სულგაყიდული ენჯეოებისთვის და მათი უცხოელი პატრონებისთვის, ვისი გავლენის ქვეშაც ხელისუფლება მოექცა).
მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, მე მას ნებისმიერი სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძძღვანელად ვინატრებდი, მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცის ინტერესებში არ შედის ასეთი მაღალკვალიფიციური იურისტების და ასევე მაღალი ზნეობის ადამიანების საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნა.
მიუხედავად ყველაფრისა, სულ სხვა სურათი იქნებოდა, „ერთიანი ოპოზიცია“ მართლაც ერთიანი რომ ყოფილიყო, მაგრამ .... ქართველებს ერთად ყოფნა რომ გვიჭირს, თუნდაც პანტა-პუნტად დასახელებული ოპოზიციური კანდიდატების მაგალითზეც ჩანს...
მიუხედავად იმისა რომ „ნაციონალებს““ შეთხელებული, მაგრამ მყარი ელექტორატი ჰყავს, ნიკა მელიას სერიოზულ კონკურენტად არც განვიხილავ. დანარჩენი ოპოზიცია კი საკმაოდ მოწადინებულია ერთმანეთს წაართვან ხმები, რაც საშუალებას მისცემს „ქართული ოცნების „ კანდიდატს უპრობლემოდ მოიგოს საარჩევნო მარათონი.
არ ვიცი, რა მიზანს ისახავდა „მწვანეთა „ ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის საპარლამენტო ტრიუკები, რატომ დატოვა კოალიცია და რატომ ჩაიგდო თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ მისი წარმატების შანსი, რომ ნულის ტოლია, მტკიცება არ უნდა. თუ წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მის პოიზიციას გავითვალისწინებთ, ეტყობა, ახლაც ვიღაცის სასარგებლოდ აპირებს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, მაგრამ ვის რამდენად შეეწევა მის მიერ მოპოვებული ხმები, წინასწარ თქმა ძნელია.
რაც შეეხება, კიდევ ერთ ოპოზიციურ კანდიდატს, კახა კუკავას, საკმაოდ დაბალია მისი წარმატების შანსიც., თბილისის მერის არჩევნებში. მით უმეტეს, ეს შანსი კიდევ უფრო მცირდება ამ ბოლო დღეებში „ახალ მემარჯვენეებთან“ მისი „პოლიტიკლური ქორწინების“ შემდეგ.
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ დღვანდელი რეალობის გათვალისწინებით, კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არსებით გარდატეხას ვერ შეიტანს ქვეყნის პოლიტიკური ბალანსის ცვლილების თვალსაზრისით. თუმცა, იმაში კიდევ ერთხელ ნამდვილად დავრწმუნდებით, რომ ქართველებს არც არჩევნების ჩატარების კულტურა და არც ქვეყანაში არსებული ვითარების რეალურად შეფასების უნარი გაგვაჩნია.
ნიშანდობლივია ისიც, რომ პოლიტიკური თამაშის ისეთ წესებს ვამკვიდრებთ, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას სცილდება და ქვეყანას გაუთავებელი მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს!
PS. ასეა თუ ისე,არჩევნებინ ოფიციალურად დანიშნულია. წინასწარი შედეგების პროგნოზირებაც შეიძლება, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად მიჭირს, მივალთ თუ არა მშვიდობიანად არჩევნებამდე. სამწუხაროდ, ეს ჩვენი შინაური თუ გარეული მტრების ინტერესებში არ შედის. მით უმეტეს, ახალი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობა „ნაციონალებმა უკვე დააანონსეს!...
ზაურ ნაჭყებია