რომან გოცირიძე:-,, მოირგებენ ჩოხებს, თავი კიტრი ჰგონიათ!"

რომან გოცირიძე:-,, მოირგებენ  ჩოხებს, თავი კიტრი ჰგონიათ!"

 ,,ივერიონს" ესაუბრება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

 -ბატონო რომან, თქვენ მიხეილ სააკაშვილის ზეობის პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყავით. როგორ შეაფასებთ მაშინდელ და დღევანდელ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას?

 -ძალიან დიდი განსხვავებაა მაშინდელ  და ახლანდელ ვითარებას შორის. მაშინ უზარმაზარი უცხოური ინვესტიციები შემოდიოდა და ლარი მყარდებოდა ძალიან. 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა  მხოლოდ ერთ წელიწადში, 2007 წელს - ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს და ორნახევარჯერ მეტი, ვიდრე 2008-2009 წლებში, ანუ მაშინ იყო თავისტკივილი ზედმეტად კარგი "ცხოვრებისაგან", ახლა სულ სხვა თავისტკივილია-ზედმეტად მწირი უცხოური ვალუტის შემოდინებით გამოწვეული, რაც ქმნის ლარის გაუფასურების საფრთხეს.
მაშინ მაკრიტიკებდნენ, ლარს ამყარებსო, ახლა სხვა კრიტიკაა-ლარი უფასურდებაო. ასეა, თუ კრიტიკა გინდა, საბაბი ყოველთვის მოიძებნება. ისე, ის პერიოდი იყო ყველაზე წარმატებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მხრივ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ისეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა ეროვნული ბანკი და მეეჭვება, ოდესმე იყოს.

 -თქვენი აზრით, რატომ არ შეიცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?

 -იმიტომ, რომ კანონი არის ასეთი და ყველა ხელისუფლებამ უნდა სცეს მას პატივი. როგორც მოექცევი სხვას, ისე მოგექცევიან შენ. სასამართლო, საბანკო და აუდიტის სისტემა დაცულია კონსტიტუციურად და ხელისუფლების ჩარევა დაუშვებებელია პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებისას.

 -როგორ შეაფასებთ დღევანდელი მთავრობის ეკონომიკურ  პოლიტიკას - რა შეძლო და რა ვერ შეძლო მან?

 -დიდი თემაა. შეძლო ბიზნესზე წნეხის მოხსნა (დიდწილად და არა მთლიანად). უჭირს ფინანსებისა  და პროექტების მართვაში. საკადრო საკითხები ვერ უძლებს კრიტიკას, ხოლო  პროფესიონალზმი ძალიან დაბალია. 

 -თქვენ სააკაშვილის გუნდის მთავარი ფინანსისტი და თვალსაჩინო ფიგურა იყავით. ყოველ შემთხვევაში, თქვენი ხელახალი  პოლიტიკური აღზევება მოხდა  ,,ვარდების რევოლუციის" შემდეგ. რას უკავშირდებოდა თქვენი წასვლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან?

 -სწორედ იმას, რაც ზემოთ აღვნიშნე - ჩემი დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს როგორც მაშინ, როცა ვიყავი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე და მაშინაც, როცა ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ბევრმა ვერ აიტანა ეს. ყველაზე კომფორტული ჩემთვის ახლანდელი მდგომარეობაა - დავუბრუნდი სამეცნიერო-საექსპერტო საქმიანობას, არ ვარ არც ერთ პარტიაში და  მაქვს საშუალება, ვიყო სრულიად ობიექტური და თავისუფალი რაიმე გავლენისაგან.

 -ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი?

 -ევროკავშირის წევრი შეიძლება გავხეთ 10 ან 20 წლის შემდეგ ან კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში. ეს არაა ახლა მთავარი. მთავარი ამ სისტემისადმი ნაწილობრივი მიერთების პროცესის დაწყებაა და ის სიკეთეები, რასაც აქედან მივიღებთ წევრობის გარეშეც.
 რა არის მარტივად ევროკავშირი ეკონომიკურ კონტექსტში: საქონლის, მომსახურებისა და სამუშო ძალის შეუფერხებელი გადაადგილება. პირველი უკვე სულ მალე ძალაში შევა, მეორე რაღაც ფორმით ხორციელდება, მესამე ხანგრძლივი პერსპექტივაა, მაგრამ, უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ,  სამუშაოს ლეგალურად შოვნაც გაადვილდება. ესაა გზა, რომელიც თანდათანაბით გზრდის, გსრულყოფს, გაზიარებს დასავლურ ფასეულობებს და ახალ (არავინ ერჩის ეროვნულს) და ახალ სამართლებრივ გარემოს.

 -რამდენად დაეხმარება საქართველოს ევროპათან ურთიერთობაში  ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება?  

 -არა მგონია, რომ ეს რაიმე ფორმით არსებითი იყოს ევროკავშირისათვის. ასეთი კანონმდებლობა გვაქვს ჩვენ კონსტიტუციისა და სხვა კანონების სახით. ეს კანონი ევროპას კი არ ჭირდება, არამედ- ჩვენ. გავა ერთი ათი წელიწადი და გაგვიკვირდება, რაზე ვდაობდით.
 პირველად საბაზრო ეკონომიკის ხსენება ქართულ სინამდვილეში მე დავიწყე  ჯერ კიდევ კომუნისტების დროს და ლამის ჩამქოლა მაშინდელმა ოფიციალურმა გაზეთმა. თანაც რა დრო იყო, ვის ეგონა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. თუ ციხეს არა, კარიერის მოსპობას მაინც ნიშნავდა ეს (ე.წ. არაფორმალების პერიოდში). ახლა ვინმემ რომ თქვას, საბაზრო ეკონომიკა არ იხმაროთო, გიჟად გამოაცხადებენ. რაც დრო გადის,  საზოგადოება უფრო ჰუმანური და ჯანსაღი ხდება.
ატეხეს ამ კანონზე ერთი ვაიუშველებელი თანამედროვე ციციკორეებამა. ეკლესიას არ ვგულისხმობ, მათ შეიძლება რაღაცნაირად გაუგოს კაცმა. ეს იმათ ეხებათ, ვინც ვითომ ზნეობის სადარაჯოზე დგანან, სინამდვილეში თავიანთ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესს ამყარებენ. ვითომ ეროვნულები. მოირგებენ ჩოხებს, თავი კიტრი ჰგონიათ!
ახლა ეს კონჩიტა აუტყდათ.  რამდენიმე საუკუნის წინ მას კოცონზე დაწვავდნენ, ფაშისტურ გერანიაში ჩამოახრჩობდნენ, სტალინის რუსეთში დახვრეტდნენ. აგერ ახლა,  მხოლოდ თუ შეაგინებენ და ამაზეც შეუძლია გიჩივლოს. ყველანაირი  პროგრესის საზომი ჰუმანურობაა. მარიტა ვირზე რატომ შესვეს? განსხვავებულობისთვის. არ ჰგავდა სხვებს, დაარღვია თემის კანონი.  კი აღვარღვარებენ ცრემლებს, კინოს როცა უყურებენ. ისე, ზოგიერთი თანამედროვე "პატრიოტი"ციციკორეს ადგილზე რას იზამდა, კარგად წარმომიდგენია.
  ამაშია იმ ანტიდისკრიმინაციული კანონების ძალა, რომლებიც ჯერ კიდევ ასე აღიზიანებს ფარისევლებს!  მისი არსი ისაა, რომ უკეთესი ხდები და ხდები. სხვის ჩაგვრაზე კი არ ამბობ მხოლოდ უარს, საკუთარ თავში ზრდი მეტ ადამიანს.
  ამათთვის ესეც საარჩევნო ხმებისთვის ატეხილი ხმაურია. სიბნელით უნდათ საკუთარი ინტერესების "განათება".

                                                                                                                                                             ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: