თამარ კორძაია: მჯერა ეკლესია და საზოგადოება დაგმობს ძალადობას და 17 მაისი მშვიდობიანად ჩაივლის!

თამარ კორძაია: მჯერა ეკლესია და საზოგადოება დაგმობს ძალადობას და 17 მაისი მშვიდობიანად ჩაივლის!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ქალბატონი თამარ კორძაია ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტის ჩასწორების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე გახლდათ. მან მკაფიოდ განმარტა ე. წ. სადავო ცნებების აუცილებლობა ამ კანონში და აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცება  საქართველოს ნათელი ევროპისკენ გაუკვალავს გზას.
,,ივერიონი" გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს თამარ კორძაიასთან.
-    ქალბატონო თამარ, რამდენადაც ცნობილია, თქვენ ეთანხმებოდით ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტის დამტკიცებას. სასულიერო პირთა მოთხოვნითა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობის გათვალისწინებით,  ეს კანონპროექტი მეტ-ნაკლებად ჩასწორდა. რა განსხვავებაა  ამ ორ ვარიანტს შორის?
 მინდა გითხრათ, რომ სასულიერო პირები ამ კანონპროექტიდან ორი ტერმინის ამოღებას მოითხოვდნენ - ,,სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერულ იდენტობა". მათი შენიშვნები გარკვეულწილად გაითვალისწინეს, მაგრამ  ამ ორი მნიშვნელოვანი ტერმინის მნიშვნელობა   არ შეცვლილა.
-    თქვენი აზრით,  აუცილებელი იყო თუ არა ამ კანონის დაჩქარებულად მიღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ.  საქართველოს კონსტიტუცია ხომ ისედაც არეგულირებს ადამიანთა უფლებებს ქვეყანაში?
ეს იყო ერთ-ერთი ფორმალური კრიტერიუმი. არა თუ დაჩქარებულად მივიღეთ ეს კანონი, ის უფრო ადრეც უნდა მიღებულიყო. თუ გვაქვს პრეტენზია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დონეზე დაცვაზე, ეს კანონი ფორს-მაჟორულად უნდა მიგვეღო. აღნიშნული კანონის მიღებით ჩვენ ევროპისკენ შევაღეთ კარი. მართალია, საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს ადამიანთა უფლებებს სახელმწიფოში,  მაგრამ საჭირო იყო მისი განმარტება.  ანტიდისკრიმინაციული კანონის მსგავსად, 10 კანონი მაინც მივიღეთ, მაგა;ითად,  მაუწყებლობისა თუ ელექტროკომუნიკაციების შესახებ, რაც გამოხატვის თავისუფლებას ემსახურება. კანონი კანონად კი წერია, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, როგორ აღასრულო ის?!
-    ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტით დამტკიცებას არასამთავრობო ორგანიზაციები და ლგბტ-ს წარმომადგენლები ღიად უჭერდნენ მხარს...
წესით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა თანასწორობას უნდა ითხოვდეს. დარწმუნებული ვარ, ეს კარგად ესმის საზოგადოებას. ამ კანონის მხარდაჭერით ისინი ბრძოლას უცხადებენ ტოტალიტარიზმსა და არადემოკრატიულობას.  არა აქვს მნიშვნელობა,  ადამიანი ლგბტ-ს წარმომადგენელია თუ არასამთოვრობო ორგანიზაციის, თუ  ესმის ადამიანის უფლებთა თანასწორობის პრინციპი,  ქვეყანას დემოკრატიულ განვითარებაში ხელს არ შეუშლის.
-    რა კეთილდღეობას მოუტანს ამ კანონის ამოქმედება ჩვენს ქვეყანას?
კეთილდღეობა ის იქნება, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვექნება, თუმცა ჯერ მისკენ სვლის პროცესში ვართ. ოდითგან ევროპელები ვყოფილვართ და დღესაც საზღვრებსგარეშე ურთიერთობა გვჭირდება მასთან!
გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ კანონის მიღებით რუსეთი უფროა დაინტერესებული, რადგან ევროპის წინააღმდეგ ქართველების  ამხედრება სურს!..
ამ შეთქმულების თეორიის არ მესმის. რუსეთი ჩაკეტილი სახელმწიფოა, იქ თანასწორობა უცხოა. ევროპა კი მიდის სინათლისკენ და, თუნდაც ანტიდიდკრიმინაციული კანონის მიღების მაგალითით, ჩვენს ქვეყანაში ეს სინათლე გაცილებით მეტი გახდა.
- არის მოსაზრება, რომ პრეზიდენტმა შეიძლება ვეტო დაადოს ამ კანონს. რამდენად რეალურია ეს?
წარმოუდგენელია!  ჩვენ ღირსეული პრეზიდენტი გვყავს!
-    რას ელოდებით 17 მაისს?
სიმშვიდეს. მჯერა, რომ ეკლესია და ქართული საზოგადოება დაგმობს ძალადობას!

ესაუბრა ია ჯღარკავა








საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: