რამაზ საყვარელიძე:-"-კიდევ ბევრი ევროპული კანონი რომ დავამტკიცოთ, მისი კარები მაინც არ გაიღება"
როგორც მკითხველისთვის ცნობილია "ივერიონმა" დაიწყო ანტიდისკრიმინაციულ კანონზე პოლიტიკოსების, ექსპერტების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებების და ანალიზის მიწოდება მკითხველისათვის. ამჯერად ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს დავუკავშირდით.
-ბატონო რამაზ, პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრომინაციული კანონის შემდეგ დასუსტდა თუ არა ,,ქართული ოცნების" ავტორიტეტი საზოგადოებაში და აისახება თუ არა ის მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე?
-შედეგებზე ასახვისათვის ბევრი ელემენტი გაძლიერდა, თუმცა მათი ავტორიტეტი სოციალური გამოკითხვით უნდა დადგინდეს, რომლის ნდობაც ჩვენ არ გვაქვს. აშკარაა, სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან და ასეთ დროს, თანაც წინასაარჩევნოდ, რა საჭირო იყო ამ კანონის მიღება, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. ეს ნაბიჯი არასახარბიელო გამოდგება ,,ქართული ოცნებისთვის".
-როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა საქართველოში პოლიტიკური ბალანსი?
-ბალანსის ცვლილების შესახებ მსჯელობის საშუალებას მოგვცემს შუალედური არჩევნები. უფრო სწორად, უნდა გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება ძლიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელი პოლიტიკური განლაგება ფიგურებისა არ დაირღვევა. ასეთი ძალის ჩამოყალიბების წინაპირობა კი ქვეყანაში არ არსებობს.
-ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ხომ არ შექმნის 17 მაისს გეიაღლუმის ჩატარების წინაპირობას?
-წესით უნდა შექმნას, მაგრამ ამ მკვეთრ ნაბიჯს თვითონ ლგბტ-ს წევრები არ გადადგამენ, ალბათ...
- სასულიერო პირების აქტიურობამ აიმაღლა თუ შეისუსტა ავტორიტეტი მართლმადიდებელ მრევლში?
-მართლმადიდებელი მრევლი ის მრევლია, რომელმაც იცის, რომ საერო ცხოვრებაში ეკლესიის ჩარევა მიზანშეწონილია. ეკლესიას დათმობასა და კომპრომისს ვერ დააბრალებ, რაც შეეძლო, გააკეთა.
-ანტიდისკრიმინაციული კანონის დღევანდელი შინაარსით მიღება, თქვენი აზრით, არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ მომავალში ხელისუფლება სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონპროექტებსაც შემოგვთავაზებს?
-მე არ ვთვლი, რომ ეს კანონი ანტისახელმწიფოებრივია. სხვა თუ არაფერი, თუნდაც იმიტომ, რომ ამ კანონის ყველა მუხლი გაფანტული იყო სხვა კანონებში. დღეს ის ერთი სათაურის ქვეშაა თავმოყრილი. თუ აქამდე არ იყო ეს მუხლები ანტისახელმწიფოებრივი, ახლა ხომ ვერ გახდებოდა?!
- აი, დამტკიცდა ეს კანონპროექტი. გამოდის, რომ ევროკავშირის კარები შევაღეთ?
-კიდევ ბევრი ევროპული კანონი რომ დავამტკიცოთ, მისი კარები მაინც არ გაიღება, რადგან მას მხოლოს იურდიული გასაღები ვერ გააღებს. ფულემ პატრიარქს უთხრა, რომ ამ კანონის მიღებისას თქვენი ტრადიცია და კულტურა დაცული იქნებაო. ეს იყო იმის საფუძველი, რომ ამ კანონის მიღება შეიძლებოდა არ დაჩქარებულიყო. გამოდის, ეს ასე უთხრეს პატრიარქს, თუმცა რაღაც ისეთი მოხდა პოლიტიკაში, რომ ამ კანონის ექსტრემალურად მიღება გახდა საჭირო.
ესაუბრა
ია ჯღარკავა