"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს"
თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა "ოკუპაციის შესახებ კანონი" მაინც დარღვეულია. თურქეთის შემდეგ კი იტალიამ გააფორმა აფხაზეთთან მეგობრობის და თანამშრომლობის ხელშეკრულებები.
თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ჟურნალისტების საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმებას ხელი აფხაზეთის ჟურნალისტთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ კაპბამ და თურქეთის მხრიდან ჟურნალსტთა ფედერაციის ხელძღვანელმა ატილა სერტელმა მოაწერეს.
თურქი ჟურნალისტები ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლის მიზეზად ადგილობრივ კოლეგებთან ურთიერთობების გაღმავებასა და აფხაზეთის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების სურვილს ასახელებენ, თუმცა რამდენად გამართლებულია თურქეთის მხრიდან საქართველოს გვერდის ავლით ეს ქმედება ალბათ განსჯის კიდევ ერთი საკითხი გახდება.
რას ფიქრობენ პოლიტიკოსები აღნიშნულ საკითხზე და როგორია ოფიციალური თურქეთის პოზიცია? ხომ არ არის ეს საფუძველი იმისა, რომ თურქეთმა საქართველოს გვერდის ავლით ურთიერთობის დამყარება განიზრახა და ხომ არ მოყვება ამას თურქეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება? ამ კითხვებით ივერიონი სხვადასხვა პოლირიკური პარტიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს დაუკავშირდა.
გოგი ლორთქიფანიძე("სახალხო პარტია")-დამოუკიდებლობის აღიარება გამორიცხულია თურქეთის მხრიდან, მაგრამ თურქეთი, როგორც რეგიონის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ყოველთვის ეცდება, რეგიონის ყველა კუთხეში მაქსიმალურად გაზარდოს თავისი გავლენა. თურქეთს თავისი ინტერესები აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში მოქმედებს ჟურნალისტთა ფედერაცია და არა სახელმწიფო. აქ მთავარი საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა. გააკეთოს რეაქცია ამ ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მოუწოდოს თურქეთის კონკრეტულ ორგანიზაციას და მის მოქალაქეებს (სულერთია ჟურნალისტი იქნება თუ სხვა ვინმე), რომლებიც ასეთ კონტაქტებში იქნებიან შემჩნეული, რომ შეეშვან ასეთ ქმედებებს და რომ მათ მიმართ ამოქმედებული იქნება კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
გოგა ონიანი("ნაციონალური მოძრაობა)-მაშინ როდესაც დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლა აღარ იყოს ევროპისა და ამერიკის რუსეთთან ურთიერთობის მთავრი თემა, როცა ცივილიზებულ სამყაროს აძლევენ მესიჯს, რომ რუსეთთან ძალიან მალე დაალაგებენ ურთიერთობას, სწორედ ამის შედეგია ეს. სამწუხაროდ რისკები იზრდება, ხოლო ხელისუფლება აშკარად არაადექვატურია ამ რისკების და გამოწვევების.
გიორგი ლილუაშვილი(საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი)-საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, კრძალავს საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას და იქ რაიმე სახის საქმიანობას, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ კანონით გათვალისწინებული ზემოქმედება უნდა მოახდინოს, რაც შეეხება თურქეთს ის საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა და ამავე დროს ნატოს წევრი ქვეყანა, მის ინტერესებში არ შედის მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ, რაიმე ქმედების განხორციელება. დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლების მიერ სამართლებრივად ამ საკითხის დაყენების შემთხვევაში, თურქეთის ხელისუფლება საქართველოს ინტერესებს დაიცავს და ერთობლივად აღკვეთავენ მსგავს ქმედებებს.
ოფიციალური თბილისის პოზიცია კი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გაახმოვანა ასეთია:
-"საგარეო უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღნიშნული ვიზიტი არ შემდგარიყო, რადგან ეს საქართველოს "ოკუპაციის შესახებ კანონის" დაღვევაა. ამის მიუხედავად, ეს ვიზიტი მაინც შედგა. ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. დღეს შევხვდებით თურქეთის ელჩს და გადავცემთ ჩვენს დამოკიდებულებას ამ ფაქტის მიმართ. რაც არ უნდა დელეგაციები ჩადიოდნენ აფხაზეთში, ეს არ ნიშნავს მის აღიარებას და ეს არ ნიშნავს ამ შემთხვევაში თურქეთის ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთის მიმართ. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტეს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურა თურქეთის პრეზიდეტმა საქართველოში ვიზიტისა, ასე რომ, ამ ოფიციალურ პოზიციაში არაფერი იცვლება".
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქართული მხარე თურქეთის ოფიციალურ პირებთან შეეცდება გაარკვიოს თუ რატომ და რა მიზნით ჩავიდნენ ჟურნალისტები ოკუპირებულ აფხაზეთში.
დიპლომატიური უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანალოგიური ვიზიტებისგან თავი შეიკავონ. მიუხედავად ამისა, არანაკლებ დასაფიქრებელია "აპსნისპრესის" ვებ-გვერდზე გუშინ, 13 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაცია აფხაზეთსა და იტალიას შორის თანამეგობრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. სააგენტოს ცნობით, 12 მაისს სანტ-ანტიოკოში(იტალია) ხელი მოეწერა მეგობრობის და თანამშრომლობის მემორანდუმს სოხუმსა და სანტ-ანტიოკოს, ასევე სან-ჯოვანისა და ბიჭვინთას და ახალ ათონსა და კალაზეტოს შორის. აფხაზეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოხუმის და ბიჭვინთის ადმინისტრაციის უფროსებმა-ალისა ლაბახუამ და ბესლან არძინბამ, ხოლო იტალიის მხრიდან ხელმომწერები იყვნენ: მარიო კორონჯიუ, ფედერიკო პალმასი და ანტონიო ბიგო. ღონისძიებას ეწრებოდნენ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენლები-კან ტანია და თენგიზ ტარბა.
როცა ერთის მხრივ მხარს უჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხოლო მეორეს მხრივ დგამ საწინააღმდეგო ნაბიჯს და პირდაპირ ურთიერთობებს სთავაზობ ოკუპირებულ აფხაზეთს, კონკრეტულ შემთხვევაში თურქეთისა და იტალიის პოზიცია, ცოტა არ იყოს ლოგიკას მოკლებულია, სწორედ ეს არის "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო!".