ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში, როცა ის იქ არ არის!
სამწუხაროდ, უკვე მეორედ მიხდება ახსნა-განმარტება გავაკეთო ბ-ნი სოსო ცინცაძის სიტყვებზე - „აუცილებელია ბათუმიდან თურქების გაყვანა და აჭარლების ხელახლა გაქართველება“.
მიუხედავად იმისა, რომ თანაბრად გვიყვარს საქართველო (აბა აჭარის სიყვარულში აჭარლებს ვერ შევეჯიბრები), როგორც ჩანს, ჩვენ მაინც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და ხელოვნური აჟიოტაჟით ბუზისგან სპილოს გამოყვანას ვცდილობთ!
ხატი, რჯული - არ გვიფიქრია (არც შეიძლება ვფიქრობდეთ) ვინესთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებინა, ან დაგვეკნინებინა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული (მრავალგზის აოხრებულ-აწიოკებული) კუთხის როლი ჩვენი სამშობლოს ისტორიაში. მითუმეტეს, მე პირადად ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა (მათ შორის, საქმიანიც) მაკავშირებს აჭარასთან და ბევრი ღირსეული მეგობარიც მყავს აჭარლების სახით.
შეიძლებოდა სოსო ცინცაძის მკვახე გამონათქვამს გაღიზიანება გამოეწვია ადგილობრივ მოსახლეობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვადასტურებ (ეს გადამოწმებულია თავად ცინცაძესთან), რომ რესპოდენტს მიზნად ვინმეს (ამ შემთხვევაში კუთხის) შეურაცხყოფა არ განუზრახავს და მითუმეტეს, ჩვენ ვერ ვიქნებოდით ამის ინსპირატორი ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო.
„ივერიონი“ არ არის ის მედიასაშუალება, იაფფასიანი პოპულარობით თვითდამკვიდრებას ცდილობდეს, ან კატას ეძებდეს ბნელ ოთახში, როცა ის იქ არ არის! ანუ, სკანდალების ხელოვნურად აგორების და ამით ყურადღების მიპყრობის სურვილი ნამდვილად არ გვამოძრავებს.
ჟურნალისტის მიზანი პოლიტოლოგის მხრიდან აჭარაში მომხდარი ინციდენტის და ზოგადად რეგიონში შექმნილი სიტუაციის შეფასების მცდელობა იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტური მედიის პრინციპი ყოველგვარი შელამაზების გარეშე რესპოდენტის პოზიციის გადმოცემაა, არ გვიცდია უხეშად ჩავრეულიყავით რესპოდენტის უფლებებში ან მასთან შეთანხმების გარეშე ის სიტყვები ამოგვეღო ინტერვიუდან.
ვინაიდან TV25-მა მოახერხა სოსო ცინცაძესთან დაკავშირება და ზემოთ აღნიშნულზე მისი პოზიციის დაფიქსირება, საჭიროდ არ ჩავთვალეთ ზედმეტი აჟიოტაჟით კიდევ ერთხელ მიგვეპყრო საზოგადოების ყურადღება და როგორც იტყვიან, „ჭრილობაზე“ მარილი დაგვეყარა!..
მიუხედავად ჩემი მისამართით გამოთქმული პრეტენზიებისა და არაერთი უხამსი ეპითეტებისა, მე ახლაც ვადასტურებ საქართველოს ნებისმიერი კუთხის ტკივილი ჩვენი საერთო ტკივილია. ამასთან, ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში არასდროს არ დავმდგარვარ ბოდიშის მოხდის აუცილებლობის წინაშე (თუმცა, თუ აუცილებლობა იქნება, არც ამას მოვერიდები), ანუ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს პოპულაროპბის მოსახვეჭად არასდროს არ ვიყენებ!
მათ გასაგონად, ვინც აჭარის მიმართ უპატივცემულობაში მადანაშაულებს, ერთ ეპიზოდს გვიხსენებ შევარდნაძისდროინდელი წარსულიდან - ეს ის პერიოდია, როცა ასლან აბაშიძემ ჩოლოქი გადაკეტა და ცენტრალურ ხელისუფლებას არ ემორჩილება: სხვათაშორის, ამან დანარჩენი საქართველოს (უპირველესად თბილისელების) გაღიზიანება გამოიწვია, რასაც არასასურველი ეპითეტებიც მოჰყვა. სხვათაშორის, მე გახლდით ერთადერთი რედაქტორ-გამომცემელი, ვინც ეკონომიკური პროფილის საკუთარ ჟურნალში (ჟურნალი „გადასახადები“) ამ თემას საკმაოდ მწვავე სტატია მიუძღვნა და ცენტრი პირდაპირ დაადანაშაულა სიტუაციის ხელოვნურად ინსპირირებაში.
დიახ, ეს ის სიტუაცია გახლდათ, როცა ასლან აბაშიძეს სრული უკონტროლობა აწყობდა, ხოლო ედუარდ შევარდნაძე ყველა უბედურებას (მათ შორის ბიუჯეტის შეუსრულებლობას) „სეპარატისტულ“ რეგიონს აბრალებდა.
რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, უკმაყოფილების ისარი არა მარტო ასლან აბაშიძეზე, არამედ, მთლიანად აჭარლებზე იყო მიმართული, რომლებიც ვითომცდა საქართველოსგან იზოლირებას ცდილობდნენ. სხვათა შორის, ჩოლოქის თემას მიეძღვნა ასევე მწვავე სტატია ჩემდამი რწმუნებულ ყოველკვირეულ გაზეთში „ბიზნეს-კურიერი“, სადაც აჭარის ლომის“ თვითნებობაზე და ცენტრის უსუსურ პოლიტიკაზე იყო საუბარი. თუმცა, არც ერთხელ აჭარა და აჭარლები პატივისცემისა და სიყვარულის გარეშე არ გვიხსენებია, არც შეიძლებოდა სხვანაირად, რადგან კუთხური სეპარატიზმი ჩემთვის აშკარად მიუღებელია. მეტიც, ძალიან მაღიზიანებს, რომ „მეგრულ სეპარატიზმზე“ იწყებენ საუბარს.
ღმერთმა ქნას, ჩვენ ვცდებოდეთ და აჭარაში ყველაფერი თავის ადგილზე იყოს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს ასე არ არის!..
მე კრიტიკული კომენტარების შემდეგაც მქონდა საუბარი აჭარელ მეგობრებთან, მათაც ეხამუშათ ცინცაძის გამონათქვამი, მაგრამ არ დაუმალავთ, რომ სიტუაცია საგანგაშოა და დროული რეაგირება სჭირდება - რეაგირება უპირველესად ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს, რომ სიტუაცია ხელიდან არ გაექცეს!
P.S. ერთ-ერთმა აჭარელმა ჩემი გუშინდელი სტატიისადმი მიძღვნილ კომენტარში მისაყვედურა, თუ რას ვგულისხმობდისიტყვა: „აჭარელ ქართველებში“.
ვპასუხობ: დღეს აჭარაში ბლომად ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, რომლებსაც მიუხედავად დროებითი და მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა, აჭარლებად (ტრადიციული გაგებით) არ მოვიაზრებ. სწორედ ამის გასამიჯნად ვიხმარე ტერმინი „აჭარელი ქართველები“.
მართლაც ნუ ვეძებთ კატას ბნელ ოთახში, როცა ის იქ არ არის!
ზაურ ნაჭყებია