ტარიელ ხარხელაური: ქართული მწერლობა თუ მოვკალით, ამით ქართული სულიც მოკვდება!

ტარიელ ხარხელაური: ქართული მწერლობა თუ მოვკალით, ამით ქართული სულიც მოკვდება!

 -  ბატონო ტარიელ, მეოცე საუკუნემ მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქის ნაწილი იყო, არსებითად შეუწყო ხელი  ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარებას - იდეოლოგიური წნეხი არ უშლიდა ხელს შექმნილიყო  ღირებული ნაწარმოებები, რა ხდება დღეს ქართულ მწერლობაში და საით მივდივართ?

-  იმ წნეხს ჰქონდა გარკვეული დადებითი ფუნქცია - როდესაც გონება წნეხს განიცდის, უფრო მეტად გიჩნდება მოძრაობის უნარი, მეტს ფიქრობ. როდესაც გონება თავისუფლდება ყველაფრისაგან, აღარ ფიქრობ არაფერზე, აღარ მუშაობ შენს თავზე. ერთობ მიმზიდველი რომ ჰგონიათ პოეტის მანტია - არადა, საკმაოდ მძიმეა.

მე ზოგჯერ სიგიჟემდე მივყავარ ამ სახელს (პოეტს) - როგორ შეიძლება პოეტი იყო და შენ ეს გიხაროდეს. კი არ უნდა გიხაროდეს, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე...  გონიათ ვინც ლექსის ფორმასოთხტაეპიან სტრიქონს ქმნის, ის უკვე ლექსია, შედარებით პოპულარულებიც არიან...ღირებულს ყოველთვის უჭირდა. არ უჭირთ იმათ, ვინც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. ჩვენ არ ვუყენებთ საკუთარ თავს მოთხოვნილებებს - შენ თუ მხოლოდ საზოგადოების შეფასებულ ლექსს  დაეყრდენი, ბრავოსა და ტაშის ცემამ გაგიტაცა, - ვერ განვითარდები.

ხიბლიდან უნდა გამოხვიდე, ძიების პროცესი მთავრდება და შემოდის ვულგარული ელემენტები, ტაში გაქვს, შემოსავალი გაქვს, კლავ ამით საკუთარ თავსა და შემოქ-მედებას.

-   თქვენის აზრით, დღეს რა უფრო სჭარბობს თანამედროვე ქართულ პოეზიაში?

- ამას ვერ დავარქმევ ქართულს (გამონაკლისების გარდა). დიახ, ყველაფერია ქართულის გარდა! ჩვენ ვართ მიმბაძველები.

პოეზიასა და ლექსს შორის განსხვავებაა - პოეზიას სულ სხვა დანიშნულება აქვს. ლექსი შეიძლება დღევანდელი  ეპოქის სუნთქვით სუნთქავდეს, პოეზია ეპოქას წინ  უსწრებს და სხვა განზომილებაში გაყავხარ. ყოველთვის სიახლეს უნდა ეძებდე. დღეს გაგიტაცა ფილოსოფიურმა აზროვნებამ ლექსში - ხვალ უნდა შეცვალო. ლირიკაში უნდა ეცადო რაცშეიძლება სუფთა შეიტანო, შენი თავი არ უნდა გააფუჭო, უნდა ზარდო პოეზიის მოთხოვნილების შესაბამისად. როგორიც ლექსია, უნდა შეეცადო დაემსგავსო ნაწილობრივ მაინც, არ უნდა იყოს შენი ცხოვრება განსხვავებული, რასაც წერ, ის უნდა იყო და შესაბამისადაც უნდა იცხოვრო!

დღეს ტკივილის გარეშე დადიან, ცრემლის გარეშე დადიან. უნდა შეძლო და ცრემლში იმედი დაინახო თუ პოეტი ხარ. ტრაგედიიდან სიხარული უნდა შექმნა, სიკვდილიდან- სიცოცხლე. ზოგჯერ შეიძლება სიცოცხლე უფრო საშინელების შემცველი იყოს, ვიდრე სიკვდილი, არ უნდა შექმნა ტრაგედია არც ერთისგან. ორივე უნდა აკონტროლო, თუშემოქმედი ხარ.

- ქართული მწერლობის კრიტიკა დღეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ნათქვამია: - ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქვაო. თქვენის აზრით რატომ გაჩუმდა ქართული კრიტიკა და მომავლში რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამან?

- აქედან დავიწყოთ, შედეგი სახეზე გვაქვს. ჩვენ ვერიდებით შემოქმედს ვუთხრათ სიმართლე.ვცდილობთ რომ ყველასვასიამოვნოთ. საღამოეებზე რომ დავდივარ სულ მგონია გალაქტიონი თუ არა, სულმცირე ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი მაინც დგას ჩემს  წინაშე. ისეთ სიმაღლეებს უძებნიან საზომად გენიალური, შეუდარებელი დიდი პოეტი და ა.შ.

იმას კი არ ვფიქრობთ რომ ვღუპავთ იმ შემოქმედს, ხიბლში ვაგდებთ. სახლში რომ მიხვალ, მაინც ხომ უნდა შეგრცხვეს არ იყავი მართალი იმ ახალგაზრდა ბავშვის მიმართ, ვინც კალამი აიღო ხელში და შენგან ელოდა სამართლიან შეფასებას. უნდა უთხრა სიმართლე, თუ რა აკლია მის ლექსს, რომ გაითვალისწინოს... იმაზე მეტი არ უნდა უთხრა, რაც არის, პირიქით იმაზე ნაკლები უნდა უთხრა, გაუჩნდეს სურვილი საკუთარ თავთან უფრო მეტი გააკეთოს. მე რომ ვუთხრა მისი შემოქმედება სრულყოფილია, ერთხელ ვეტყვი, ორჯერ, მესამეჯერ დამიჯერებს - იმიტომ რომ ჩემი სჯერა.

მე მრცხვენია სცენაზე რომ გამოვდივარ და იტყვიან - პოეტი ტარიელ ხარხელაური. ეს სახელი მაშინებს(პოეტის) და ყველას ვურჩევ ძალიან ფრთხილად ატარონ. პოეტს არ სჭირდება დიდი და პატარა ეპითეტი - პოეტი პოეტია და აღარ სჭირდება რაიმეს დამატება. შენ უნდა იყო მზად ქებისთვის, მაგრამ არ უნდა მიიღო!..

-  დღეს ძალიან უჭირს ქართულ მწერლობას, კულტურის წარმომადგენლებს, თქვენის აზრით არის თუ არა სახელმწიფო ვალდებული იზრუნოს ერის სულიერგანვითარებზე?

-  ვალდებული კი არა, ეს მისი პირველი დანიშნულებაა, ქართული მწერლობა თუ მოკალი, შენ მოკლავ ქართულ სულს!

რატომ არ მიყვარს მწერლებს შორის დაპირისპირება ? ჩემთვის მწერალი არის რაღაც სხვა განზომილება. მწერალი ცოტა უკეთესი მაინც უნდა იყოს, ვიდრე საზოგადოება, ის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. სახელმწიფო მგონია როგორც ცხენი, საზოგადოება - მხედარი, რაც მეტს მიუშვებ ცხენს, უფრო მეტად ასრულებს თავის სურვილს. შენ ამ დროს აღვირს უნდა მართავდე. შენ ეს მართვის ფუნქცია ხელისუფლებას გადააბარე, საზოგადოება შემკვეთი კი არა, მხოლოდ მიმღებია...ღებულობ იმას, რასაც გაძლევენ. რაზე უნდა გვიხდებოდეს იმაზე ბრძოლა, რაც თავისთავად უნდა მოდიოდეს.  საზოგადოება უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე!

-  ბატონო ტარიელ ადრე, ავად თუ კარგად არსებობდა მწერალთა კავშირი. ეს კავშირი შუაზე გაიხლიჩა, თუმცა რაიმე ეფექტი არც მეორე დაჯგუფებიდან ჩანს. რამდენადაც ვიცით ივნისის ბოლოს ტარდება მწერალთა ყრილობა რა შედეგებს ელოდებითმისგან?

-  როგორც კი მწერლობა ორად გაიხლიჩა, მე დავტოვე მწერალთა კავშირი და ყოველგვარი მსგავი სხვა გაერთიანება. მწერალს გარდა ქვეყნის სამსახურისა და სიყვარულისა სხვა ამბიცია არ უნდა გააჩნდეს.ეს ჯერ ადამიანური მოვალეობაა, მითუმეტეს, მწერალს განსაკუთრებით ევალება. კარგიც და ცუდიც ჩვენი გასაღებია. კარგი გავიღოთ - არ ჯობია?!

ჩემთვის ძალიან ტრაგიკული იყო, როცა გავიგე მწერლობა შუაზე გაიხლიჩა. მწერალი არ უნდა ფიქრობდეს - რა მჭირდება, რა შემიძლია გამოვგლიჯო თუნდაც  სახელმწიფოს. მწერალი იმაზე უნდა ფიქრობდეს, თუ ხვალ რა დასჭირდება თავის ქვეყანას. კუჭის კარნახით ვცხოვრობთ, კუჭი გვკარნახობს სამშობლოს სიყვარულს, პოეზის ხარისხს... ამ შედეგამდე მაამებლურმა პოზიციამ და ყველაფერზე თვალის დახუჭვამ მიგვიყვანა. ჩემი თაობა უნდა გავიდეს მწერალთა კავშირიდან. ჩემმა თაობამ რაც გააკეთა, იმით უნდა დაკმაყოფილდეს - ვეღარ შეიცვლის აზროვნებას. მე ვერანაირად შევიცვლი აზროვნებას - როგორც მიყვარდა ჩემი სამშობლო ოცდაათი წლის წინ, დღესაც ისე მიყვარს. ახალგაზრდა თაობა უნდა მოვიდეს სათავეში, რომელმაც იცის, რა სტკივა სამშობლოს-სისხლი უნდა გამოიცვალოს. ახალგაზრდა თაობას არ აქვს დაქსაქსვის უფლება, არ უნდა გავთითოკაცდეთ.

-  იქნებ ორიოდე სიტყვით გვითხრათ თქვენს შემოქმედებაზე და რა გეგმები აქვს პოეტ ტარიელ ხარხელაურს?

-  მკითხველთან ყოველთვის მაქვს მოსაბოდიშებელი, იმაზე მეტ ყურადღებასა და სიყვარულს მაძლევენ, ვიდრე ვიმსახურებ. მე ხშირად მითქვამს, ეს სიყვარული ჩემთვის უფრო ძნელი საზიდია, ძალიან დიდ  პასუხისმგებლობას მაკისრებს მკითხველის მიმართ. რამდენიმე დღეა გამოვიდა ჩემი ახალი კრებული „ბრძანე მოძღვარო“ რომელი უწმინდესსა და უნეტარეს მივუძღვენი. შემოდგომიდან დავიწყებ  ახალ წიგნზე მუშაობას, მზად მაქვს მასალები ახალი ლექსებით და ერთი პოემა დაემატება, რომელიც ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური ჟანრისაა. კიდევ ერთხელ მადლობა მკითხველო, იმ დიდი სიყვარულისთვის, რასაც ჩემს მიმართ გამოხატავთ...

 

ესაუბრა გიორგი მოსიაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: