პეტრე კოლხი: ბოლომდე უნდა დაიფერფლო, რომ სხვაში აალდე!..
,,...ბოლო გაჩერებამდე უკანმოუხედავად ვივლიდით, რომ ვინმეს ეჭვი არ აეღო..“
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია არაჩვეულებრივი პოეტია. როგორც თვითონ ამბობს, პოეზიის საღამო მისთვის ყოველღე იმართება უფალთან და ადამიანებთან ურთიერთობისას. მისი საზრდო ღმერთი და სიტყვით გამოთქმული გულწრფელობაა.
- როდის იქცა პოეზია და ლექსების წერა თქვენი სულის ამოძახილად?
,,პოეზია სულის მუსიკაა!“ - ამბობს ფრანგი განმანათლებელი. შეიძლება უამრავი ნიღაბი ატარო და ცრუობდე, მაგრამ ლექსთან, მუსიკასთან, მხატვრობასთან ის ხარ, ვინც ხარ სინამდვილეში... ,,ხელოვნება სულის სისხლს მოითხოვს საფასად"... პოეტის ჯვარი კალამია, გოლგოთა წერის პროცესი... ჭეშმარიტი პოეზია პოეზიის საზღვრის მიღმა იწყება. მასთან მოწიწებით მიდიხარ. გეშინია შეცდომა არ დაუშვა და დაისაჯო. ლექსი ხომ სიცოცხლეა, მუდამ მზარდი და თანამედროვე, ამოუთქმელი ტკივილი და ძალიან ახლობელი, შენეული, შენმიერი... ის შენი სულის მემკვიდრეა, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია გააჩნია - იყო გულწრფელი. სხვა მხრივ, ხელოვნური ჩარევის გარეშე, იბადება და მოაქვს ზღვა სიხარული... ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. იქ არის ჩაკირული უასაკო ტრაგედიები... ,,მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და, როგორც ბავშვი, დაიწყებ ტირილს"... ვერასდროს ამოვთქვამ მოხუც ბავშვობას... და მაინც, ლექსი ჩემი სულის ისტორიაა...
- ამბობენ, პოეზია სათუთი სულის ადამიანების სარკეაო, თქვენ როგორი ხართ, მამაო?
შეუძლებელია ადამიანი იყოს გულგრილი, ვისაც ესმის ლექსის მაჯისცემა. როგორი პირქუშია გარედან დანტე და სად იხედება ,,ღვთაებრივი კომედია"... უკარებაა გალაკტიონი, მაგრამ ,,ეს გზა ახლა ეკლებზე უფრო უეკლესია"... პატივმოყვარეობს გრანელი და მაინც იტყვის: ,,შენ სიღატაკეს არ იცნობ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა"... პოეტი მამაჩემივითაა, გარედან მკაცრი და შიგნით ფაიფურზე ფაქიზი, მსხვრევადი, გამჭვირვალე და მარტოსული....
- ლექსების წერისას აუცილებელია თუ არა თქვენთვის განწყობა?
თუ ბუნებით შემოქმედი ხარ, განწყობა მუდამ არსებობს. ის დაუსრულებლად მოედინება. შემოქმედება მარადიული წვაა... ბოლომდე უნდა დაიფერფლო, რომ სხვაში აალდე... ლექსს მკვდრეთით აღდგომა შეუძლია... ის გარდაცვლილებს სიცოცხლეს უბრუნებს... ყველა საკუთარს პოულობს და საზრდოობს. პოეტი ერთ პიროვნებაში მეორე ადამიანია... მას არ სჭირდება განსაკუთრებული განწყობა... მუდამ მზადაა გაფრენისთვის...
- რთულ საღვთო გზაზე სიარულში რამდენად გეხმარებათ ლექსები?
ჩვენ თუ ვთვლით, რომ ლექსი მხოლოდ გულწრფელობაა, საღვთო გზაც ამას ითვალისწინებს... პოეტები ნამდვილი ღვთისმსახურები არიან... ,,პირველად იყო სიტყვა"... სიტყვით შეიქმნა ხილული თუ უხილავი, ცხადი თუ დაფარული, იმქვეყნიური თუ ამქვეყნიური... ,,ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა"...
- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პოეზიის მუზა?
