ვახტანგ ჟორდანია:-"სახელმწიფო უნდა ჩადგეს მოსახლეობასა და ბანკს შორის გარანტორად, რისკები დააზღვიოს და აიღოს ვალდებულებები"
"საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ" პარტიას ნოე ჟორდანიას დროიდან მოყოლებული დიდი ისტორია აქვს, თუმცა თანამდეროვე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოჩნდა, როცა პარტიის ლიდერი ვახტანგ ჟორდანია "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ნავთლუღის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, ახლა კი პარტია გააქტიურებას და პოლიტიკურ არენაზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის ნიშის დაკავებას აპირებს. თუ როგორ აპირებს ახალი სახე პოლიტიკაში შემოსვლას, არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას და ხალხის ნდობის მოპოვებას, ამაზე თავად პარტიის ლიდრი გვესაუბრება.
_"ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ხშირად ვსაუბრობთ-ხალხს რა უნდა მიაწოდო, როგორ უნდა შესთავაზო პოლიტიკოსმა შენი თავი, რომ დაწეული პოლიტიკური აქტივობა, რომელიც არჩევნებმაც აჩვენა წამოწიო და გააღვივო. კარგად ჩანს, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ქმნის ამინდს, სურს სამართლიანობის აღდგენა. ეს საზოგადოების აქტიურ ნაწილს ეხება, თორემ საქართველოში ყოველთვის იყო და იქნება პასიური ნაწილი, რომელიც მიყვება დინებას და არ სურს თავისი პოზიციის დაფიქსირება.
-და მაინც, რა უნდა გააკეთოს პოლიტიკოსმა, რომ ხალხმა მისი ირწმუნოს და თუნდაც ელემენტარულად, არჩევნებზე მივიდეს?
-ვფიქრობ, დღევანდელ დღეს უფრო ხისტი და მკაცრი პოლიტიკა უნდა აწარმოო, მაგრამ ეს თემატური უნდა იყოს. სამწუხაროდ მყვირალა განცხადებების ფონზე ხალხი ყველას დაავიწყდა. პოლიტიკოსი არ უნდა იყოს პოპულიზმზე აგებული და კონკრეტული თემატური გზავნილები უნდა ჰქონდეს. აუცილებელია, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იყო სამართლებრივად მყარად მართალი და მთელი პოლიტიკაც სამართლებრივად აწარმოო. არ არის საჭირო მაღალ ღირებულებებზე და მატერიებზე საუბარი, მთავარია ის საქმე აკეთო, რაც ხალხს წაადგება. თუ ჩვენ თავად არ განვვითარდით, მაშინ რომელ ევროპაზე და რომელ ნატოზეა საუბარი? კი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, რომელიც მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ თუ თვითგანვითარება არ იქნა, ამ სიკეთეს ვერ იგრძნობს ხალხი.
-რადგან ასოცირების ხელშეკრულება ახსენეთ და თქვით, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია, იქნებ გვითხრათ, რითი არის წინგადადგმული ნაბიჯი?
-სამწუხაროდ მოსახლეობამ არ იცის ფუნდამენტურად ამ ხელშეკრულების შინაარსი, მაგრამ ახლა მოდით ამას თავი დავანებოთ და ვთქვათ ასე-ამ ასოცირებას ერთგვარი ფორმალური დატვირთვა აქვს. ეს არის უფრო მეტი სიახლოვე ევროპასთან და ევროინტეგრაციისთვის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ კიდევ რომ დავუახლოვდეთ ევროპას, ამოქმედდეს უვიზო რეჟიმი, უფრო კარგი იქნება და მთავარია ეს ყველაფერი ქაღალდზე არ დარჩეს და პრაქტიკულად განხორციელდეს.
-ამბობენ უვიზო რეჟიმი მიგრაციას გამოიწვევსო, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
-მიგრაცია დღესაა, რომელიც გაჭირვების ფონზეა შექმნილი და იწვევს მოქალაქეების გადინებას სამუშაოს საძებნელად, უვიზო რეჟიმის დროს მიგრაცია კი არ იქნება, არამედ ტურიზმი განვითარდება, ფული რომ მისცე ხალხს, ბათუმში კი არ წავა დასასვენებლად, არამედ წავა საზღვარგარეთ.
-მაგრამ ამას შეძლებენ ერთეულები, წასასვლელი ფული სად იშოვოს მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა?
-აი, ეს არის დღეს ყველაზე მთავარი საკითხი-ქვეყანაში ეკონომიკა უნდა განვითარდეს.
-როგორ ფიქრობთ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკის განვითარებისათვის?
-ჩემი ხედვით, ეკონომიკა ვერ განვითარდება მხოლოდ თქმით-წარმოებები შეიქმნასო, წარმოებებს ვერავინ ვერ შექმნის ხელის ერთი მოსმით, უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს საბანკო სექტორის ლიბერალიზაცია მოსახლეობაზე, თუ მიდგომა იქნება ასეთი, რომ ბანკი ეწევა კომერციულ საქმიანობას და ვერ დავავალდებულებთ, შედეგი არ იქნება, სწორედაც უნდა მოხდეს მათი დავალდებულება, რადგან საბანკო სექტორის მხრიდან არანაირი ბანკის პოზიციები არ არის, ეს არის მევახშეობის და ჩვეულებრივი მოტყუების პოზიციები. ჯერ მარტო საპროცენტო განაკვეტებზე რომ ვისაუბროთ, ამბობენ რომ ეს შეადგენს 11%-ს, მიდიხარ და რეალურად გხვდება 20-30%-ანი სესხები. რა ხდება რეალურად? მიდიხარ ბანკში, ითხოვ სესხს და ხედავ, რომ არ გაძლევენ სესხს, თუ არა ხარ მყარი გარანტიით უზრუნველყოფილი და არ გაქვს წარმატებული ბიზნესი, რომელიც ამ გადასახადებით და სხვადასხვა შეტენილი ბარათებით თანდათან ხდება არაწარმატებული და ხდება მაქსიმალური ჩათრევა. არც ერთი სესხი მცირე მეწარმისთვის არ არის გაცემული ხანგრძლივი ვადით, აი, თავიანთ ჯგუფებზე კი საკმაოდ დაბალპროცენტიანი სესხებია გაცემული და თან გრძელვადიანი. დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბანკთან ვალშია, ზოგი ასე თუ ისე ართმევს თავს, უმეტესობა კი უკვე დანის პირზე დადის, ამ მდგომარეობაში ბანკებმა იმიჯი რომ შეინარჩუნონ, ჰყავთ პიროვნებები, რომელთაც აძლევენ თანხას და ეს ადამიანები ხდებიან კერძო იპოთეკარები, მაგრამ სინამდვილეში მათ უკანაც ბანკია. ამ დროს, რეალურად ბანკი არაფერ შუაშია და სუფთად გამოდის, თუმცა კიდევ უფრო ზარალდება მოსახლეობა. ერთი სიტყვით ბანკს მიაქვს ბიზნესის მოგებაც, საბრუნავი კაპიტალიც და სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ვითარდება.
-და გამოსავალი?
-ბანკი უნდა იძლეოდეს "სტარტ-კაპიტალს", რომ ადამიანები კერძო იპოთეკარებთან არ წავიდნენ. უნდა მოხდეს ვალების რესტრუქტურიზაცია-რისკების მიუხედავად კერძო იპოთეკები უნდა ჩაანაცვლონ ბანკებმა. ბანკმა უნდა მისცეს სესხი და გადაფაროს კერძო იპოთეკა, გაუხანგრძლივოს ვადაც და ეს ხალხს საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ სახლებიც და ბიზნესიც. დღეს ხალხი გაბოროტებულია, ყველაფერზეა წამსვლელი, ამიტომ სამომავლო რისკების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო უნდა ჩადგეს მოსახლეობასა და ბანკს შორის გარანტორად, რისკები დააზღვიოს სახელმწიფომ და აიღოს ვალდებულებები თავის თავზე. მთავრობა იმისთვის არ არის, რომ გამდიდრდეს, მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის კეთილდღეობისთვის და თავად ქამრები შემოიჭირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ ხეკ-კეტს.
-პრემიერის ახალი ინიციატივა-"აწარმოე საქართველოში" რამდენად დაეხმარება ეკონომიკის განვითარებას და რამდენად შეძლებს მოსახლეობა ამ ინიციატივით სარგებლობას?
-"აწარმოე საქართველოში" კარგია, თუ განხორციელდა, დღეს ფაქტიურად არ ხორციელდება. თანაინვესტირების ფონდმა ისევ მსხვილ მეწარმეებზე გასცა სესხი, რიგითი მეწარმეები ჯერ ისევ თამაშგარე მდგომარეობაში არიან. ამ ფონდმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს გამოცდილება, ელემენტარული ბიუჯეტში წინა წლებში შეტანილი თანხები. დღეს ჩემი აზრით, "აწარმოე საქართველოში" არის ერთგვარი იდეების ბანკი და საუკეთესო იდეას თავად განახორციელებენ. ეს ინიციატივა რომ ამუშავდეს, უნდა შეიცვალოს ის ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც დღეს მოქმედებს და აუცილებლად შესაცვლელია. სახელმწიფომ თავად უნდა შექმნას ამ თანაინვესტირებიდან საწარმოები და ააშენოს ქარხნები, ამისთვის თუნდაც თანაინვესტორები შემოიყვანოს, არა ის, რომ გლეხს უთხრა-ბაზარი გახსნილია და წაიღე პროდუქციაო. სად წაიღოს, როგორ წაიღოს? გლეხისთვის მომგებიანია ადგილზე იქნას შესყიდული მისი პროდუქცია და ამით თანხაც დაეზოგება და დროც. ამას არ უნდა "ახალი ველოსიპედის" გამოგონება, მთავარია კეთილი ნება და საქმე წინ წავა და თან წავა ისე, რომ ხალხს გამოაგდება. ყველაფრის ამომავალი წერტილი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება, ისეთი ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომელიც ქვეყნის გამდიდრებაზე იქნება ორიენტირებული და არა საკუთარი თავის გამდიდრებაზე. ეკონომიკამ უნდა შემოაბრუნოს ჩვენსკენ აფხაზეთი და ოსეთი, ამიტომ აუცილებელია ამ სფეროს ირგვლივ საკმაოდ ნაყოფიერი და პრაქტიკული მუშაობა.
-ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება ვისაუბროთ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე და მკითხველს თქვენეული ხედვა მივაწოდოთ, ახლა კი მოდით ორი სიტყვით გვითხარით, როგორ შემოხვალთ აქტიურ პოლიტიკაში?
-მე არ მინდა ჩემი პოლიტიკური კარიერა ავაგო სხვის ლანძღვაზე. ჩემი მიზანია განსხვავებული პოლიტიკა შემოვიტანო, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსტრუქციულ სახითხებზე და თემატიკაზე. მე მინდა მოსახლეობას არასდროს ვაგინებინო თავი და მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მასზე ზრუნავს.