ვაჟა აზარაშვილი: ტრაგედიაა, როცა ქართველები ქართულ მუსიკას ვერ მღერიან!
გვესაუბრება საქართველოს სახალხო არტისტი, კომპოზიტორი, ვაჟა აზარაშვილი.
- ბატონო ვაჟა, მოდით პირდაპირ დავიწყოთ: რა ხდება ქართულ მუსიკაში?
- არ ვიცი საიდან დავიწყო. მხოლოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არანაირი პირობები არ გვაქვს იმისათვის რომ დაიწეროს, შესრულდეს და მოხდეს ქართული მუსიკის პროპაგანდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფოს ამ თვალსაზრისით არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია.
წლეულს, ოცდახუთ მარტს მე მქონდა კამერული მუსიკის საავტორო კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში. არცერთი მათგანის დაწერაში ჰონორარს არ ვიღებ. არადა, ჩვენ ხომ ოჯახები გვყავს - ამათ ჰგონიათ (მთავრობას) მუსიკა მხოლოდ გართობაა. წარმოიდგინეთ რამხელა შრომასთანაა დაკავშირებული. მე არა მარტო სიმღერებს ვწერ, არამედ სიმფონიურ, კამერულ, საბავშვო მუსიკას, ამასთან, კინო მუსიკას თეატრისთვის და ა.შ.
დრო იყო, როცა მოღვაწეობდნენ უდიდესი კორიფეები, ისეთები, როგორებიც იყვნენ: რეზო ლაღიძე, გიორგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, ჯანო კახიძე, გია ყანჩელი და სხვები და სხვები. დღესაც იწერება კარგი სიმღერები. იგივე: მარიკა კვალიაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, მაცაცო სებისკვერაძე, მამუკა ჩარკვიანი, მშვენიერი სიმღერები აქვს ზურაბ მჟავიას, მიშიკო ზაქარიაშვილს...
სამწუხაროდ, ქართველი მომღერლები თითქმის არ ასრულებენ ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს. მათ შეიძლება დაგვისვან სამართლიანი შეკითხვა: რა დაიწერა ამ ბოლო პერიოდში ახალი? ჩვენ კი ვქმნით, ვწერთ, მაგრამ ჩაწერის ელემენტარული შესაძლებლობაც არა გვაქვს. არანჟირებას ცალკე თანხა უნდა, სტუდიას ცალკე... ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სიმღერებს ვჩუქნით მომღერლებს, მაგრამ ჩაწერის ფულს ვერ შოულობენ. აი რა არის უბედურება. ათას სისულელეებზე იხარჯება უამრავი ფული იმის მაგივრად, გვერდით რომ დაგვიდგნენ...
- და ამ დროს რას აკეთებს ხელისუფლება?
- თერთმეტი წელი ვიყავი კომპოზიტორთა კავშირის თავჯდომარე, მე, გიგა ლორთქიფანიძემ, მაყვალა გონაშვილმა და სხვებმა ორჯერ მივმართეთ მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გვესაუბრა შემოქმედებით საკითხებზე - თუ რა პრობლემების წინაშე დგას ზოგიდად ქართული კულტურა და ხელოვნება, მაგრამ ჩვენი მიმართვა ყრუ კედელს წააწყდა.
- რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას თუ მიმართეთ რიგ პრობლემებთან დაკავშირებით და თუ აწარმოებთ მათთან კონსულტაციებს?
- კი ამათაც მივმართეთ, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ, კომპოზიტორები ვიბრძვით დავიბრუნოთ ბორჯომის სახლი, რომელიც ქართველ კომპოზიტორთა საკუთრებაა და ჩვენივე სახსრებითაა აშენებული. სრულიად უკანონოდ წაგვართვა ეკონომიკის სამინისტრომ. ეს სახლი შემოქმედებითი მუზეუმია, აქ მოღვაწეობდნენ მთელი ჩვენი ცნობილი კომპოზიტორები.
- რა ფუნქციას ასრულებს დღეს კომპოზიტორთა კავშირი , არის თუ არა იგი შემოქმედებითი ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული მუსიკის აღორძინებას და ახალგაზრდა თაობის განვითარებას?