მუზა სიყვარულია... წარმოუდგენელია მის გარეშე არამც თუ წერო, იარსებო, საერთოდ... პოეზიის მფარველი მუზა ჩემთვის ღმერთში მოფარფატე სულებია... თავისებური სიღრმეებით და მრავალშრიანი ხვეულებით... რა საჭიროა მუზა მაშინ, როცა შემოქმედებით ყოველგვარი სინათლის საწყისი ხდები... ჩვენს გარშემო ბევრი მზეა, სინათლე, სითბო და მყუდროება...
- სასულიერო პირები მხოლოდ რელიგიური შინაარსის ნაწარმოებებს წერდნენ, თქვენ ამ მხრივ თავისუფალი ხართ?
პოეტობა პროფესია არაა... შეიძლება წერა ისწავლო, მაგრამ პოეტი ვერ გახდები, თუ არ ხარ... პოეტად დაბადება კი შემოქმედისთვის არავის უკითხავს... ლექსს არ უხდება ჩარჩო... ის უნაპიროა…
- პოეზია და მელოდია განუყოფელია. მელოდია რამდენად გეხმარებათ წერისას?
…დასაწყისში აღვნიშნე- პოეზია სულის მუსიკაა... წერის დროს მიზეზი არ არის საჭირო. თუ გეწერინება, ყოველგვარი შესავლების გარეშე მოდის დიდი, დამანგრეველი ენერგია, რომელსაც დაუნდობლად მოაქვს მუსიკა, ლექსი, მხატვრობა... შეიძლება არ ჰქონდეს ლექსის ფორმა, მაგრამ იყოს პოეზია... ,, ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს. ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სიავემ, ათასი გოროზი გულის ძახილი შეეწირა დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას, უდაბურდებიან სემირამიდას ბაღებიც… ვინ იცის, რამდენი ამპარტავანი სულის ზვაობას მოეღო ბოლო, რამდენი ამაო ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზე ხელაღებულ მაძიებლებს? „და გამწარებით ხრავენ ქვიშასა“. ინავლება სიყვარულიც. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვანი სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება „ვით ბაზმა გაუქრობელი“ – ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა: ძევახ, სიცოცხლეო ჩემო! "...
- რა აზრის ხართ? თანამედროვე ქართულ პოეზიაზე?
თუ პოეზია ნამდვილია, ის ყოველთვის თანამედროვეა. ლექსები, როგორც წესი, არ ბერდებიან. ნამდვილი შემოქმედი კი სწორედ ასეთი ,,უასაკობით" ემსგავსება უზენაესს - ,,რომელმაც შექმნა სამყარო"... ყველა დროს თავისი შესაფერისი ლიტერატურა მიჰყვება აჩრდილივით. მწერლობა ერის სულია. სწორედ მის სიღრმეში ჩანს დაუფარავი მდგომარეობა. დღესაც იწერება ღირებული და საინტერესო... ვეთაყვანები აღმოსავლურ პოეზიას... საოცარი ფერებია...
- აპირებთ თუ არა თქვენი შემოქმედებითი საღამოს გამართვას?
ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან შეხვედრა, უკვე პოეზიის საღამოა, რომელიც, ალბათ, ყოველდღე იმართება... ახლა კი თქვენთან ინტერვიუს ჩემი ერთი თეთრი ლექსით დავასრულებ:
ანგელოზი რომ ვიყო,
შენი სახლის ჩამოშლილ კიბეებს სიხარულით ავირბენდი,
რომ მძინარესთვის დამეხედა და კეთილი ჩემნაირები მესურვა...
ანგელოზი რომ ვიყო, შუაღამით დახშული სარკმლიდან შემოვიპარებოდი
და საწოლთან ჩუმად ვიჯდებოდი დილამდე...
დილის პირველი სხივის შემოჭრამდე გავუჩინარდებოდი...
ანგელოზი რომ ვიყო,
შენი თვალებივით ამოვასუფთავებდი ჭაობებს და
ფსკერზე მოფარფატე ბალახებს სამკურნალო თვისებას მივანიჭებდი...
ახალ სამყაროს აღმოვაჩენდი და მის მესაკუთრედ დაგნიშნავდი...
ანგელოზი რომ ვიყო, შენც ანგელოცად გაქცევდი და
შენი სახლის ჩამოშლილ საფეხურებს ფრთებჩაკიდებულები ჩავირბენდით...
ბოლო გაჩერებამდე უკანმოუხედავად ვივლიდით, რომ ვინმეს ეჭვი არ აეღო...
ესაუბრა ია ჯღარკავა