გაგრის ბრძოლებიდან გუდაუთის კონცლაგერში
ქართველი ჯარისკაცების 47 დღიანი ტყვეობის სისხლიანი ისტორია.
(გაგრძელება)
მაიზერ გელოვანი
ის გენადისა და მეფარიშვილის გვერდით დაეცა. გენადიმ ხელყუმბარას ხელი სტაცა, იქნებ უკან ისევ ფანჯარაში გადაგდება მოვასწრო, სანამ აფეთქდებაო, მაგრამ ჰოი საკვირველაბევ, ხელყუმბარას ,,შპილკა" გასხეხოდა და შიგ იყო ჩარჩენილი, ამიტომ არ აფეთქდა. თამაზ მეფარიშვილი გაოგნებული კიბეზე ჩაიკეცა ღმერთს მადლობა შესწირა და ტყვიას არ გავისვრიო თქვა. ამ დროს გახშირდა სროლები, შენობას მოადგა დაახლოებით 600მდე მეომარი და მთლიანად ალყაში მოაქცია. გაიმართა საშინელი სისხლისღვრა. პირველ სართულზე გამაგრებულები თითქმის სულ ამოხოცეს და შენობაში შემოიჭრნენ. გაწყდა კავშირი შტაბთან. ბიჭები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩდნენ. დიდი იყო მსხვერპლი ორივე მხარეს. მომხდურებმა პირველი სართულის დაკავების შემდეგ მეორე სართულზე დაიწყეს ამოსვლა. მამუკა თუშიშვილი მარტო შეეგება მას. და ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. 7 თავდამსხმელი კიბეზე ჩაგორდა. გენადიმ ხელყუმბარები ჩამოყარა. ავისმომასწავლებელი სიჩუმე იდგა. მოულოდნელად ჩაირთო რაცია. ჩვენებს ეგონათ აფხაზები იყვნენ, კავშირზე და მოლაპარაკებაზე გამოსვლის სურვილს გამოთქვევდნენ.
ამ დროს კავშირი ისევ გაწყდა აფხაზებთან და ჩაირთო ჩვენს შტაბთან აინტერესებდათ თუ რა ხდებოდა შენობაში. როცა ჩვენი ამბავი გაიგეს, მეომრებს უტხრეს რომ შენობის სახურავზე თეთრი ზეწრები გამოეფინათ. იქნებ პილოტმა შეგამჩნიოთ და სახურავიდან აგიყვანოთო იყო ბრძანება. გენადიმ ჰკითხა ბიჭებს რომელი იკისრებდა ამ საქმეს. მამუკა გოგებაშვილმა არავის დაანება და სახურაზე თეთრი ზეწრები გამოფინა. დაახლოებით ნახევარ საათში მოფრინდა ვეტ-მფრენი, შემოუარა შენობას ერთხელ, მეორე წრეზე ბომბები დაუშინა და გაქრა. ეტყობა შტაბსა და შენობას შორის რაციით შეთანხმებული ინფორმაცია მოწინააღმდეგემ მოისმინა და ამით ისარგებლა. შეძლება ხაზზე სულ სხვა იყო და ბიჭები მოატყუა... ვინ იცის, ომში გამორიცხული არაფერია. ცოტა ხანში ისევ აფხაზები გამოვიდნენ კავშირზე და ჩვენს ბიჭებს მოლაპარაკებაზე გამოსვლა მოსთხოვეს. უკვე მოსაღამოვდა. მეთაურმა მეფარიშვილმა გადარჩენილ ბიჭებს მოუხმო და ჰკითხა, როგორ მოქცეულიყვნენ. სხვა გზა არ ჰქონდათ, მოლაპარაკებაზე დათანხმდნენ. დახმარების იმედი არსაიდან იყო. კავშირიც გაითიშა. დრო არ იცდიდა. რამეზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. ამ დროს მოწინააღმდეგემ მეორე სართულამდე ამოაღწია. ზოგი ჩაბარების წინააღმდეგი წავიდა, ტყვეობას სიკვდილი გვირჩევნიაო, ზოგმა ჩაბარება არჩია. ასე გაიყო მეომართა აზრები.
შეთანხმების მერე გენადიმ და მეთაურმა მეფარიშვილმა ერთი კაცი უიარაღოდ ჩააგზავნეს ქვემოთ. მათ ამოჰყვა 2 უიარაღო პიროვნება. ერთს სერგეი ერქვა, ქართულად ლაპარაკობდა, აფხაზი იყო წარმოშობით ტყვარჩელიდან, სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა. მეორეს სამხედრო, საველე ფორმა ეცვა. მან პირდაპირ თქვა: ,,მე ჩეჩენი ვარ ძმაო დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. ბიჭებო, როგორც შევთანხმდებით ისე იქნება ყველაფერი. მე ჩეჩენი ვარ და ვაჟკაცურად გაძლევთ კაცურ სიტყვას, ჩაგვაბარეთ იარაღი, ჩაგვსვამთ მანქანაში, მიგიყვანთ მთავრობასთან, მათ ჩაგაბარებთ ოფიციალურად, ყველანაირი ნორმების დაცვით და თქვენ თითს ვერავინ დაგაკარებთ, ამის გარანტიას ვიძლევი. მეც თქვენთან ვიქნები, სანამ თბილისის მთავრობასთან არ შედგება მოლაპარაკება მაღალ დონეზე და მერე გადაწყდება თქვენი გაცვლა-გამოცვლა, ეს უკვე მთავრობების საქმეა, მაგრამ მანამდე მე გაძლევთ კაცურ სიტყვას, რომ თქვენ არავინ არაფერს დაგიშავებთ. ვხედავ სიტუაციას, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, ვაჟკაცები ჩანხართ და ეს დაამტკიცეთ ამ შეტაკების დროს, მაგრამ ომია და ომს თავისი მკაცრი დაუწერელი კანონები აქვს. მეომარი ყოველთვის უნდა ელოდოს უარესს, სიკვდილსაც, მაგრამ მეომარი რისი მეომარია, თუ ეს ყველაფერი თავის თავზე არ გადაიტანა. ახლა ჩვენს მხარესა და თქვენს მხარეს დიდი მსხვერპლია და კიდევ უარესი რო არ მოხდეს, ასე აჯობებს. თქვენ კიდევ გაქვთ შანსი, რომ უვნებელი დაბრუნდეთ თქვენ-თქვენს ოჯახებში",-დაამთავრა ხანგძლივი მონოლოგი ჩეჩენმა. ქართველი მეომრები მას უხმოდ მაგრამ უხალისოდ უსმენდნენ.
(გაგრძელება იქნება)