გია ხუხაშვილი:,,ირაკლი ალასანიას ირაკლი ღარიბაშვილზე წინ დაყენება ,,შეთქმულების თეორიაა!“
საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია NDI-ის კვლევის გუშინდელმა შედეგებმა. ამასთან დაკავშირებით „ივერიონი” ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა.
ბატონო გია, როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გამოქვეყნდა NDI-ის კვლევის შედეგები. რამდენად არის ახლოს ეს შედეგები რეალობასთან , თუ რაიმე პროვოკაცია იმალება მის მიღმა?
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ NDI იყო ზედმეტად პოლიტიზებული რგოლი, რომელიც ,,აყენებდა“ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესის მაჩვენებელს. ეს რომ დღესაც ასეა, ნათლად ჩანს ერთი ფაქტიდან - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი .... არ აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენი პროცენტი ,,მიიღო“, ყველამ იცის, რომ დგანან ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე. მათ, ბიძინა რომ არა, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ, რადგან მათი პირადი რეიტინგი, ბიძინა ივანიშვილის გარეშე, შორსაა NDI-ის კვლევის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ პროცენტებთან. ივანიშვილის გავლენის გარეშე, მათი დღევანდელი პარამეტრები ალოგიკურია!
რაც შეეხება პროვოკაციას, ის ნამდვილად არსებობს დღევანდელ ხელისუფლებაშიც. უმრავლესობაში არის ჯგუფები, რომლებიც არ არიან ამ პროცენტული შედეგების მოწინააღმდეგენი, არც ეწყინებათ, ასე რომ იყოს სინამდვილეში, უბრალოდ, უხერხულად რომ არ ,,იგრძნონ“ თავი ,,შიგნით“, დუმან.
NDI-ის შედეგებით მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობაა” კმაყოფილი. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?
შეიძლება ეს ახალი ინტრიგის სურვილი იყოს ხელისუფლების შიგნითაც. ამით ვიღაცებს დაპირისპირება და ბზარის გაჩენა სურთ. ეს ძალიან ჰგავს პოლიტიკურ თამაშებს. NDI-ის რეიტინგი ვიცით რაც იყო. მან ოქტომბრის არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას“ 20-30 %-ით ნაკლები უწინასწარმეტყველა, მაგრამ შედეგი ყველამ ვნახეთ.
რადგან რეიტინგს შევეხეთ, რამდენად სერიოზულია ირაკლი ალასანიას ირაკლი ღარიბაშვილზე წინ დაყენება. ხომ არ ჰგავს ეს ე.წ. შეთქმულების თეორიას?
NDI-ის კვლევა აბსურდია! ნებისმიერი თავმოყვარე ორგანიზაცია ანებებს ასეთ კვლევას თავს, ეს გაკოტრების ტოლფასია. პირდაპირ ვიტყვი: ირაკლი ალასანიას ირაკლი ღარიბაშვილზე წინ დაყენება ,,შეთმულების თეორიაა“, ოღონდ, არა საქართველოში დაგეგმილი, არამედ მასშტაბური და გლობალური.
ოქტომბრის არჩევნებში თქვენ კოალიცია ,,ქართული ონების“ მხარდამხარ იბრძოდით ფრონტის წინა ხაზზე, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ პოლიტიკაში არ ყოფილხართ. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ თქვენ თავის დროზე ივანიშვილზე დიდი გავლენა გქონდათ. რატომ დატოვეთ ეს არენა ასე ადრე?
ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს. მე ადრევე ვუთხარი ბატონ ბიძინას, რომ, ვიდრე ქვეყნის ბედი სასწორზეა, ბრძოლაში დავეხმარებოდი, მაგრამ გამარჯვების შემდეგ, წავიდოდი. მან მე შემომთავაზა მაღალი თანამდებობა, მაგრამ უარი ვთქვი. მე სიტყვა შევასრულე. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მიილტვიან ძალაუფლებისკენ, რომელშიც არაფერი ყრია . მე დღეს ვთანამშრომლობ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიიზაციასთან და მინისტრზე მაღალი ხელფასი მაქვს, რატომ უნდა მინდოდეს სისტემის ჭანჭიკობა? (თუმცა პოლიტიკოსებს ჩემთვის გაუგებარი ფსიქოლოგია აქვთ).
როგორ შეაფასებთ დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობას. რა შეიცვალა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში?
სახელმწიფო მართვის სისტემა გახდა ჰუმანური, საზოგადოება დათრგუნული არ არის, მან შვება იგრძნო, ეს კი პირდაპირ ,,ურტყამს“ ,,ნაციონალებს“. მე ეფექტურობის თვალსაზრისით პრეტენზიებიც მაქვს ხელისუფლებასთან: მას აკლია გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების ტემპი და უნარი. პრობლემურ საკითხებს დროულად ვერ წყვეტენ და , რაც ,,ნაციონალებს“ ასულდმულებთ,- ,,ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივ აპელირებაში ხარჯავენ დროს. მე მაინც მაქვს იმედი, რომ ყველაფერს გამოასწორებენ.
უკვე ხმამაღლა საუბრობენ მმართველი კოალიციის შიდადაპირისპირებაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რა მომავალი ელოდება მას?
კოალიციაში მყოფი პარტიების განასხვავებული ფუნდამენტური იდეოლოგია მათ მალე დასაშლელად გაწირავს.
არსებული რეალობიდან გამომდინარე, უნდა ველოდეთ თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას?
დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს არ მოხდება. თუმცა, საჭიროა, რადგან დღეს ,,ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მსხვილადაა წარმოდგენილი, ვიდრე იმსახურებს. იმდენი სადისკუსიოა საზოგადოებასა და პარლამენტს შორის... ამ დისკუსიაში გავა დრო და დაგეგმილი არჩევნებიც თავისით მოვა!
ესაუბრა ია ჯღარკავა