შეიქმნა ქვეყნის მიგრაციის პროფილი
"საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციისათვის, ევროკავშირთან თანამშრომლობის 4 თვის შედეგების" ანგარიშის პრეზენტაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციისათვის, ევროკავშირთან თანამშრომლობის 4 თვის შედეგები შეაჯამა.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სამინისტროს უკვე აქვს ხელშესახები შედეგები მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით. სათანადო დახმარება სამშობლოში დაბრუნებულ ასობით ჩვენს თანამემამულეს გაეწია, რისთვისაც გაიხსნა მობილურობის 4 ცენტრი: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში.
ეს არის ევროკავშირთან თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი, რომლითაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ხვდება. საქართველოში იძულებით თუ ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის საკითხი, განსაკუთრებით ხაზგასმულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის დოკუმენტში. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, ამ მიმართულებით, ევროკავშირთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავოს, რაც ხელს შეუწყობს უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას. სამინისტრომ ემიგრაციიდან დაბრუნებულ 2000-მდე თანამემამულეს უკვე გაუწია შემდეგი სახის დახმარება: დროებითი თავშესაფრით უზრუნველოფა, დასაქმების ხელშეწყობა, მიკრობიზნესის დაფინანსება, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი პროფესიული სწავლების კურსის შეთავაზება, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. "მობილურობის ცენტრის" საშუალებით, ბიზნეს კონსულტაცია გაეწია მიგრაციიდან დაბრუნებულ 47 ადამიანს, დაფინანსდა 18 ბენეფიციარის ბიზნეს პროექტი.
მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ შექმნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. კომისიის მუშაობის ფარგლებში , სახელმწიფო უწყებების აქტიური მონაწილეობით, შეიქმნა ქვეყნის მიგრაციის პროფილი, შემუშავდა მიგრაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.