გოგი ლორთქიფანიძე:-"არანაირი მორატორიუმი და აკრძალვა არასდროს იძლევა შედეგს"

გოგი ლორთქიფანიძე:-"არანაირი მორატორიუმი და აკრძალვა არასდროს იძლევა შედეგს"

  "სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ცენტრის" ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე ეხმაურება, 2014 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე: "ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა. სადავო ნორმის მიხედვით,  2014 წლის 31 დეკემბრამდე უცხოელ ფიზიკურ პირებს შეჩერებული ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენის  უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით, არაკონსტიტუციურად  ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა სადავო ნორმა.

   -"ამ ნაბიჯით ყველა უცხოელ, საქართველოს არარეზიდენტ ფიზიკურ პირს  და იურიდიულ პირს მიეცა უფლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მუდმივ ფლობელობაში შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზე. იმ დროს, როდესაც კანონი "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" არ არის მოყვანილი შესაბამისობაში საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების და მისი ინტერესების დაცვის კუთხით,   საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და ზოგადად საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის აბსოლიტურად არასახელმწიფოებრივი და  საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს განვითარებას.  არ შემეშინდება შეფასების, რომ ასეთი მიდგომა საკითხისადმი  სახელმწიფო დანაშაულია და ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასი ქმედებაა. ამას უკვე არაფერი ეშველება, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და  ამ გადაწყვეტილებამდე ის მიიყვანა იმ არასახელმწიფოებრივმა ხედვამ  სასოფლო - სამეურნეო მიწასთან მიმართებაში, რაც გააჩნია დღევანდელ ხელისუფალს.

   ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ თუნდაც არარეზიდენტმა პირმა შეიძინოს ან ხანგრძლივი იჯარით სარგებლობაში აიღოს  სასოფლო-სამეურენო მიწა, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი პროცესი და არა ისე, როგორც დღევანდელ სინამდვილეშია  და საქმე გვაქვს, დანაშაულებრივ, ქაოსურ, ყოველგვარ  კონტროლს მოკლებულ სიტუაციასთან.

   გამოსავალი არის ერთადერთი, საქართველომ უნდა მიიღოს მიწათსარგებლობის ახალი კანონი. თუ საქართველომ არ მიიღო ეს ახალი კანონი, არაფერი გამოვა, იმიტომ რომ არანაირი მორატორიუმი და აკრძალვა არასდროს იძლევა შედეგს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც აკეთებს მთელი მსოფლიო

   დღეს, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა უდიდესი სიფრთხილით ეკიდება ამ საკითხის რეგულაციას და მნიშვნელოვან საკანონმდებლო ბარიერებს აწესებს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის მსურველი არარეზედიდენტი პირების წინაშე. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, დანიაში იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კანადის რამდენიმე პროვინციასა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში აკრძალულია მიწის უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ შესყიდვა.

   ბოლოს მინდა მოვიყვანო ამონარიდი გერმანიის საკონსტიტუციო ფედერალურმა სასამართლოს ერთ-ერთ განმარტებიდან მსგავს საკითხზე:-"იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწა არ ექვემდებარება გამრავლებას და შეუცვლელია, აკრძალულია მისი გამოყენების სრულად მინდობა და დათმობა თავისუფალი ძალების განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. სამართლიანი სამართლებრივი და საზოგადოებრივი სისტემა მოითხოვს მიწის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესების მეტად გათვალისწინებასა და გამოხატვას, ვიდრე სხვა ქონებრივი სიკეთეების შემთხვევაში. არც სახალხო-სამეურნეო მოსაზრებიდან და არც მისი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიწა ავტომატურად გაუთანაბრდეს სხვა ქონებრივ სიკეთეებსა და ღირებულებებს, სამართლებრივ ბრუნვაში კი იგი ვერ იქნება მიჩნეული და მიღებული, როგორც უძრავი საქონელი".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: