კონსტანტინე გამსახურდია:-"არჩევნებში ბევრი სიშლეგეა მაინც"...

კონსტანტინე გამსახურდია:-"არჩევნებში ბევრი სიშლეგეა მაინც"...

     კონსტანტინე გამსახურდია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

   -"ჩაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმაც. თუკი შევაფასებთ მძიმე უახლესი წარსულის გათვალისწინებით, ასევე გეოპოლიტიკური დაპირისპირების მიჯნაზე მყოფი ქვეყნის კვალობაზე შესაძლოა ითქვას, რომ სრულიად ჩვეულებრივად ჩაიარა. 

   უახლესი ისტორია ძალაუფლების და ადმინრესურსების ბოროტად გამოყენებით, ასევე პირდაპირი ძალმომრეობებითაა სავსე. 

   გეოპოლიტიკური დაპირისპირების მიჯნა კი განაპირობებს იმას, რომ თითოეული ჩვენი არჩევნები მარტო ჩვენი საქმე არ არის. სადმე ანდორაში, ლუქსემბურგში ან პორტუგალიაში (რომლებიც არ ემიჯნებიან რუსეთს და ახლო აღმოსავლეთის ნევრალგიური კვანძიდან არ არიან სულ რაღაც 800-1000 კილომეტრით დაცილებულნი) სულ სხვანაირი ხასიათი ექნებოდა ამ ელექტორალურ პროცესს. 

   თუკი ჩვენი წარმმართველი პარტიების ძირითად კონტინგენტს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ პუტინის რუსეთთან კაპიტულაციას არავინ ემხრობა. ასეთნი, ვიზეც იფიქრებ, რომ შესაძლოა ამაზე წავიდნენ, მაინც მარგინალურ ზონაში რჩებიან. ეს ჩვეულებრივი ამბავია: გასული საუკუნის ევროპის ისტორიის მიმოხილვისას ვხედავთ, რომ 1941-1945 წლებში ჰიტლერულ რაიხთან მეზობლობის გამო გერმანულ შვეიცარიაში (ოკუპირების საფრთხის ქვეშ მყოფში) საკმაოდ ძლიერი იყო ჰელვეტოფაშისტური პარტია, ხოლო ავსტრიაში გერმანიასთან "ანშლუსამდე" (ანუ შეერთებამდე) და მერეც - ავსტროფაშისტური პარტია. თუკი მკითხავდით, რამდენად სამართლიანი პროცესია არჩევნები, გიპასუხებდით: მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია ამაზე უკეთესი სისტემა, მასში ბევრი სიშლეგეა მაინც. 

   გრიგოლ რობაქიძე ამბობდა რადიოთი გამოსვლისას: "ბოლშევიკები ამბობენ, ხალხურ დემოკრატიას ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ გამოთქმაშიც ჩანს. "დემოს" ბერძნულად ნიშნავს ხალხს. მაშ რა გამოდის, ხალხური ხალხოკრატია?" უმჯობესი იქნებოდა ეთქვათ, დემონოკრატიას ვამყარებთო, განაგრძობს ის. დემოკრატიის და ლიბერალიზმის ერთი უბედურება ისაა, რომ ჭეშმარიტება არა მასში განივთებული აზრისმიერი ენტელექიით, შემეცნებითი რეალური მიღწევებით, არამედ ხმების რაოდენობით იზომება. თავის დროზე კარგი იქნებოდა ეთქვა მერაბ მამარდაშვილს, (აი, თუნდაც მაშინ, როცა განაცხადა, ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგასო...) რომ ჭეშმარიტება ხმების რაოდენობაზე შეუდარებლად მაღალი კატეგორიაა. ირჩევენ არა იმას, ვინც ყველაზე ახლოა ჭეშმარიტებასთან, არამედ იმას, ვინც ყველაზე ბევრ ხმას მოაგროვებს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: