"გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, ესაა გზა აფხაზეთისკენ!"
2014 წლის 8 ივნისს დილის 9 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გზა აფხაზეთისკენ" გაემართა ყველა აფხაზეთელისთვის რთულ და საოცნებო გზაზე, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით ენგურის ხიდთან მთავრდება. გზად მიმავალმა ორგანიზაციის წევრებმა გადავწყვიტეთ ერთ-ერთ რესტორანში გვესაუზმა, შემთხვევით აღმოჩნდა, რომ რესტორნის მეპატრონე და მომსახურე პერსონალი იყვნენ აფხაზეთელები და მათთვის ჩვეული სტუმართმოყვარეობით გაგვიმასპინძლდნენ. საუბრისას ბევრი საერთო ახლობელი გავიხსენეთ და იმ ლამაზ წარსულზე ვისაუბრეთ რაც აფხაზეთთან გვაკავშირებდა. იქვე გავუმხილეთ მათ ჩვენი მგზავრობის შესახებ, რამაც მათი სიხარული გამოიწვია, ენგურს იქით მცხოვრებ ქართველებთან მოკითხვა დაგვაბარეს და ქართული წესით და ადათით შორ გზაზე მიმავალთ გზა დაგვილოცეს.
ქალაქ ზუგდიდში ჩასულებს ათამდე აფხაზეთელი შემოგვიერთდა, რომელთაც გამოთქვეს სურვილი შეერთებოდნენ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას. ხიდთან მისულებს გული საოცრად არაორდინალურად გვიძგერდა, რთულია ახსნა ის განცდა რაც იმ მომენტში თითოეულმა ჩვენგანმა განიცადა. ეს იყო სწორედ იმ სიყვარულის და უსამართლობის შეგრძნების განცდა, რომელსაც ერთად ვერ იტევდა გული. ძნელია იდგე საკუთარი სახლის ზღურბლთან და ვერ შედიოდე მასში. 21 წლის მანძილზე ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ენგურის ხიდზე მდგარმა ვიცოდი, რომ აქედან, დიდი სურვილის მიუხედავად არა აფხაზეთში არამედ ისევ თბილისში გამოვემგზავრებოდი.
ენგურის ხიდზე გამეფებულ სიჩუმეს არღვევდა ცხენზე მიბმული ურიკების ჭრიალი, რომელსაც ორივე მიმართულებით გადაჰყავდა გალში მცხოვრები ქართული მოსახლეობა, იქ იყვნენ ძირითადად შავებში შემოსილი ქალბატონები, რომლებიც თითქოს უნდობლობით იყვნენ კამერების მიმართ განწყობილნი და ცდილობდნენ სახე დაეფარათ. ჩვენ ვცადეთ მათთან გასაუბრება სამწუხაროდ უმეტესწილად უშედეგოდ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გარკვეულ ჯგუფთან კონტაქტი და გავაცანით ჩვენი იქ ყოფნის მიზანი, ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მათ თვალებში თითქოს იმედის ნაპერწკალმა გაიელვა, რადგან ჩვენ, დევნილებთან დაკავშირებული სტრუქტურების ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ვეგონეთ, რომელთა მიმართაც ამ ადამიანებს სამწუხაროდ ნდობის ფაქტორი არ გააჩნიათ.
2014 წლის 8 ივნისი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გზა აფხაზეთისკენ"" ჯგუფის წევრებისთვის იყო ემოციურად ძალზედ დატვირთული, ჩვენ ფაქტობრივად გავიზიარეთ იმ ადამიანების განცდები, რომლებიც ჩანთებით დატვირთულები მოძრაობენ 1993 წლის აფხაზეთის ომის შედეგად ეულად მიტოვებულ ენგურის ხიდზე და თითქოს ჩვეული რითმით განაგრძობენ რთულ პირობებში ცხოვრებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გზა აფხაზეთისკენ"" გუნდის სახელით მინდა მოვუწოდო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობას გაერთიანებისკენ, რადგან ჩვენი სიძლიერე სწორედ ჩვენს ერთობაშია, ხოლო ჩვენი ერთობა ჩვენი ხალხების შერიგების გარანტია!
ასევე მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.
ბატონო ირაკლი,
აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის პროგრამას, სადაც აღნიშნულია დევნილი საზოგადოების პრობლემის მოგვარების საკითხები, როგორიცაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ავტონომიების მთავრობების საქმიანობის პრინციპებეის შეცვლა. ცენტარლური სტრუქტურებიდან დევნილებთან დაკავშიებული საკითხების მათზე გადაცემა და მართვა, აგრეთვე არჩევნების გზით დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოების დაკომპლექტება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან და გავიზიაროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა.
პატივისცემით,
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გზა აფხაზეთისკენ"