- კომპოზიტორთა კავშირის თავჯდომარედ 1990 წლის ბოლოს მოვედი. თავიდან ორი წელი გვქონდა დაფინანსება, შემდეგ შეგვიწყვიტეს. ვაქირავებდით ჩვენს კუთვნილ ფართებს და ამით მხცოვან ადამიანებს ვუნიშნავდით ყოველთვიურად სტიპენდიას. ჩავატარეთ რამდენიმე სიმფონიური და კამერული კონცერტები, ხსოვნის საღამოები. უბედურება ის არის, რომ დაშალეს საქართველოს რადიო-ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრი. ასევე დაიშალა საესტრადო ორკესტრი, რომელსაც ბატონი გივი გაჩეჩილაძე, თენგიზ ჯაიანი და სხვები ხელმძღვანელობდნენ. თქვენ ალბათ გახსოვთ, როდესაც კომპოზიტორთა კავშირის თავჯდომარე ვიყავი, როგორ ვიცავდი ჩვენს უფლებებს - პირდაპირ მივმართავდი ყოფილ ხელისუფლებას, რომ იყვნენ რეკეტიორები. მე მაშინ წარდგენილი ვიყავი რუსთაველის პრემიაზე, რომელიც, ცხადია არ მომცეს. იგივე მიზეზით გამიშვეს კონსერვატორიის კათედრიდანაც.
- რას გვეტყვით სამუსიკო განათლებაზე და რა პერსპექტივები აქვთ მომავალ თაობას?
- მუსიკალური სასწავლებლები აღარ არსებობს, სამუსიკო სკოლები სულს ღაფავენ, ადრე კონსერვატორიაში კონკურსები იყო. ახლა კი შეუვსებელი, ცარიელი ადგილებია. ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ, როცა მუსკოსები ხედავენ რომ ჩვენი პროფესიით ოჯახს ვერ არჩენენ, სხვა პროფესიას ირჩევენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ უამრავი ნიჭიერი ადამიანი უმუშევარია, რა ქნას ამ ხალხმა, რითი ისულდგმულოს?!ამდენ სიმღერას რომ ვწერ, არ მინდა დაფინანსება? ოჯახი მყავს. მთავრობამ რამე უნდა იღონოს! მე სახალხო არტისტი ვარ და ოთხას ლარს ვიღებ, ოთხას ლარად შევინახო ოჯახი?!
- ბატონო ვაჟა,თქვენ ხშირად საუბრობთ უხარისხო მუსიკასა და გემოვნებაზე, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?
- კრიტიკის არქონამ! მახსოვს ბატონი გივი ორჯონიკიძე, ცნობილი მუსიკათმცოდნე, გადაგვივლიდა ხოლმე ახალგაზრდა კომპოზიტორებს. ახლა არავითარი კრიტიკა არ ისმის, ყველა გენიოსია, ყველა ვარსკვლავია. ადრე სპეციალური საბჭოები იყო, რომელიც სიმღერებს სათანადო კვალიფიკაციას აძლევდა, ახლა ამბობენ, ეს საბჭოები არადემოკარტიული იყოო -ვერ გავიგე, დემოკრატია ბალაგანს ხომ არ ნიშნავს?!ცუდი სიმღერა რომ იყო, არ ვიღებდით. ამიტომ,დღეს ასე დანაგვიანებულია ყველაფერი. კრიტიკის გარეშე ახალგაზრდა კომპოზიტორი ვერგანვითარდება.
დააჩლუნგეს ქართველი მსმენელის გემოვნებაც, ჩვენი ტელევიზიები გაიძახიან: ქართველი ვარსკვლავიო და ამასობაში ქართულ სიმღერებს არ ასრულებენ. წაიღონ მაშინ ამერიკაში, რადგან ქართული არ არის...არავინ იფიქროს,თითქოს ამერიკული მუსიკის მიმართ კრიტიკულად ვარ განწყობილი - ფიერიდეს ფირფიტა რომ შევიძინე,ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯერ ჩვენსას მივხედოთ, ქართველი შემსრულებლების დიდი ნაწილი ვერ მღერის ქართულ სიმღერებს, ეს ხომ ტრაგედიაა?!
ესაუბრა გიორგი მოსიაშვილი